5 წიგნი, რომლითაც ჩაკეტილ საზღვრებშიც კი საზაფხულო მოგზაურობას მოიწყობთ
პანდემიამ არა მხოლოდ გასული თვეების ჩვეული რუტინა და ყოველდღიურობა შეგვიცვალა, არამედ სამომავლო გეგმების გადახედვაც გვაიძულა.
ყოველ ზაფხულს ყველაზე მეტად იმიტომ ველოდებით ხოლმე, რომ განვლილი დამღლელი წლის შემდეგ ნანატრი შვებულებისა თუ არდადეგების დღეებში მოგზაურობა და დასვენება შევძლოთ. თუმცა 2020 წლის ზაფხულში ამ ერთი შეხედვით ყოვლად მარტივი და არაფრით განსაკუთრებული სურვილის ახდენაც კი გართულდა: ქვეყნის საზღვრები კვლავ ჩაკეტილია.
მართალია, საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა შეზღუდული არ არის და ისევ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მთებში თუ ზღვის პირას დასვენება, თუმცა ზაფხულისთვის გათვალისწინებული თავაწყვეტილი თავგადასავლები მაინც გაეხვა პირქუშ საბურველში: მანამდე სასურველი უცხო ხალხში გარევა თუ ავტოსტოპით მგზავრობა უხილავი მიკროორგანიზმების შიშით ნაკლებად მიმზიდველი გახდა.
თუმცა მკითხველებმა ყოველთვის იცოდნენ და ამჯერადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ლიტერატურული სამყაროს საზღვრები შეუზღუდავია და ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში მოხვედრაც გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდაა შესაძლებელი.
ამ სტატიაში რამდენიმე ისეთ წიგნს გირჩევთ, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მცხუნვარე დღეებში თუნდაც სახლში დარჩენილებმა დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ.
1. თუ გინდათ, რომ ზაფხულის მაგიურობა შეიგრძნოთ: ჯონ აპდაიკის ბრაზილია
ქართულად თარგმნა ზაზა ჭილაძემ
ჟანრების, მოცულობისა და ასაკობრივი კატეგორიის გარდა მკითხველებს ხშირად უყვართ წიგნების სხვადასხვა ნიშნით დახარისხება: მაგალითად, ზაფხულში საკითხავი წიგნები. არასდროს მიცდია, სეზონების მიხედვით საკითხავის შერჩევა და ბოლომდე ახლაც არ მესმის, რას შეიძლება მოიცავდეს ეს განსაზღვრება, მაგრამ თუ რომელიმე წიგნი აუცილებლად ზაფხულს უნდა დავუკავშიროთ, მაშინ ეს ჯონ აპდაიკის ბრაზილია უნდა იყოს.
ამ რომანის ფურცლებზე ყველა იმ გემოსა და სუნს შეიგრძნობთ, რამაც შეიძლება ზაფხული გაგახსენოთ. აპდაიკი თავისი საოცარი წერის სტილით ერთდროულად მაღალი ტემპერატურის ემოციებით ყოველ გვერდზე მცხუნვარე მზესავით გვხრუკავს, შემდეგ კი სულ სხვა გრძნობების ცუნამივით უზარმაზარი ტალღით გადაგვივლის. სიყვარულით, ღალატით, მსხვერპლშეწირვითა და ეროტიკით სავსე ეს წიგნი არა მხოლოდ ფიზიკური საზღვრების დავიწყებაში, არამედ ადამიანებს შორის არსებული უხილავი ბარიერების გაქრობაში დაგეხმარებათ: ამ წიგნში ფერებს, რასებს, სოციალურ სტატუსებსა და სქესებს შორისაც კი წაშლილია საზღვრები.
2. თუ გასული საუკუნის საქართველოში მოგზაურობა გინდათ: აკა მორჩილაძის კუპიდონი კრემლის კედელთან
თუ პირდაპირი მნიშვნელობით მოგზაურობა გსურთ, მაშინ იცოდეთ, რომ აკა მორჩილაძის ეს რომანი ნამდვილი ბილეთია, რომელიც მატარებლით დაუვიწყარ მოგზაურობაში დაგეხმარებათ. თანაც ეს ისეთი რეისის ბილეთია, რომელზეც სხვანაირად ვერასდროს მოხვდებოდით: წიგნის გადაშლასთან ერთად თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის "მეჟდუნაროდნი" ვაგონში ამოჰყოფთ თავს.
აკა მორჩილაძე რომ ქართული ენის დიდოსტატია, უკვე ყველასთვის ცნობილია და ამ წიგნშიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამას: იმერული დიალექტით მოთხრობილი ისტორია თავდაპირველად შეიძლება უცხოდ ხვდება თვალს, თუმცა გულისხმიერი მკითხველი მალევე აუღებს ალღოს მას და ენაკვიმატი ნარატორის მოყოლილ ამბავში საუცხოო იუმორთან ერთად უზომო სევდასაც შეიგრძნობს.
რაც ყველაზე მთავარია, მუსჲას გაიცნობთ და მასთან ერთად გატარებული დრო საუკეთესო იქნება სხვა ნებისმიერი მოგზაურობის მოგონებებს შორის.
3. თუ ფიქრობთ, რომ ამ ზაფხულს აღარაფერი ეშველება: ჯენიფერ იგანის დაუნდობელი არამზადების სტუმრობა
ქართულად თარგმნა თამარ სუხიშვილმა
მაშინ ჯენიფერ იგანი გეტყვით, რომ არც არაფერს ეშველება რამე და აღარაფერი იქნება ძველებურად. თუმცა დასამშვიდებლად ის შემიძლია გითხრათ, რომ ამაში ახალი და განსაკუთრებული არც არაფერია: ყველაფერი ყოველთვის ასე იყო.
თუ ვერც კი შენიშნეთ, როგორ დაიწყო ზაფხული, ვერც იმას გრძნობთ, როგორ გრძელდება ახლა და კანზე მზის სხივების ალერსი (ხანდახან თუნდაც მეტისმეტად მწველი) მხოლოდ ნოემბერში ამოვარდნილი სუსხიანი ქარების შემდეგ მოგენატრებათ, მაშინ დაუნდობელი არამზადების სტუმრობა განსაკუთრებულად მოგეწონებათ, რადგან ეს წიგნი ზაფხულის დასასრულს ჰგავს. ზაფხულის, რომელიც ხელიდან დაგვისხლტა.
ამ რომანის მთავარი გმირი დროა და ავტორი პოსტმოდერნული ლიტერატურის ყველა შესაძლო ხერხით მის ძალას ფიზიკურად განგვაცდევინებს.
4. თუ ყოველდღიურობისგან გაქცევა გსურთ: ლუის კეროლის ელისი საოცრებათა ქვეყანაში და ელისი სარკისმიღმეთში
ქართულად თარგმნა გიორგი გოკიელმა
ხშირად ჰგონიათ, რომ იმას, რასაც საბავშვო ლიტერატურას უწოდებენ, მხოლოდ ადრეულ ასაკში უნდა წაიკითხო და უკვე ზრდასრული "არასერიოზულობის" შიშით უნდა უფრთხოდე მას. ლუის კეროლის ეს ორი საკულტო ნაწარმოები საუკეთესო მაგალითია იმის, რომ ეს მსჯელობა ყოვლად მცდარია.
იმასთან ერთად, რომ ელისი საოცრებათა ქვეყანაში ბავშვებისთვის ნამდვილად საუკეთესო საკითხავია თუნდაც იმის გამო, რომ კეროლის სამყარო ბავშვების ფანტაზიის მსგავსად წესებსა და საზღვრებს არ ცნობს, ამავდროულად რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ახალ დეტალებსა და შრეებს აღმოაჩენ ამ თავბრუდამხვევ წიგნში.
ელისთან ერთად საოცრად კომიკურ, აბსურდულ და თვალისმომჭრელ სამყაროში მოგზაურობისას კი ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ "მე გიჟი ვარ, შენც გიჟი ხარ — აქ ყველანი გიჟები ვართ".
5. თუ სამყაროს პირქუშ მომავალზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებთ: მარგარეტ ეტვუდის ორიქსი და კრეიკი
ქართულად თარგმნეს დავით ბალიაშვილმა და აკაკი მოსახლიშვილმა
კარანტინში გატარებულმა რამდენიმე კვირამ, პანდემიის შესახებ მიღებულმა ერთმანეთზე უფრო დამთრგუნველმა ცნობებმა და უსაფრთხოების დაცვის მკაცრმა ზომებმა შეიძლება არა სამუდამოდ, მაგრამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენი ფიქრების მდინარება შეცვალა და ალბათ, კიდევ რაღაც დროის განმავლობაში კვლავ ასე იქნება: სულ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ბედი ელის კაცობრიობას მომავალში.
ბოლო პერიოდში პანდემიის თემატიკასთან დაკავშირებული წიგნების მრავალი სია გამოქვეყნდა და მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი სწორედ მარგარეტ ეტვუდის ორიქსი და კრეიკი იყო, რომლის კონკრეტული პასაჟებიც კი ზუსტად ეხმიანებოდა იმას, რაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო ხდებოდა. მართალია, ეტვუდი იმაზე გაცილებით შიშისმომგვრელ სურათებს გვიხატავს, ვიდრე ჩვენ რეალურად გამოვიარეთ, მაგრამ ეს წიგნი მაინც ყურადსაღები გაფრთხილებაა — ერთგვარი უახლოესი მომავლის წინასწარმეტყველება, რათა ვიცოდეთ, რა რისკის ქვეშ ვართ, თუ მთელი სამყარო "განვითარებისკენ" სვლას დედამიწის რესურსების დაუზოგავად გამოყენებით, სხვა ცოცხალი არსებების განადგურებითა და ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებისთვის არასამართლიანი გარემოს შექმნით გააგრძელებს.
კომენტარები