ჭორები იმის შესახებ, რომ Alibaba-ს ფინტექ დანაყოფის, სახელად Ant Group, აქციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა, უკვე წლებია, დადის. ცოტა ხნის წინ ამ შვილობილი ფინტექ კომპანიის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი. როიტერსმა გასულ თვეს გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფინტექ კომპანია სულ მალე საჯარო შეთავაზებას გააკეთებდა, რომელიც 200 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. რადგან საუბარი კერძო კომპანიაზეა, მისი ფინანსური მომსახურების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა Alibaba-ს ინვესტიციამ, რომელიც მის 33%-ს ფლობს, Ant-ს დიდი შესაძლებლობები მისცა.

Alipay წარმოადგენს Ant-ის სამომხმარებლო ფინანსურ აპლიკაციას, რომელსაც მარტის თვის მდგომარეობით 1.3 მილიარდი მომხმარებელი აქტიურად იყენებს. მათი უდიდესი ნაწილი ჩინეთზე მოდის, ხოლო დანარჩენებს ინდოეთში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, ფილიპინებში, ბანგლადეშში, ჰონგ-კონგში, მალაიზიაში, ინდონეზიასა და პაკისტანში არსებული ელექტრონული საფულის პარტნიორების სერვისების მომხმარებლები შეადგენენ.

ბოლო წლებში ფინტექ ინდუსტრიისთვის დაწესებული პეკინის გამკაცრებული რეგულაციების საპასუხოდ, Ant ცდილობს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული საკუთარ ფინანსურ პროდუქტებზე. Alibaba-ს კონკურენტი, Tencent, ფინანსურ სივრცეში უფრო თავშეკავებულია, თუმცა მისი აპლიკაცია, WeChat Pay ნელ-ნელა Alipay-ს საბაზრო წილს იკავებს.

Alibaba-მ მაისის თვეში Ant Financial-ის სახელი სიმბოლურად Ant Group-ზე შეცვალა. თუმცა მანამდეც ის აქტიურად პოზიციონირდებოდა "ტექნოლოგიურ" კომპანიად, რომელიც ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა ტრადიციულ ფინანსურ ორგანიზაციებთან პირდაპირ კონკურენციაში შესვლის ნაცვლად, მათ ციფრულ ინფრასტრუქტურასა და გადახდების არხების უზრუნველყოფას სთავაზობდა. Alipay-ის აპლიკაციით მომხმარებელს კომპანიის გარეთ არსებული ფინანსური სერვისების მიმწოდებლების პროდუქტებით სარგებლობა შეუძლიათ.

მარტის თვის მდგომარეობით, Ant-ის მატერიალური სიმდიდრის მართვის დანაყოფმა პარტნიორებისთვის $570 მილიარდის აქტივების შენახვა უზრუნველყო. Ant-ის დახმარებით, სადაზღვევო შენატანის ჯამური მოცულობა გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა.

Ant-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჰუ სიაომინგმა კომპანიის წინაშე დააყენა ამოცანა, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 80%-ს უნდა მიაღწიოს და ამით 2019 წლის 50%-იან მოგებას უნდა გაუსწროს. ის მოელოდა, რომ ამ სტრატეეგის შედეგად Ant-ის კაპიტალიდან საკუთარივე ფინანსური სერვისების განვითარებაში გაღებული დაფინანსება შემცირდებოდა.

Ant აღარ შემოიფარგლება Alipay-ით, რომელიც ელექტრონული კომერციის მომხმარებლებსა და გამყიდველებს შორის ნდობის უზრუნველმყოფელი შუამავლის ფუნქციის მქონე სერვისს წარმოადგენს. 2011 წელს Alibaba-მ Ant დამოუკიდებელ კომპანიად აქცია, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ჩინეთის მიერ დაწესებული საგადასახადო რეგულაციების მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილიყო. ამის შემდეგ Ant-მა რამდენჯერმე მსხვილი ინვესტიციები მიიღო. დღეს Ant-ს მეტწილად კვლავ Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა, აკონტროლებს.