იტალიელი ოპერის მომღერალი ანდრეა ბოჩელი აცხადებს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა ქვეყანაში დაწესებული იმ შეზღუდვების გამო, რომელიც კორონავირუსს მოჰყვა. იტალია იმ ქვეყნების რიგებშია, რომელმაც პანდემია რთულად გადაიტანა. ვირუსს 35 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

"დანაშაული არ ჩამიდენია და სახლის დატოვების უფლება მაინც არ მქონდა", — აცხადებს ის და დასძენს, რომ როცა იტალია ჩაკეტილი იყო, წესებს არ იცავდა, რადგან სჯეროდა, რომ პანდემიის სიმწვავე გაზვიადებული იყო.

61 წლის მუსიკოსის სიტყვებით, მის ასაკში სახლში გამოკეტვა ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და ამიტომ, რეკომენდაციებს არ იზიარებდა:

"ისეთ ასაკში ვარ, რომ მზე და ვიტამინი D მჭირდებოდა".

მან მოქალაქეებსაც მოუწოდა, რომ მთავრობის მიერ შემოღებულ წესებს არ დაემორჩილონ:

"შევეწინააღმდეგოთ შეზღუდვებს, გავიდეთ გარეთ, გავიცნოთ ერთმანეთი, ვილაპარაკოთ".

ის სკოლების გახსნის იდეასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ მისმა შვილებმა სკოლებში პირბადეებით უნდა იარონ.

"სკოლები მაშინვე დახურეს და ღამის კლუბები ასევე სწრაფად გახსნეს, ადგილი, სადაც ახალგაზრდები სწავლის ნაცვლად ტვინს ირევენ", — დასძენს ის.

ბოჩელის სიტყვებმა უამრავი ადამიანი გააოცა, რადგან როდესაც ქვეყანა სრულ იზოლაციაში იყო, ის იტალიელების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა, როცა კათოლიკურ აღდგომას მილანის ცარიელ ეკლესიაში იმღერა — მის შესრულებას მუსიკა იმედისთვის ერქვა.

კიდევ უფრო მოულოდნელია მისი განცხადებები, რადგან ბოჩელი მაისის ბოლოს დაადასტურა, რომ კორონავირუსი ოჯახთან ერთად გადაიტანა. მაშინ ის აცხადებდა, რომ ვირუსი მარტში დაუდასტურდა, თუმცა გართულებების გარეშე "მალევე გამოჯანმრთელდა".

"პანდემია, რომელმაც მსოფლიო შეარყია, მართალია შედარებით მსუბუქად, მაგრამ ჩემს ოჯახსაც შეეხო. იმდენად იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ მარტის ბოლოს სრულად გამოჯანმრთელებულები ვიყავით", — აცხადებდა ის გაზაფხულის ბოლოს.

ბოჩელიმ თავისი შეხედულებები სენატის კონფერენციაზე გააჟღერა, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ყოფილი შს მინისტრი და რადიკალური მემარჯვენე პარტიის ლიდერი მატეო სალვინიც, რომელიც იტალიის პრემიერმინისტრი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავრობა კრიზისს არაეფექტურად გაუმკლავდა.

იტალიაში სრული იზოლაცია მარტის დასაწყისში დაიწყო და მომდევნო თვეებში შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდა. ამ დროისთვის, მაღაზიებში და საჯარო ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადეების ტარება და 1-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. გახსნილია თეატრები და საკონცერტო დარბაზები, სადაც მაქსიმუმ 200 ადამიანს აქვს დასწრების უფლება, ხოლო ღია სივრცეებში ათასკაციანი ღონისძიებებია დაშვებული.