დედა ღამურები ნაშიერებს "ენის მოჩლექით" ესაუბრებიან
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მდედრი დიდი ჩანთოსანი ღამურები საკუთარ ნაშიერებს სპეციალური "საბავშვო ენით" ესაუბრებიან. პატარები ამ დროს ხმის გამოყენებას სწავლობენ, დედები კი იმავე ბგერებით პასუხობენ, რომლებიც მხოლოდ მოცემული ასაკის ნაშიერებისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ჩანს, ისინი შვილებს სწავლის პროცესში ამგვარი წახალისებით ამხნევებენ.
დიდი ჩანთოსანი ღამურები ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ. ისინი საკუთარი კომპლექსური ხმოვანი სიგნალებით არიან ცნობილნი, რომელსაც არშიყობისთვის და ზოგადად კომუნიკაციისთვის იყენებენ.
ნაშიერები ხმის გამოყენებას პირველი სამი თვის განმავლობაში სწავლობენ. როდესაც ისინი ამ პროცესში იმყოფებიან, დედა ღამურები მათთან განსხვავებულ მეტყველებას იყენებენ. ეს სპეციალურად ნაშიერისთვის განკუთვნილი მეტყველების ტიპია და ის მხოლოდ მდედრებისთვისაა დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, ნაშიერებთან მამებიც ამყარებენ კომუნიკაციას, მაგრამ ისინი მათთან საუბრისას რაიმე განსაკუთრებულ ბგერებს არ გამოთქვამენ.
"ნაშიერისთვის განკუთვნილი მეტყველება აკუსტიკურად იმავე სოციალურ ჯგუფში მყოფი მამრების მეტყველების მსგავსი უფროა, ვიდრე — სხვა ჯგუფის მამრების. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზრდასრული მამრების ვოკალი ნაშიერებისთვის განკუთვნილი მეტყველებისთვის დამახასიათებელი ნიშნების განვითარებაში ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს", — განაცხადა კვლევის ავტორმა მირიამ ნორნჩილდმა.
ბავშვურად — ასე ვთქვათ, ენის მოჩლექით — მეტყველება ადამიანებში ჩვილების ნდობის მოსაპოვებლად საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია, იგი მათ სწავლაში ეხმარება. შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ღამურების შემთხვევაშიც ასეა და ნაშიერებისთვის მსგავსი მეტყველება რიგ სარგებელთანაა კავშირში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნაშიერებისთვის განკუთვნილი მსგავსი მეტყველების ტიპი ღამურებში დაფიქსირდა, რაც სამომავლო კვლევებისთვის ძალიან საინტერესო თემატიკას წარმოადგენს.
"ამ კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სოციალური უკუკავშირი მეტყველების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თანაც არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ სხვა ბევრ სახეობაშიც. მე მჯერა, რომ ღამურები ენის საკვანძო ნიშნების შესასწავლად დამაიმედებელ საკვლევ ობიექტებს წარმოადგენენ და რომ ეს მიგნება სხვა უამრავ კვლევას დაუდებს საფუძველს", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა აჰანა ფერნანდესმა.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები