რას აკეთებთ თვითიზოლაციაში? — ეს ალბათ ის კითხვა იყო, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამდნენ ადამიანებს კარანტინის პერიოდში.

ზოგმა საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა, ახალი ჰობი გაიჩინა ან, უბრალოდ, ასჯერ ნანახ სერიალს თავიდან ჩაუჯდა. თავშესაქცევი საქმიანობის პოვნა ყველასთვის პრიორიტეტულად იქცა. აი, ხელოვანებს კი, რომლებიც ისედაც მიჩვეულნი არიან რამდენიმე თვის განმავლობაში განმარტოებას და საკუთარი საქმით დაკავებას, კარანტინმა ყოველდღიურობა ალბათ დიდად არც შეუცვალა. თუმცა ეს უპრეცედენტო ვითარება, რომელიც ყველას ფსიქიკასა და განწყობაზე მოქმედებს, შემოქმედებით ადამიანებზე განსკუთრებით ღრმა კვალს ტოვებს. ამიტომაც ღირს, თვალი გადავავლოთ გასული თვეების კულტურულ ცხოვრებას და ვნახოთ, როგორ აისახა პანდემიისეული ყოფა ხელოვნების სხვადასხვა დარგზე.

მუსიკა

ფოტო: David D. Oxenford

ბევრმა მუსიკოსმა, რომელსაც ხმის ჩამწერ სტუდიებთან დროებით დამშვიდობება მოუწია, თვითიზოლაციაში ახალი სიმღერების შექმნა გადაწყვიტა.

თუმცა ზოგიერთი მათგანი არათუ დამშვიდობებია სამუშაო სივრცეს, არამედ პირიქით, კარანტინის გადატანა სტუდიაში გამოკეტილს მოუწია. ასე მოხდა ცნობილი ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის, OneRepublic-ის, შემთხვევაშიც.

"მჯერა, რომ უკეთესი დღეებიც იქნება,
მჯერა, რომ ჩემკენაც გამოანათებს მზე,
დაე, აღარასოდეს დავღვაროთ ცრემლი დღევანდელი დღის გამო,
რადგან მჯერა, რომ უკეთესი დღეებიც იქნება".

OneRepublic, Better Days

"ჩვენი მეხუთე ალბომის შექმნის პროცესში ვიყავით და დედლაინამდე მხოლოდ ერთი კვირა გვაშორებდა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა. სრულიად გაუცნობიერებლად, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ჩვენგანს ვირუსით დაინფიცირებულ პირებთან ჰქონდა ლონდონში კონტაქტი, რის გამოც ლოს-ანჯელესში, ჩემს სტუდიაში მოგვიწია ორი კვირით კარანტინში ყოფნა. ორი სიმღერა გვქონდა დასასრულებელი, რომელთაგან ერთი Better Days იყო, სადაც ის რეალობა ავსახეთ, რომლის მომსწრენიც ვართ — აი, რა ხდება, როცა კრიზისულ სიტუაციაში წერ სიმღერას", — ამბობს ჯგუფის სოლისტი, რაიან ტედერი.

სიმღერა Better Days ნამდვილად იქცა კარანტინის "ჰიმნად". პოზიტიური მნიშვნელობის ტექსტმა არაერთი ადამიანი გაამხნევა, მათი ვიდეოებით კი, სადაც ასახულია, როგორ ატარებენ დროს თვითიზოლაციაში, სიმღერის ოფიციალური კლიპი შეიქმნა.

სინგლი Better Days ჯგუფის მეხუთე სტუდიურ ალბომში, Human, შედის, რომლის გამოშვებაც 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

ფოტო: Dimitrios Kambouris/Getty Images for NARAS

შემოდგომის დასაწყისში რიგით მერვე ალბომის გამოშვებას აპირებს ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეიც. მიუხედავად იმისა, რომ მან გასულ წელსვე დააანონსა შემდეგი ალბომი, მისი სახელი შეცვლილია. მაისის თვეში დელ რეი საკუთარ ინსტაგრამზე მცირე ვიდეოებს აქვეყნებდა, სადაც განხილული თემები კამათის საგანი გახდა. თუმცა ვიდეოჩართვებისას მომღერალმა თავისი ახალი ალბომის სახელიც, Chemtrails over the Country Club, გაამხილა და ისიც დასძინა, რომ სადებიუტო პოეტური კრებულიც მალე გამოიცემოდა.

თვითიზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა ტეილორ სვიფტმაც, რომელმაც ბოლო ალბომის გამოშვებიდან 11 თვის თავზე ახალი ნამუშევრის გამოსვლა დააანონსა. ალბომი 24 ივლისს გამოვიდა და მის შექმნას მომღერალი თავის "წარმოსახვას, ოცნებებს, შიშებს და მუზებს" მიაწერს.

მწერლები

ალბათ კარანტინმა ყველაზე ნაკლებად მწერლებს შეუცვალა ყოველდღიურობა. მაშინ, როცა ამ ადამიანებს ისედაც ოთხ კედელს შორის მოქცეულებს უხდებათ წლის უმეტესი ნაწილის გატარება, მათთვის პანდემიის პერიოდში შემოღებულ შეზღუდვებთან და თვითიზოლაციასთან გამკლავება დიდ სირთულეს ნაკლებად უნდა წარმოადგენდეს.

ამასთანავე, შეუძლებელია, აპოკალიფსური სურათის შემხედვარე შთაგონების სიმცირეს უჩიოდე. ეგრეთ წოდებული პანდემიური ჟანრის ჩამოყალიბება, რომელიც საი-ფაის ქვეკატეგორიას წარმოადგენს და სამყაროს აღსასრულს სწორედ მკვლელი ვირუსით წინასწარმეტყველებს, ისტორიის სხვადასხვა პერიოდში კორონავირუსისმაგვარი დაავადებების აფეთქებებს უკავშირდება. დანიელ დეფოს 1722 წელს გამოქვეყნებული ჟამის წლის დღიურიდან მოყოლებული, ბოლო წლებში გამოცემულ აპოკალიფსურ ლიტერატურის ჩათვლით, ყველა მსგავს წიგნს ერთი ქარგა აერთიანებს და ეს ის პირქუში, სულდამძიმებული გარემოა, რომლის მსგავსის მომსწრენიც თავად ვართ. თუმცა, პარადოქსულად, მკითხველებმა კარანტინის პერიოდში მსუბუქ ლიტერატურაზე კი არ შეაჩერეს არჩევანი, არამედ სწორედ პანდემიის ამბების მთხრობელებს მიაკითხეს და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გაიზარდა მოთხოვნა ისეთ წიგნებზე, როგორიც კამიუს შავი ჭირია.

ამასთან, დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ დაგვჭირვებია, რათა კორონავირუსის შესახებ დაწერილი ამბებიც წაგვეკითხა. ამ მხრივ შორს წასვლა საჭირო არაა — ქართველ ავტორებს შორისაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ისინი, რომლებმაც პანდემიის პერიოდში ახალი ტექსტები შექმნეს.

ფოტო: გამომცემლობა "ინტელექტი"

მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორი კატეგორიულად უარყოფს რაიმის წინასწარმეტყველების მცდელობას, ჯაბა ზარქუას წიგნს — ვაჟა-ფშაველას პირველ ჩიხი — და რეალობას შორის არაერთი დამთხვევაა. ტექსტზე საუბრისას აღნიშნავენ იმას, რომ მან ეგრეთ წოდებული საბურთალოს კლასტერის წინასწარმეტყველბა შეძლო. თუმცა თავად ზარქუას თქმით, რომელიც პროფესიით ექიმია და რამდენიმე ნაწარმოები აქვს შექმნილი ჟანრულ პროზაში, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დამთხვევაა, რადგან წიგნი თებერვლის მეორე ნახევარსა და მარტის დასაწყისში იწერებოდა.

მეტად მოკლე დროში შეიქმნა ქართველი ჟურნალისტისა და მწერლის, ლალი მოროშკინას რომანი სამი დღე ვაქცინამდე. წიგნი, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-მა მარტის დასაწყისში გამოსცა, საკამათო თეორიებს განიხილავს და ის, ავტორის წინა ნაწარმოებების მსგავსად, სკანდალური აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის.

2020 წლის პირველი ნახევარი მხოლოდ ქართული ლიტერატურული სამყაროსთვის არ აღმოჩნდა საინტერესო. პანდემიასთან დაკავშირებული ისტორიების მოყოლა არ გადაუწყვეტიათ, თუმცა ამაღელვებელი სიახლეებით გაგვანებივრეს მსოფლიოში ცნობილმა მწერლებმაც.

თვითიზოლაციაში გატარებული დრო, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა ამერიკელი მწერლისთვის, სტეფანი მეიერისთვის, რომ 12 წლის წინ მიტოვებულ პროექტს დაბრუნებოდა და დაესრულებინა წიგნი, შუაღამის მზე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ ბინდის საგის ფანები. როგორც მეიერი აღნიშნავს, ბევრს ფიქრობდა, ღირდა თუ არა ასეთ რთულ და უცნაურ პერიოდში ამ სიახლის დაანონსება, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უსამართლობა იქნებოდა, მოლოდინი კიდევ გაეხანგრძლივებინა.

The Ickabog-ის შეძენა 10 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

The Ickabog-ის შეძენა 10 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

ფოტო: Little, Brown and Company

სანამ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვეოდა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მწერალმა, ჯოან როულინგმაც, საინტერესო ამბავი გვაცნობა. კლასიკად ქცეული ჰარი პოტერის სერიის შემდეგ, ავტორმა პირველად გადაწყვიტა საბავშვო წიგნის გამოცემა და მაისში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ წინა ათწლეულში დაწერილი და სხვენში შენახული მტვერდადებული ხელნაწერის ჯერ ინტერნეტსივრცეში განთავსებას, შემდეგ კი წიგნად დაბეჭდვას აპირებდა. The Ickabog რვა კვირის განმავლობაში ცალკეული თავების სახით ქვეყნდებოდა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, შემოდგომის მიწურულს კი უკვე წიგნის შეძენაც იქნება შესაძლებელი. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა კორონავირუსით დაზარებულ ადამიანებს მოხმარდება.

სატელევიზიო სივრცე

კორონავირუსის პანდემიამ არაერთი პროექტი შეაჩერა, რომლის განხორციელებაც 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი. მათ შორისაა ფილმები, სერიალები, სატელევიზიო გადაცემები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად გადაცემების უმეტესობა კვლავ დაუბრუნდა ეკრანს, მსოფლიოში კვლავაც შეჩერებულია ყოველკვირეული შოუები, მუსიკალური პროექტები და სხვა.

მაშინ, როცა მარტისა და აპრილის თვეში ძირითადად მხოლოდ საინფორმაციო საშუალებები მუშაობდნენ, მოწყენის საშუალება არ მისცა მაყურებელს ტელეკომპანია ფორმულამ. გარდა სპეციალურად ამ პერიოდში შექმნილი გადაცემისა — "თვითიზოლაციაში" — ტელევიზიამ შეჩერებული პროექტების განსხვავებული სახით წარმოდგენაც სცადა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, ჩემი ცოლის დაქალების, გადაღებები პანდემიის პერიოდში შემოღებული შეზღუდვების გამო მარტის თვეში შეწყდა. თუმცა მალევე მინიპროექტი — ჩემი ცოლის დაქალები კარანტინში — დაიწყო. ცხრა ეპიზოდისგან შემდგარი პროექტი სერიალის სიუჟეტურ ხაზს არ ებმის, მაგრამ იმ ცალკეული პერსონაჟების ორიგინალურ ისტორიებს აერთიანებს, რომელთაც კარანტინსა და თვითიზოლაციასთან გამკლავება უხდებათ. პროექტმა მაყურებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.

საბოლოოდ, ჩემი ცოლის დაქალები ეკრანს ივნისის მიწურულს, სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და სერიალის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სეზონი გასულ კვირას დასრულდა. ბოლო ეპიზოდმა, როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია და ფართოდ განიხილებოდა სოციალურ ქსელებშიც.

გარდა უკვე წარმატებული პროექტისა, ფორმულამ ივლისში ახალი სერიალის ჩვენებაც დაიწყო. თესეამ, რომლის პირველი სეზონიც სულ 12 სერიისგან შედგებოდა, მალევე მოიპოვა პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული.


თვითიზოლაცია შემოქმედებისთვის იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შექმნილი სერიალების, წიგნების, ფილმების და მუსიკის ერთ სტატიაში მოქცევა ნამდვილად რთული იქნებოდა. თუმცა წლის დამთავრებამდე ჯერ კიდევ 5 თვე რჩება და, შესაძლოა, არაერთმა არტისტმა კარანტინში შთაგონებული შემოქმედება კვლავაც წარმოგვიდგინოს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენად სასიხარულოა სიახლეების შეტყობა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პანდემიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა — როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური. ამდენად, ყოველგვარი წნეხის გარეშე შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც გსურთ და საკუთარ თავს პროდუქტიულობა არ მოსთხოვოთ.