როგორია კითხვის თქვენეული რუტინა?

სამსახური, სასწავლებელი, ტრანსპორტი — თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმში მკითხველები ცდილობენ, არც დროს ჩამორჩნენ და არც ლიტერატურულ ტენდენციებს. ხოლო თუ ამ საქმეში ისეთი დამხმარეც გყავთ, როგორიც საბაა, თქვენი მცდელობა ნამდვილად წარმატებული იქნება.

უკვე რვა წელია, ქართულ ლიტერატურულ სივრცეში არსებობს ელექტრონული წიგნების სახლი საბა. თუმცა მისი, როგორც ქართული კულტურის ქომაგი პროექტის, ისტორია ჯერ კიდევ 2003 წელს იწყება, როცა პრემია საბა დაარსდა და პრიზი რვა ნომინაციაში გაიცა.

2012 წლის შემდეგ კი საბა მუდმივად ცდილობს, საკუთარი მომხმარებლები სიახლეებით გაანებივროს. სხვადასხვა წელს მათ ისეთი პროექტები შექმნეს, როგორებიცაა "ქალაქი ბიბლიოთეკა" და "იკითხე მთაში".

რაც შეეხება საბას აპლიკაციას, SABA Reader-ს, იგი თავდაპირველად მხოლოდ ტექსტურ ელექტრონულ წიგნებს მოიცავდა, თუმცა 2016 წელს ჯერ 500-მდე ხმოვანი წიგნი დაემატა, ხოლო შემდგომში პლატფორმაზე პოდკასტები და აუდიო-ლექციებიც განთავსდა. მთლიანობაში კი, 2019 წელს, საბას განახლებული აპლიკაციით 6 ათასზე მეტი წიგნი გახდა ხელმისაწვდომი.

თუმცა გასული წლის ივლისში, გარდა აპლიკაციისა, საბამ მოძრაობა საბკულტურასაც ჩაუყარა საფუძველი. ფეისბუქჯგუფი, რომელიც მკითხველებს, გამომცემლებს, მწერლებსა და ლიტერატორებს აერთიანებს, განსაკუთრებით პოპულარული კარანტინის პერიოდში გახდა. პროექტის ფარგლებში ცნობილმა ადამიანებმა ლექციები ვირტუალურად ჩაატარეს. ჯგუფის წევრებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო ადამიანებისთვის. სწორედ მათი კითხვებით შედგა ინტერვიუ გერმანიაში მოღვაწე ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან.

ფოტო: საბა

განახლებული აპლიკაციის ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე, საბკულტურის მოძრაობასა და სამომავლო გეგმებზე On.ge საბას პროექტებისა და მარკეტინგის მენეჯერს, ნატა ჟვანიას ესაუბრა.

"დაახლოებით ერთი წლის წინ, ლივინგსტონთან ერთად შექმნილი განახლებული საბას აპლიკაცია გაეშვა. იგი მსოფლიოში საუკეთესო აპლიკაციებზე დაყრდნობითაა შექმნილი. ამის შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა. ახალი აპლიკაცია სრულიად განსხვავებული მოდელით მუშაობს და ბევრად უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომია. ჩვენი მთავარი მიზანიც ესაა — შევქმნათ კითხვის ახალი გამოცდილება მკითხველისთვის. შესაბამისად, აპლიკაციამ ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ და დიდი როლი შეასრულა ელექტრონული წიგნების პოპულარიზებასა და ხელმისაწვდომობაში", — ამბობს ჟვანია.

როგორც იგი აღნიშნავს, აპლიკაციის პოპულარობა ნაწილობრივ განაპირობა ქვეყანაში კარანტინის დროს განხორციელებულმა აქციამ, რომლის ფარგლებშიც, თვენახევრის განმავლობაში ნებისმიერ მომხმარებელს 6 ათას წიგნზე უფასო წვდომა ჰქონდა. აქცია სწორედ საბკულტურის მოძრაობის ეგიდით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მანამდეც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მკითხველთან, პანდემიამ, ცხადია, არაერთი ადამიანის გადაადგილება შეზღუდა: ისინი უფრო მეტ დროს ატარებდნენ სახლში, რამაც მათ საკითხავად მეტი დრო მისცა და ბევრმა ჩვენი აპლიკაციით პირველად ისარგებლა".

აქციის პერიოდში მომხმარებელთა ჩართულობა იმდენად დიდი იყო, რომ საბას აპლიკაცია მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული ელექტრონული წამკითხველების ასეულშიც კი მოხვდა. ეს კი ძალიან დიდი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ ქართულენოვანი მკითხველების რაოდენობა მეტად მცირეა. გარდა ამისა, აპლიკაციით ყოველ ნახევარ საათში 1500-ზე მეტი მკითხველი სარგებლობდა.

SABA Reader აქციამდე პოპულარობის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა. გასული წლის მონაცემებით, პლატფორმაზე 190 ათასზე მეტი მომხმარებელი იყო დარეგისტრირებული, აქედან 150 ათასზე მეტ მკითხველს კი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საბამ 700 ათასზე მეტი ელექტრონული წიგნი გადასცა.

რა განაპირობებს აპლიკაციის პოპულარობას?

მკითხველები ყველაზე ხშირად იმაზე წუხან, რომ საკითხავად დიდი დრო არ რჩებათ. თუმცა საბას აპლიკაციის მეშვეობით ყველგან შესაძლებელია, თქვენი საყვარელი ნაწარმოებები იკითხოთ. მას შემდეგ, რაც აპლიკაციაში წიგნს ერთხელ ჩამოტვირთავთ, მისი წაკითხვა ოფლაინ რეჟიმშიც შეგეძლებათ.

გარდა ამისა, აპლიკაციის მრავალფეროვანი ფუნქციები მას მკითხველისთვის მაქსიმალურად კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის.

ცოტნე ავსაჯანიშვილი ახალგაზრდა მწერალია. მისი ერთ-ერთი წიგნი ცოტა ხნის წინ საბას პლატფორმაზე განთავსდა, თუმცა თავად ცოტნე აპლიკაციის მოხმარებელი უკვე დიდი ხანია, არის.

ფოტო: ცოტნე ავსაჯანიშვილი / FB

"მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ელექტრონულს ხელშესახები წიგნი მირჩევნია, საბას აპლიკაცია ძალიან კარგია. მახსოვს, რაღაც პერიოდი საბაზე რომ ვკითხულობდი ხოლმე, იქვე ვხსნიდი კომპიუტერით, ან კიდევ ვორდის ფაილებში ვკითხულობდი და მაინცდამაინც კომფორტული არც ერთი იყო. თუმცა ახლა აპლიკაცია ბევრად მოსახერხებელია — სანიშნიც აქვს, სარჩევის გახსნაც შეგიძლია. ის მაქსიმალურადაა ადაპტირებული და მორგებული მკითხველის სურვილებს".

ბეჭდური წიგნების კითხვას ამჯობინებდა მსახიობი და მარკეტინგის სპეციალისტი მარიშკა ჯავახაძეც, თუმცა კარანტინის პერიოდში მოწყობილი აქციის დროს საბას აპლიკაციით სარგებლობა დაიწყო და მისით კმაყოფილია.

"ამ დრომდე მეგონა, რომ არ შემეძლო ელექტრონული წიგნების კითხვა, თუმცა აქციის დროს ჩავერთე და ძალიან კმაყოფილი ვარ. დღემდე ვსარგებლობ აპლიკაციით, შეძენილი მაქვს ოთხი წიგნის პაკეტი. მომწონს ისიც, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია, გავზარდო ფონტის ზომა, შევცვალო ფონი და ა.შ. ეს კი ძალიან კომფორტულია ჩემთვის", — ამბობს ჯავახაძე.

მისი ნახსენები "ოთხი წიგნის პაკეტი" აპლიკაციის კიდევ ერთი სიახლეა. თუკი განახლებულ აპლიკაციამდე თქვენ მხოლოდ წიგნების შეძენა შეგეძლოთ, გასულ წელს საბამ მომხმარებელს ე.წ. გამოწერის სერვისი შესთავაზა. ამ სერვისით შეგიძლიათ, განსაზღვრული რაოდენობის წიგნის პაკეტი შეიძინოთ და ნებისმიერ დროს შეცვალოთ წიგნები საბას ბიბლიოთეკიდან. თუკი, მაგალითად, ერთი წიგნის პაკეტს შეიძენთ, შეძლებთ, 6-ათასიანი კატალოგიდან ნებისმიერი აირჩიოთ, დასრულების შემდეგ კი იგი დააბრუნოთ და სხვა წიგნის წაკითხვა დაიწყოთ. აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს ოთხწიგნიანი პაკეტით უფასოდ სარგებლობის უფლებაც ჰქონდათ.

საბკულტურა

აპლიკაციის მსგავსად, საბკულტურის მოძრაობაც კარანტინის პერიოდში გახდა განსაკუთრებით პოპულარული. როგორც ჟვანია აღნიშნავს, უფასო აქციის ფარგლებში შეთავაზებული დიდი ასორტიმენტიდან მკითხველებს არჩევანის გაკეთებას ფეისბუქჯგუფი უადვილებდა, სადაც საინტერესო რეკომენდაციების და რჩევების მიღება არა მხოლოდ სხვა მკითხველებისგან, არამედ ცნობილი ლიტერატორებისა და მწერლებისგანაც არის შესაძლებელი.

საყვარელი ავტორებისგან მიღებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია მარიშკა ჯავახაძისთვისაც, რომელიც ჯგუფის აქტიური წევრია:

"საბკულტურის წევრი, მგონი, შექმნის დღიდან ვარ და ძალიან მომწონს. სხვებისგან განსხვავებით, ეს ის ჯგუფია, სადაც თვითონ მწერლები იძლევიან სხვადასხვა წიგნის რეკომენდაციებს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი მწერალი, ზაალ სამადაშვილი, ასევე აქტიურია ჯგუფში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ავტორებისგან მივიღო პირდაპირ რეკომენდაციები და რამდენადაც ვიცი, ამ თვალსაზრისითაც, ეს ერთადერთი ჯგუფია.

"ამასთანავე, ძალიან მოწესრიგებული სივრცეა — არ ირღვევა კანონი და არ ვრცელდება, მაგალითად, წიგნის არალეგალური ფაილები. ამდენად, ქაოსური ჯგუფი არ არის და მარტივია ინფორმაციის მიღება", — აღნიშნავს ჯავახაძე.

ფოტო: მარიშკა ჯავახაძე / FB

საბას მარკეტინგის მენეჯერიც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ჯგუფის პოლიტიკას:

"ჩვენი ჯგუფი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საავტორო უფლებების დარღვევას. შესაბამისად, აკრძალულია ე.წ. PDF ფაილების გავრცელება. წევრებს, რომლებიც წესს არ ემორჩილებიან, ჯერ გაფრთხილება ეძლევათ, ხოლო შემდეგ ჯგუფის დატოვება უწევთ. ამგვარად იქმნება სივრცე, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთია, სადაც გამონაკლისის გარეშე მთელი კონტენტი ლიტერატურას ეხება. ამას თავად უზრუნველვყოფთ და ვადასტურებთ მხოლოდ ლიტერატურასთან კავშირში არსებულ პოსტებს, შესაბამისად, რეკლამას და არათემატურ მასალას ჯგუფში ვერ შეხვდებით. ამ მხრივაც მგონია, რომ გამორჩეული ჯგუფია — ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევქმენით სივრცე, სადაც მკითხველს შეუძლია, შემოვიდეს, განიტვირთოს და მიიღოს საინტერესო ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურაზე", — დასძენს ჟვანია.

როგორც მარიშკა ჯავახაძემ აღნიშნა, მისი საყვარელი ავტორი, ზაალ სამადაშვილიც, ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. მისი რეკომენდაციები კვირაში რამდენჯერმე ქვეყნდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. სამადაშვილი თავად საბას აპლიკაციის მომხმარებელიცაა და მას დადებითად აფასებს.

"საბას ელექტრონული წიგნების სახლის ბიბლიოთეკა ძალიან კარგი და სასარგებლოა. ზოგადად, რაც უფრო მეტ ბიბლიოთეკასთან გაქვს წვდომა, მით უფრო მეტი სარგებლის მომტანია ეს შენთვის. ამდენად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ", — ამბობს სამადაშვილი.

რაც შეეხება საბკულტურას, მისი თქმით, ჯგუფში თავდაპირველად არ აპირებდა განსაკუთრებულ აქტიურობას, თუმცა, თანდათანობით უფრო მოეწონა ეს პროცესი: როცა შეუძლია, თავისი საყვარელი წიგნი, თუნდაც გასულ საუკუნეში წაკითხული, აუდიტორიას წარუდგინოს და ახალი მკითხველები დააინტერესოს ტექსტით.

ფოტო: ზაალ სამადაშვილი / FB

გარდა რეკომენდაციების წერისა, სამადაშვილი თავადაც აქტიურად ადევნებს თვალყურს ჯგუფში არსებულ სიტუაციას, რამდენადაც, როგორც აღნიშნავს, მისთვისაც საინტერესოა დაკვირვება მკითხველებსა და მათ მცდელობაზე, იურთიერთონ რეკომენდაციების საშუალებით. ყველაზე მეტად კი ის მოსწონს, რომ ამ სივრცეში ყველა თანასწორია:

"საბკულტურა თავისუფალი სივრცეა. აქ არ ხდება განსხვავება, ვინ რამდენი წლისაა და რომელი პროფესიის წარმომადგენელი. ყველას ეძლევა შესაძლებლობა, გამოთქვას აზრი, თუნდაც მცდარი. ამან შეიძლება აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვიოს, თუმცა მე ეს მომწონს — ეს თანასწორი ურთიერთობა მკითხველებს შორის. აქ ყველა მკითხველები ვართ, მიუხედავად ასაკისა და ლიტერატურის ღრმა თუ ზერელე ცოდნისა, და ეს გვაერთიანებს.

საბკულტურა მოძრაობაა, რომლის წევრებსაც გვჯერა, რომ კითხვაში გატარებული ყოველი წუთი ცვლის ადამიანების ფიქრებს, ფიქრები ცვლიან ქმედებებს, ქმედებები კი — სამყაროს!

"ამასთანავე, ეს ხელს უწყობს ადამიანებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი შთაბეჭდილება. არსებობს კლიშეები: მაგალითად, როგორ შეიძლება, ესა თუ ის ავტორი არ მომწონდეს? წიგნები იწერება მკითხველისთვის, შესაბამისად, მას სრული უფლება აქვს, თუნდაც დიდი სახელის მქონე ავტორის წიგნი მოეჩვენოს მოსაწყენად ან საერთოდ არ მოეწონოს ის. არაფერი მკრეხელური ამაში არაა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ თავისუფალი სივრცის არსებობა, რაც ჩვენთვის უჩვეულო იყო ათწლეულების განმავლობაში და შეიძლება, დღესაც არის — მართალია, იმდენად აღარ, როგორც ადრე, კომუნისტურ ეპოქასა და მომდევნო პერიოდშიც. თუმცა დამოკიდებულებები იცვლება და ეს კარგია", — ამბობს სამადაშვილი.

თავისუფლებასთან ერთად ჯგუფში განსატვირთად და ინფორმაციის მისაღებად ყველანაირი პირობაა შექმნილი. გარდა რეკომენდაციებისა, ეწყობოდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ლაივ-ჩართვები, სადაც ისინი განიხილავდნენ საინტერესო თემებს და პასუხობდნენ ჯგუფის წევრების შეკითხვებს. პროექტის ფარგლებში ლექციები ჩაატარეს გამომცემლებმა: მაია ალუდაურმა, თინა მამულაშვილმა, თამარ ლებანიძემ, გვანცა ჯობავამ; მწერლებმა: ზაალ სამადაშვილმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა, ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ და სხვა ლიტერატორებმა.

ამდენად, საბკულტურა ნამდვილად ის ჯგუფი იყო, სადაც კარანტინის პერიოდში ლიტერატურასთან და მკითხველებთან ურთიერთობის სიმცირეს ივსებდნენ ადამიანები. ამაზე საუბრობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და მოსწავლე, ვასო კუსიანიც:

"საბა, დაახლოებით, ერთი წელია, რაც აღმოვაჩინე, თუმცა მისი გამოყენება უშუალოდ პანდემიის მძვინვარების დროს დავიწყე, რადგან მანამდე მეგონა, რომ ვერ იქნებოდა ისეთი გამოყენებადი, როგორიც წიგნია. თუმცა კითხვის პროცესში გავეცანი ყველა შესაძლებლობას, რასაც SABA Reader იძლეოდა, ამ ყველაფერმა კი აზრი შემაცვლევინა. სწორედ ამ აპლიკაციის საშუალებით შევივსე ის დეფიციტი, რომელიც წიგნის მაღაზიების დაკეტვით იყო გამოწვეული".

ფოტო: მარიამ ფარქოსაძე

საბკულტურის სივრცის არსებობა მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია გამომცემელ გვანცა ჯობავასაც. იგი თავადაც იღებდა მონაწილეობას ჯგუფში ჩატარებული ლაივ-ჩართვების ციკლში და მას საინტერესო გამოცდილებას უწოდებს.

"მიმაჩნია, რომ ასეთი სივრცის — ამ შემთხვევაში ფეისბუქჯგუფის — არსებობა ჩვენთვის, გამომცემლებისთვის და ჩემთვის პირადად, როგორც მკითხველისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ამ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტები მეტად საინტერესოა და ერთგვარად, მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია ლიტერატურაზე, განსაკუთრებით კი — ახალი გამოცემების შესახებ. ამასთანავე, მათ შეუძლიათ, ერთმანეთს გაუზიარონ რჩევები და რეკომენდაციები".

ჯობავას აზრით, ჯგუფის არსებობა სასიკეთოდ ადგება ქართულ ლიტერატურულ სივრცეს, რამდენადაც იგი გამოცემლებისთვის დაკვირვების საშუალებასაც იძლევა, რომ თვალი მიადევნონ მკითხველების ინტერესებს თუ გამოხმაურებას და, ამასთანავე, გამოიყენონ სივრცე საინფორმაციო თვალსაზრისითაც.

ფოტო: გვანცა ჯობავა / FB

"განსაკუთრებით საინტერესო იყო ლაივ-ჩართვის საშუალებით კონტაქტი ჯგუფის წევრებთან. ეს პანდემიის პერიოდს დაემთხვა, როცა ყველას მეტი სიახლოვე გვჭირდებოდა ჩვენს მკითხველთან. ამ სივრცეში მომეცა დრო და საშუალება, გამეზიარებინა ინფორმაცია და შემეტყობინებინა სიახლეების შესახებ, რომელიც გამომცემლობა ინტელექტს ჰქონდა იმ პერიოდისთვის. მსმენელებისგან მივიღე გამოხმაურებაც კომენტარების საშუალებით. ვფიქრობ, ურთიერთგაზიარება და ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მკითხველისთვის, ასევე ჩვენთვის — გამომცემლებისათვის. ასე რომ, ეს ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იყო; იმედი მაქვს — მკითხველებისთვისაც", — დასძენს ჯობავა.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მომავალში?

კარანტინის დროს შექმნილმა აქციამ და ახალმა მკითხველებმა საბას მეტად უბიძგა დახვეწისა და განვითარებისაკენ. ნატა ჟვანიას თქმით, ისინი მუდმივად ცდილობენ, საკუთარ მომხმარებლებს უფრო კომფორტული სერვისი შესთავაზონ.

"ამის ერთ-ერთი მაგალითია პროექტი 'ორი ერთის ნაცვლად', რომლის საშუალებითაც მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, მათი პაკეტის იდენტური ვერსია მეგობარს ერთი თვით სრულიად უფასოდ გაუზიარონ. ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საინტერესო და მათთვის ხელსაყრელი აქციები", — აღნიშნავს იგი.

ცოტა ხნის წინ დაიწყო ახალი პროექტის მზადებაც, რომელიც ინდიგოსთან ერთად იქმნება. პროექტის ფარგლებში ცნობილი პოეტები და პროზაიკოსები ხმოვანი წიგნების შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ ტექსტებს თავად წაიკითხავენ.

გრძელდება პროექტებიც: "მკითხველის ინტერვიუ" და ლაივ-ჩართვები საბკულტურის ჯგუფში.

თუმცა, მთავარი სიახლეები, ცხადია, წიგნების ბაზის გაზრდას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ საბა დღესაც სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს დიდ არჩევანს, სადაც ნებისმიერი გემოვნების მკითხველს შეუძლია, საინტერესო საკითხავი იპოვოს, მომავალში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმოვან წიგნებს.

"ძალიან მალე ვიწყებთ თანამშრომლობას გუდასთან, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-ის დაარსებული აუდიო წიგნების სახლია და ჩვენი აპლიკაციის საშუალებით მკითხველებს და წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ხმოვან წიგნებთან ერთად გუდას წიგნებსაც მოუსმინონ", — ამბობს ჟვანია.

საბა ასევე ინოვაციური იდეების განხორციელებასაც გეგმავს. მალე ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული ბესტსელერების მოსმენაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, როგორც ნატა ჟვანია აღნიშნავს, გრძელდება ბეჭდური წიგნების გამომცემლებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რათა ტექსტური მასალისა და ხმოვანი წიგნების გარდა, პლატფორმაზე განთავსებული ლექცია-პოდკასტების რაოდენობაც გაიზარდოს:

"ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული მკითხველისა და ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანისათვის საინტერესო მასალა მოიძებნებოდეს ჩვენს აპლიკაციაში".

საბას დაანონსებულ ამ და სხვა სიახლეებისთვის თვალის დევნება ოფიციალური ფეისბუქგვერდის და სხვა არხების მეშვეობითაა შესაძლებელი. მანამდე კი, შეგიძლიათ, დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ და SABA Reader-ის საშუალებით კითხვის ახალ გამოცდილებას ეზიაროთ.

SABA Reader-ის გადმოწერა შეგიძლიათ Android-სა და iOS-ზე.

ამავე თემაზე: