ახალი კვლევა საუდის არაბეთში მდებარე ქვის უძველეს მონუმენტებს მეტ იდუმალებას სძენს
ცოტა ხნის წინ არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ნეფუდის უდაბნოს მახლობლად, არქეოლოგებმა 7 ათასი წლის წინანდელი ქვის უზარმაზარი მონუმენტები აღწერეს. მოგრძო მართკუთხედის ფორმის ქვების წყობის წარმოშობა იდუმალებითაა მოცული, თუმცა ახალი მტკიცებულებებით მიიჩნევა, რომ ეს მონუმენტები სარიტუალო ან სხვა საზოგადოებრივი მიზნით გამოიყენებოდა.
მონუმენტები, რომელთაც მუსტატილებს უწოდებენ — რაც არაბულად "მართკუთხედს" ნიშნავს — ქვის უძველესი მასშტაბური ნაგებობებია; ისინი გიზას პირამიდების აგებამდე ათასობით წლით ადრე შეიქმნა. ასობით მუსტატილის იდენტიფიკაცია უკვე მოხდა და არქეოლოგებს სწამთ, რომ ისინი გარკვეულწილად საცხოვრებელი ტერიტორიის შემოსაზღვრასთან არიან დაკავშირებულნი იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ სიმწვანეში ჩაფლულმა რეგიონმა გაუწყლოებულ უდაბნოდ იწყო ქცევა.
მუსტატილების აღმოჩენა პირველად 2017 წელს, სატელიტური ფოტოს საშუალებით მოხერხდა. აღმოჩენის შედეგად დადგინდა რიცხვი და მასშტაბი იდუმალებით მოცული ქვებისა, რომლებიც საუდის არაბეთში, ჰარატ ხაიბარის ვულკანის ლავით დაფარულ გაუდაბნოებულ ველზე მდებარეობენ.
მონუმენტს "კარიბჭეები" უწოდეს ციდან დანახული ფორმის გამო, ხოლო აღწერილობით, ეს არის "დახვავებული ქვების ორი მოკლე, სქელი ხაზი, რომლებიც მეტ-ნაკლებად პარალელურია და ორი ან მეტი უფრო გრძელი და თხელი კედლითაა დაკავშირებული".
ამჯერად ახალი კვლევა ჩაატარა არქეოლოგების ჯგუფმა, რომელთა ხელმძღვანელიც გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის კათედრის თანამშრომელი, ჰიუ გრუკატი იყო. ნეფუდის უდაბნოს სამხრეთ კიდის სატელიტური სურათების შესწავლით მათ 104 ახალი მუსტატილის იდენტიფიკაცია შეძლეს. შემდეგ კი საველე სამუშაოზე გავიდნენ მათ ახლოდან შესასწავლად.
ჰარატ ხაიბარის მონუმენტის მსგავსად, ნეფუდის უდაბნოში მდებარე მუსტატილებიც ორი მოკლე და სქელი ზოლისგან შედგება, რომელთაც ბევრად უფრო გრძელი კედლები აკავშირებთ — მათი სიგრძე 600 მეტრზე მეტია, თუმცა სიმაღლით ნახევარ მეტრს არ აღემატებიან.
მსგავსი მშენებლობის მეთოდებს რამდენიმე მუსტატილზე შეხვდებით: შვეული ქვები მიწაზე ვერტიკალურ მდგომარეობაშია დამაგრებული, რათა კედლის მოხაზულობა შექმნან, შემდეგ კი მათ შორის სივრცე ქვების გროვითაა ამოვსებული — როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზე ჩანს. ერთ-ერთ მუსტატილზე აღმოჩენილია ნახშირიც, რის მიხედვითაც იგი 7 ათასი წლის წინანდელი დროით თარიღდება.
ეს ეპოქა რეგიონის ისტორიაში დიდად გამორჩეულია და უკავშირდება აფრიკულ ნოტიო პერიოდს, რომელიც, დაახლოებით, 14 600 ან 14 500 წლის წინ დაიწყო და 6 ათასი ან 5 ათასი წლის წინ დასრულდა. ეს კლიმატური პერიოდი, რომელიც პლეისტოცენისა და ჰოლოცენის გეოლოგიურ დროს იყო, იმით არის ცნობილი, რომ ჩრდილოეთ აფრიკა და არაბეთის ნახევარკუნძული დღევანდელზე მეტად ტენიანი გახლდათ, საჰარის დიდი ნაწილი კი სიმწვანეში ჩაფლული იყო.
თუმცა ეს პერიოდი არაბეთის ნახევარკუნძულზე უფრო მცირე ხანს გაგრძელდა. უახლესი კვლევა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე სიმწვანემ პიკს, დაახლოებით, 8 ათასი წლის წინ მიაღწია, რის შემდეგაც რეგიონი სწრაფად გაუწყლოვდა და ისეთი ლანდშაფტი შეიქმნა, როგორიც დღესაა.
რთული ასახსნელია, რისთვის იყენებდნენ მუსტატილებს იმდროინდელი ადამიანები, ან რატომ შექმნეს ამდენი. თუმცა მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, რესურსებისთვის და ტერიტორიისთვის გამძაფრებული ბრძოლა და რეგიონის შემდგომი გამოფიტვა ყოფილიყო.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ გრძელ კედლებს გასასვლელი არ აქვთ. განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას იწვევს ისიც, რომ ადგილზე ისეთი არქეოლოგიური არტეფაქტების სიმცირეა, როგორიცაა, მაგალითად, ქვის იარაღები. მკვლევრების თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მუსტატილებს პრაქტიკული დანიშნულება — წყლის რეზერვუარის ან სათავსოსი — არ ჰქონიათ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ცხოველების ძვლებიც, მათ შორისაა გარეული ცხოველების და რქოსანი პირუტყვის ნამარხი ფორმები — თუმცა გაურკვეველია, ეს პირუტყვიც გარეული იყო თუ მოშინაურებული.
ერთ-ერთი ქვის ზედაპირზე გეომეტრიული ფიგურის გამოსახულებასაც ვხვდებით. ეს ქვა მონუმენტის ბოლოში იყო მოთავსებული, ისე, რომ სტრუქტურის შიგნით მდგარ ყველა ადამიანს შეეძლებოდა მისი დანახვა.
"მუსტატილების გამოყენების ჩვენეული ინტერპრეტაცია ის არის, რომ მათ საკრალური დანიშნულება ჰქონდათ. ადამიანების ჯგუფები აქ იკრიბებოდნენ, რათა ჩვენთვის უცნობი სოციალური აქტივობით დაკავებულიყვნენ", — აღნიშნავს გრუკატი, — "აქ, შესაძლოა, ცხოველებს მსხვერპლად წირავდნენ ან ნადიმი იმართებოდა".
განსხვავებულ მოსაზრებას ბადებს ის გარემოება, რომ სტრუქტურები ერთმანეთთან თვალშისაცემად ახლოს მდებარეობენ. მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუსტატილების აშენების მიზეზი, შესაძლოა, თავად მშენებლობის პროცესი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, შენების პროცესი ერთგვარი სოციალური კავშირის გამყარების როლს შეასრულებდა, რადგან ადამიანთა შორის თანამშრომლობის უნარს განავითარებდა.
"მუსტატილების აშკარა პრაქტიკული დანიშნულების არქონა რიტუალური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. რეალურად, ეს სტრუქტურა ფართომასშტაბიანი რიტუალური ქცევისა და მონუმენტური აგების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია", — წერია კვლევის ანგარიშში.
"ჩვენი მიგნებები მიუთითებს, რომ მუსტატილები, განსაკუთრებით კი მათი პლატფორმები, არაბული პრეისტორიის მნიშვნელოვან არქივს წარმოადგენს. სამომავლოდ მათი მეტად სიღრმისეული შესწავლა კი უფრო შედეგიანი იქნება, რადგან სოციალური და კულტურული ქცევის განვითარების უკეთ შეცნობის საშუალებას მოგვცემს", — აღნიშნავენ მკვლევრები.
კომენტარები