"ბაჭიების ებოლა" აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში კურდღლებს ანადგურებს
აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში ათასობით გარეული თუ შინაური კურდღელი ჰემორაგიული დაავადების ვირუსის (RHDV2) გამო კვდება. როგორც ირკვევა, ვირუსი დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
"ჩვენ მას ბაჭიების ებოლას ვეძახით",— აღნიშნა ამანდა ჯონსმა, ტეხასელმა ვეტერინარმა.
რეალურად, ამ დაავადებას ებოლასთან კავშირი არ აქვს, თუმცა იგი მასავით საშიში და მომაკვდინებელია. ვირუსი კურდღლების შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებში ნახეთქებს აჩენს, რის შედეგადაც მძიმე შინაგანი სისხლდენა ვითარდება. ხშირად ისე ხდება, რომ ცხოველის ინფიცირების შესახებ მხოლოდ მისი მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ხდება ცნობილი.
საოცრად სწრაფი
ეს ეპიდემია უკვე მეოთხედ ფიქსირდება აშშ-ში (მეცნიერებმა დაავადების პირველი შემთხვევა 35 წლის წინ, ჩინეთში აღწერეს). თუმცა ახლა პირველად მოხდა, რომ ვირუსი შინაური ცხოველებისგან ველურ ბუნებაში გავრცელდა და ჩრდილოეთ ამერიკის ბინადარ გარეულ კურდღლებსა თუ მებულულეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
2018 წელს დაავადება ოჰაიოში, შინაურ კურდღლებს შორის გავრცელდა. შემდეგ ეპიდაფეთქება დამოუკიდებლად, ვაშინგტონის შტატში აღმოცენდა. თებერვლის ბოლოს ათეულობით კურდღელი მოკვდა მანჰეტენზე, ფრინველთა და ეგზოტიკურ ცხოველთა მედიცინის ცენტრში. ახლა მიმდინარე ეპიდემია ამ შემთხვევებთან კავშირში არ არის.
"ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ საიდან დაიწყო ეს ეპიდემია. იგი ზვავივით სწრაფი და დაუნდობელია", — აღნიშნავს რალფ ციმერმანი, ვეტერინარი ნიუ-მექსიკოდან. ამ შტატში მარტიდან ივნისამდე 500 ცხოველი დაინფიცირდა.
ნიუ-მექსიკოს შტატში ვირუსთან ბრძოლისთვის დეპოპულაციის პოლიტიკას ატარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შტატი თითოეულ ფერმერს ავალდებულებს, კურდღლის ინფიცირების შემთხვევაში დანარჩენებს ევთანაზია ჩაუტაროს. მაგალითად, თუ 600-კურდღლიან ფერმაში ვირუსი თუნდაც ერთს გამოუვლინდება, მეპატრონე ვალდებული იქნება, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მთელი ფერმა გაწყვიტოს.
ადვილად გადამდები, რთულად გასანადგურებელი
"ბაჭიების ებოლა" ძალიან ეფექტიანი მკვლელია. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 3 დღეს შეადგენს. ამ პერიოდში კურდღლები მადას და ენერგიას კარგავენ. ზოგჯერ სიმპტომები საერთო არ ვლინდება — ცხოველები სრულიად მოულოდნელად ეცემიან და კვდებიან. როგორც ირკვევა, ვირუსი ღვიძლსა და ელენთას იმგვარად აზიანებს, რომ სისხლის შედედების ფუნქცია მწყობრიდან გამოდის. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე ეპიდემიაში სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს.
RHDV2 სისხლით, შარდით და ექსკრემენტებით ვრცელდება. სიკვდილს გადარჩენილი კურდღლები დანარჩენებს სასიცოცხლო საფრთხეში აგდებენ, რადგანაც მათ ვირუსის გავრცელება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში შეუძლიათ.
ვირუსი სხვა ცხოველებსა და ადამიანებში არ ვრცელდება, თუმცა იგი მჭიდროდ ეკვრის თმას, ფეხსაცმელსა თუ ტანსაცმელს და ამგვარად ვრცელდება მეკურდღლეობის ერთი ფერმიდან მეორეში. თუ კურდღელი ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირს შეეხება, იგი მალევე ავადდება. როგორც ირკვევა, მისი გავრცელება ამ ცხოველთა შორის გავრცელებულ მწერებსაც შეუძლიათ.
ვირუსის განადგურება საკმაოდ რთულია. მას ოთახის ტემპერატურაზე 3 თვეზე უფრო დიდი ხნით შეუძლია არსებობა. იგი საათზე მეტ ხანს უძლებს 50°C ტემპერატურას და მას ყინვა ვერაფერს აკლებს. აშშ-ში ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არც ეფექტიანი მკურნალობის კურსი და არც ვაქცინა არსებობს.
ვაქცინის მოლოდინში
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ს ჯერ არ აქვს. ვეტერინარები USDA-ს სთხოვენ, რომ საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ვაქცინის იმპორტი დაიწყონ. თუმცა ეს პროცესი შეიძლება თვეების მანძილზე გაიჭიმოს. აღსანიშნავია, რომ USDA ცდილობს, RHDV2-ს ვაქცინა დამოუკიდებლად აწარმოოს — ამ პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს.
"ეს პრობლემა არსად გაქრება, იგი აქ დარჩება", — აცხადებს ვეტერინარი ამანდა ჯონსი
კომენტარები