ამ უიშვიათესი სინდრომის მქონე ადამიანების სხეული ალკოჰოლს თავად გამოიმუშავებს
ავტო-ლუდსახარშის სინდრომი (ABS) უჩვეულო მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტი ინტოქსიკაციას მაშინაც განიცდის, როდესაც ალკოჰოლი საერთოდ არ მიუღია.
ABS-ს ნაწლავში არსებული მიკროორგანიზმები იწვევს — ძირითადად, სოკოები — რომლებიც მიღებული ნახშირწყლებით იკვებებიან და შემდეგ საკუთარ ალკოჰოლს აწარმოებენ. ადამიანების უმეტესობას ეს მიკრობები მცირე ოდენობებით გვაქვს, მაგრამ ABS-ის შემთხვევაში მიკრობთა პოპულაცია და ფერმენტაცია კონტროლიდან გამოდის. ხანდახან კი ეს, შესაძლოა, ანტიბიოტიკებმა გამოიწვიონ.
სწორედ ასე დაემართა ბელგიაში მცხოვრებ 47 წლის კაცს, რომელიც ანტიბიოტიკების მიღების კურსის შემდეგ თრობის აუხსნელ მომენტებს განიცდიდა. ეს მდგომარეობა მას ორი თვის განმავლობაში გაუგრძელდა.
ექიმებმა მას ABS-ის დიაგნოზი დაუსვეს, სპეციალური დიეტაც დაუნიშნეს, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, მან და მისმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ განსხვავებული მეთოდი ეცადათ: ფეკალური მიკროფლორის ტრანსპლატაცია.
ბოლო წლებში ეს პროცედურა ნაწლავის მიკროფლორის დასაბალანსებლად საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება. იგი მხოლოდ გარკვეული ინფექციების დროს მუშაობს და აღსანიშნავია, რომ სიცოცხლისთვის საშიშ რისკებს შეიცავს.
თუმცა პაციენტმა ცდა გადაწყვიტა. ნიმუშები მისი 22 წლის შვილისგან აიღეს და საბედნიეროდ ფეკალური მიკროფლორის გადანერგვა წარმატებით დასრულდა. სამი წლის შემდეგაც კი პაციენტი ABS-ის სიმპტომებს აღარ განიცდის.
"ჩვენ სხვა ექიმებს ვურჩევთ, რომ ისეთი პაციენტების ყოლის დროს, რომლებსაც ნაწლავის ფერმენტაციის სიდნრომი აქვს, ეს ტექნიკა გამოიყენონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციული თერაპია უძლურია", — წერენ მკვლევრები.
როგორც წესი, კვების რაციონში ცვლილებები, მედიკამენტები და პრობიოტიკები ABS-ის გასაკურნად საკმარია, თუმცა მძიმე შემთხვევების დროს ექსტრემალური ზომების მიღებაა საჭირო, ეს პროცედურა კი ამისთვის საკმაოდ დამაიმედებელი ჩანს.
კვლევა ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები