ტესლას დირექტორმა გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც თვლიან, კომპიუტერი მათ კოგნიტური უნარებით ვერ გადაუსწრებს, "იმაზე გაცილებით სულელები არიან, ვიდრე წარმოუდგენიათ".

"უკვე ათწლეულია, რაც დაუღალავად ვსაუბრობ ამ საკითხზე", — განაცხადა მასკმა, — "ჩვენ უნდა გვადარდებდეს, რა მიმართულებით ვითარდება AI. ჩემი დაკვირვებით, ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ცდებიან, ყველაზე ბრძენები არიან, რადგან ვერც წარმოუდგენიათ, რომ კომპიუტერი მათზე გაცილებით ჭკვიანი შეიძლება იყოს. ეს მათ ლოგიკაში დაშვებული წუნია. უბრალოდ, ისინი იმაზე გაცილებით სულელები არიან, ვიდრე წარმოუდგენიათ".

მასკს აქამდეც უთქვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის ბირთვულ იარაღზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ის თვლის, რომ AI ტექნოლოგიის განვითარების სფეროს გასაკონტროლებლად რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი.

"ხომ სრული სიგიჟე იქნებოდა, ვინმეს შემოეთავაზებინა, რომ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება სამყაროში ყველას უნდა ჰქონდეს", — განაცხადა მასკმა 2018 წელს, — "და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: AI ატომურ ბომბებზე გაცილებით საშიშია".

ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, მასკს ამ საკითხში არ ეთახმება. მან 2017 წელს აღნიშნა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე გააუმჯობესა ჯანდაცვის სისტემა და მომავალში საგზაო შემთხვევბის შემცირებაც შეუძლია, ხოლო AI-სადმი გადამეტებული პესიმიზმი "ერთობ უპასუხისმგებლო საქციელია". საპასუხოდ მასკმა AI-ის შესახებ ცუკერბერგისეულ ცოდნას "შეზღუდული" უწოდა.