TikTok აკრძალვის მოლოდინში საკუთარ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
რამდენიმე ხნის წინ ტვიტერში TikTok-ის ოფიციალური ანგარიში გამოჩნდა. ერთი შეხედვით, @tiktok_comms ერთგვარი პრეს-ცენტრია, რომელიც კომპანიის სიახლეებს უნდა გვაცნობდეს.
თუმცა ახალი ვებგვერდის გაშვებასთან ერთად ნათელი ხდება, რომ კომპანია მიზნად სოციალური ქსელის ირგვლივ არსებულ ნეგატიურ ინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს. კომპანიაზე შეტევა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჯერ მისი აკრძალვის წინადადებით გამოვიდა, შემდეგ კი ამერიკულ კომპანიებს სოციალური ქსელის ყიდვისკენ მოუწოდა.
TikTok-მა თავის ბოლო პრეს-რელიზში ოფიციალურად განაცხადა ტვიტერის ანგარიშის და ვებგვერდი tiktokus.info-ს შექმნის შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიზნად საზოგადოებისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება და ამით იმ დეზინფორმაციასთან დაპირისპირება დაასახელა, რომელიც ტიკტოკის ირგვლივ ვრცელდება.
ცალსახაა, რომ კომპანია ამ გზით ცდილობს ხელი შეუშალოს TikTok-ის აშშ-ის ტერიტორიაზე აკრძალვის მცდელობას.
"TikTok არ ფუნქციონირებს ჩინეთში. მომხმარებელთა მონაცემები ინახება ვირჯინიაში, ხოლო მათი სარეზერვო ასლი დაცულია სინგაპურში, რომელზე წვდომაც მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. TikTok-ს არასდროს არ გადაუცია აშშ-ის მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჩინეთის მთავრობისთვის და ამას არც იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ ამას ვინმე მოითხოვს. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია ამ საკითხზე არის სრული დეზინფორმაცია და სიცრუე", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ახალ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა წყარო და ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ტიკტოკის მხარდამჭერ პოზიციას ამყარებენ. მთავარი შეტყობინებები ასეთია: ის არ უქმნის საფრთხეს აშშ-ის კიბერუსაფრთხოებას; იგი სერიოზულად უდგება დეზინფორმაციასთან ბრძოლას საკუთარ პლატფორმაზე; ტიკტოკი სამოქალაქო თავისუფლების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტიკტოკის აკრძალვაზე ხმამაღლა ივლისში ალაპარაკდა. ამის მიზეზად სახელდება აპლიკაციის მფლობელი კომპანია ByteDance, რომელიც ოპერირებს ჩინეთის ტერიტორიაზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას. მოგვიანებით ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა ტიკტოკის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ ByteDance არ გაყიდდა 45 დღის განმავლობაში საკუთარ აპლიკაციას რომელიმე ამერიკულ კომპანიაზე. რამდენიმე დღის წინ კი 45-დღიანი ვადა 90 დღემდე გაიზარდა.
ტიკტოკი ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების გასაჩივრებას აპირებს. თუმცა ამის პარალელურად ByteDance უკვე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ამერიკულ კომპანიებთან წილების გასხვისებასთან დაკავშირებით. აპლიკაციის შეძენით კომპანია მაიკროსოფტი და ტვიტერი დაინტერესდნენ.
კომენტარები