ხელოვნების ნეოლითური რევოლუციისთვის საფუძველი დაკრძალვის უჩვეულო რიტუალს შეიძლება დაედო
ხელოვანთათვის სიკვდილი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა შთაგონების წყაროს. მართლაც, ამ ბუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით ხელოვნების მრავალი ნიმუში შექმნილა. იორდანიაში ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით კი, სიკვდილსა და გარდაცვლილის ამოთხრის უჩვეულო პროცესს, შესაძლოა, ნეოლითური აზიისთვის მნიშვნელოვანი არტისტული რევოლუციისთვის ჩაეყარა საფუძელი.
ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოს და დიდი ბრიტანეთის მკვლევრებმა ეს დასკვნა იორდანიაში ნაპოვნი უამრავი უჩვეულო ნივთის შესწავლის შემდეგ გამოიტანეს. თავდაპირველად, დაკბილული ნივთების ანალიზისას მკვლევრებს ეგონათ, რომ ისინი ხელსაწყოებს წარმოადგენდნენ. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ნივთები — მართალია, მოუხეშავად — მაგრამ სპეციალურად გამოსახავდა ადამიანის სხეულის ფორმებს.
როგორც ჩანს, ეს ადამიანის ფიგურები ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 500 წელს დამზადდა — მას შემდეგ, რაც დასავლეთ აზიაში ადამიანის გამოსახვა უფრო პოპულარული გახდა. თუმცა უცნობია, თუ კონკრეტულად რა მიზნით დაიწყეს იორდანიის მაცხოვრებლებმა ამ სკულპტურების შექმნა.
მკვლევრების თქმით, ფიგურები იმ ადგილებშია ნაპოვნი, სადაც ნეოლითური საზოგადოების წარმომადგენლები საკუთარ მკვდრებს მარხავდნენ. ნაპოვნი შვიდი ნამარხიდან უმეტესობა თავდაპირველი დამარხვისა და ნაწილობრივ გახრწნის შემდეგ ხელახლა ამოთხრილი და უკანვე, მიწაში დაბრუნებულია.
ფიგურების შეგროვების შემდეგ მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ისინი დაკრძალვის რიტუალის ნაწილს შეადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები უცნობია, მათი აზრით, თითოეული ფიგურა გარდაცვლილს სიმბოლურად წარმოადგენდა და ნივთი მისთვის პატივის მისაგებად მზადდებოდა.
"ეს რიტუალები ალბათ დაღუპულების ხსოვნისთვის იმართებოდა. ფიგურების არსებობა კი მიგვანიშნებს, რომ ინდივიდებს ქვებზე სიმბოლურად გამოსახავდნენ", — აცხადებენ მკვლევრები.
მართალია, უხეში ფორმის ეს ფიგურები მკვლევრების თეორიის დასამტკიცებლად საკმარისი არაა, თუმცა დასკვნა ფიგურების სხვა ნიმუშებთან შედარებით გაკეთდა. მაგალითად, არქეოლოგებმა მსგავსი ნაკეთობები, რომლებსაც ასევე ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდათ, იორდანიის სხვა საკვლევ ტერიოტირებზეც იპოვეს.
კომენტარები