აშშ TikTok-ის და სხვა ჩინური აპლიკაციების აკრძალვას განიხილავს
ბოლო რამდენიმე წელია, აშშ-ის მთავრობა ჩინეთს შპიონაჟში ადანაშაულებს, რის გამოც 2018 წელს დონალდ ტრამპმა რამდენიმე ჩინური კომპანიის, მათ შორის ჰუავეის და ZTE-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირება, შესაძლოა, TikTok-საც შეეხოს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ტიკტოკის და რამდენიმე სხვა ჩინური აპლიკაციის აკრძალვის შესაძლებლობას.
პომპეომ დაურთო, რომ ადამიანებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწერონ აპლიკაცია, თუ სურთ, რომ მათი პირადი ინფორმაცია კომუნისტური პარტიის ხელში აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ტიკტოკის აპლიკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა და ყველა სამხედრო პირს აღნიშნული სერვისით სარგებლობა უკვე აუკრძალა.
სოციალური ქსელი TikTok, რომელიც ჩინეთში Douyin-ის სახელით არის ცნობილი, პეკინში დაფუძნელბულ სტარტაპ ByteDance-ს ეკუთვნის. თავისი რამდენიმეწლიანი არსებობის პერიოდში სოციალური ქსელი 1,5 მილიარდმა მომხმარებელმა გამოიყენა.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ტიკტოკი "სურათების, ვიდეოს და ლაიქების შესახებ ინფორმაციას დაუშიფრავ მდგომარეობაში აგზავნის, რაც ბოროტმოქმედებს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებისა და ტრაფიკის ანალიზის შესაძლებლობას აძლევს".
ტიკტოკის გარდა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, მომხმარებლებმა რუსულ აპლიკაციებზეც უნდა თქვან უარი. კერძოდ, საუბარია FaceApp-ზე, რომელიც მომხმარებლის სახეს ხელოვნურად აბერებს.
კომენტარები