ახალი კვლევის მიხედვით, პრიმატებში ხორხი გამორჩეულად სწრაფად განვითარდა
ახალი კვლევით ირკვევა, რომ პრიმატების ხორხი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე სხვა ტიპის ძუძუმწოვრებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხორხი პრიმატებში სხეულის ზომასთან შედარებით უფრო დიდია და მისი უფრო ბევრი ვარიაცია არსებობს, ვიდრე სხვა ცხოველებში.
ეს კი იმის განმსაზღვრელია, რომ პრიმატებს ადაპტირება უფრო კარგად გამოსდით. ამასთან, აღმოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ხორხი ევოლუციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
"პირველად ისტორიაში, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პრიმატის ხორხი იმავე ზომის მტაცებელ ცოველებთან შედარებით უფრო დიდია და ნაკლებადაა დაკავშირებული სხეულის ზომასთან. იგი, ამასთან, სხვა ცხოველების ხორხზე სწრაფადაც ვითარდება. როგორც ჩანს, სახეობებს შორის ამ ორგანოს ევოლუციაში ფუნდამენტური განსხვავებებია", — განაცხადა მკვლევარმა იაკობ დანმა.
ხორხს სხვა ცხოველებშიც იგივე ფუნქცია აქვს: მან სასუნთქი გზები ჭამის დროს უნდა დაიცვას, განსაზღვროს ჰაერის მარაგი ფილტვებში და აკონტროლოს ვოკალი. 3D სკანირებებმა და კომპიუტერულმა მოდელებმა აჩვენა, რომ პრიმატების ხორხი დაახლოებით მათივე ზომის მტაცებლებთან შედარებით 38%-ით დიდია.
"ჩვენი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ განსხვავებები ხორხში ხმაზეც აისახება, რაც ვოკალურ კომუნიკაციაზე მის მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს", — განაცხადა ნეირომეცნიერმა დანიელ ბოულინგმა.
პრიმატები და მტაცებლები, მაგალითად დათვები ან ვეფხვები, ამ კვლევისთვის საინტერესო შედარებას წარმოადგენენ. ორივე ჯგუფი სოციალური სტრუქტურების მსგავს ფორმებს აყალიბებს, მათ მსგავსი საცხოვრებელი გარემო და სხეულის ზომა აქვთ.
შემდეგი ნაბიჯი იმის გაგებაა, თუ რატომ განვითარდა პრიმატებში ხორხი ასე სწრაფად და ასე განსხვავებულად. ამის შესაძლო ახსნა შეიძლება უკავშირდებოდეს კვებით ქცევებს, ჟანგბადის რეგულირებას და სხვადასხვა გარემოში კომუნიკაციის საჭიროებას.
კვლევა 11 აგვისტოს PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები