WHO-ს სურს, COVID-19-ის რუსული ვაქცინის ტესტირებათა შედეგები შეაფასოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთში შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის კლინიკური გამოცდის შედეგების გადახედვა სურს.
ვლადიმერ პუტინმა რამდნიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემუშავებული ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის მზად იყო. ეს გადაწყვეტილება რუსეთს პირველ ქვეყნად აქცევს, სადაც მიმდინარე პანდემიასთან საბრძოლველად მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. თუმცა კითხვებს ის გარემოება აჩენს, რომ ვაქცინის ტესტირების მესამე, უკანასკნელი ფაზა, რომლის დროსაც ის 2 ათას ადამიანზე გამოიცდებოდა, 12 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო.
WHO-ს თანახმად, დღეისთვის 150 პოტენციური ვაქცინიდან 28 ცალი არის გადასული ადამიანზე აქტიური გამოცდის ეტაპზე. მათგან ექსვმა ტესტირების უკანასკნელ ფაზასაც მიაღწია, რომლის დროსაც ვაქცინა ათასობით ადამიანზე გამოიცდება.
რუსული ვაქცინა, სახელად "სპუტნიკ V", გამალეიას კვლევითი ისნტიტუტის და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობითაა შექმნილი. ის, კლინიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, ზემოთაღნიშნულ 28 საცდელ ვაქცინას შორისაა, თუმცა WHO-ს მიერ შემუშავებულ იმ სიაში წერია, სადაც ტესტირების მხოლოდ პირველ ფაზაში მყოფი ვაქცინების ჩამონათვალია.
"WHO-ს რუს მეცნიერებთან და თანამდებობის პირებთან კავშირი დამყარებული აქვს და ელოდება იმ დროს, როცა კლინიკური გამოცდის შედეგების გადახედვა შეეძლება, — აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებაში, — "WHO მიესალმება ყველანაირ წინსვლას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევისა და შემუშავების სფეროში".
WHO-მ ასევე დაურთო, რომ ორგანიზაცია იანვრიდან მოყოლებული ჩართულია კვლევისა და ვაქცინის შემუშავების პროცესის წარმართვასა და დაჩქარებაში.
"ვაქცინის კვლევის პროცესის ასწრაფება განვითარების თითოეული საფეხურისთვის შემუშავებული პროცესების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის წარმოებაც რაღაც ეტაპზე დაიწყება, უსაფრთხოც იქნება და ეფექტიანიც", — ვკითხულობთ განცხადებაში, — "პანდემიის პირობებში ნებისმიერი უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა საყოველთაო სიკეთე იქნება და WHO ემხრობა მსგავს ვაქცინებზე სწრაფი, სამართლიანი და თანასწორი წვდომის მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფას".
კომენტარები