ახალი პროექტი 12: თანამედროვე ხელოვნება თქვენს მობილურზე
დრო, როცა ხელოვნების სანახავად რაიმე კონკრეტულ ადგილას წასვლა იყო საჭირო, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა.
თანამედროვე მხატვრები ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ არსებობას. ისინი პირდაპირები არიან, თავხედურად იჭრებიან ყოველდღიურ სივრცეში და თვალებში გვეჩხირებიან, მაგრამ ეს ნებადართული ინტერვენციაა. ჩვენც გვჭირდება შემოქმედების გარკვეული დოზა, რომ ვიფუნქციონიროთ. გვჭირდება ხელოვნების დონემდე აყვანილი რეკლამები და გრაფიტი სამსახურის გზაზე, რომ ორი წამით ჩავფიქრდეთ, სანამ რუტინულ საქმეებს შევუდგებოდეთ. შეუძლებელია, ადამიანის ყოველდღიურობა ხელოვნებისგან დაცალო, რადგან რაიმეს შექმნა ან შექმნილით ტკბობა ჩვენი ცნობიერების ნაწილია. თანამედროვე ხელოვნების არსიც სწორედ ესაა. ის ყველგანაა, სადაც არის მისი მომხმარებელი.
რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. მეოცე საუკუნის შუა პერიოდის მხატვრულმა მიმდინარეობებმა ყველაფერი სანაგვეზე მოისროლა, რისიც მანამდე სჯეროდა საზოგადოებას. ენდი ვორჰოლის ხელოვნებამ ზღვარი კომერციულ რეკლამასა და ნამდვილ არტს შორის უკვალოდ გააქრო. მის არტ-სტუდიაში ყველაფერი იქმნებოდა, რაც მხატვრებს მოაფიქრდებოდათ. თავად კი კემპბელის სუპის ქილების, ველვეტ ანდერგრაუნდის ალბომის ყდის და კოკა-კოლას ეტიკეტის დიზაინზე მუშაობდა. აბა მისთვის გაგებედათ და გეთქვათ, რომ ეს ხელოვნება არაა. მთავარი თუ ხალხთან კომუნიკაციაა, რა უნდა იყოს ამაზე ადვილი გზა, რომ ვინმეს ყოველდღიურობაში შეაღწიო?! რატომ არ შეიძლება შედევრი გალერეაში კი არა, მაღაზიაში ნახოს ადამიანმა...
ასე დაიწყო ბიზნესისა და ხელოვნების მეგობრობა. მაისურებზე გადატანილი ილუსტრაციები, ყავის ჭიქაზე მოთავსებული გრაფიკული ნამუშევრები, საძინებლის კედელზე პოსტერი — ეს ყველაფერი რამდენიმეეტაპიანი ბრძოლისა და აზრთა სხვადასხვაობის მონაპოვარია. საბოლოოდ ხელოვნება ისეთივე ყოველდღიური გახდა, როგორც გაღვიძება, ჭამა და დაძინებაა.
პირველ დეკემბერს თიბისი ბანკმა საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილი ახალი პროექტი 12 წარუდგინა. 12-მა თანამედროვე არტისტმა საშუალება მოგვცა, ხელოვნება ჯიბით თან ვატაროთ. ფეისტიკერი, რომელიც ფუნქციონალურის გარდა, მხატვრულ ღირებულებას ატარებს, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აირჩიოთ და როგორც ყველა თანამედროვე პროდუქტს შეეფერება, სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთოთ.
კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები სხვადასხვა ვიზუალურ ხელოვნებასა თუ მედიას ეკუთვნის: ინსტალაცია, შუქის ხელოვნება, ფოტოგრაფია, გრაფიტი, სტრიტარტი, გრაფიკა -ამ ჩამონათვალიდან შეგიძლიათ არჩევანი იმ მიმართულებაზე შეაჩეროთ, რომელიც უფრო მოუხდება თქვენს სმარტფონს.
მსგავს მასობრივ წარმოებაზე გასვლა არტისტებისთვისაც დიდი გამოწვევაა. ყოველდღიურად უამრავმა ადამიანმა დღეში რამდენჯერმე უნდა უყუროს მათ ნამუშევრებს, რაც ხელოვნების ობიექტისა და ადრესატის იმაზე უფრო მჭიდრო კონტაქტია, ვიდრე ნამუშევრის კედელზე ჩამოკიდებაა.
ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე — ეს ის ხელოვანები არიან, რომელთა ნამუშევრებიდან თიბისი ბანკის მომხმარებელი მისთვის სასურველ სტიკერს აირჩევს.
"ამ პროექტით 12 თანამედროვე ქართველი მხატვრის ნამუშევარს ახალი ფორმით ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს. ვფიქრობთ, ეს არტისტებისთვისაც დიდი გამოწვევაა. შეიძლება ისინი პოპულარულები არიან საქართველოში თუ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, თუმცა ამ ფორმით ჩვენ მათ შემოქმედებას უფრო ხელმისაწვდომს ვხდით. ამასთანავე 2017 წელს თიბისი ბანკს 25 წელი უსრულდება და ეს იქნება გზავნილი ყველა ახალგაზრდა და დამწყები ხელოვანისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ მათთან ურთერთობისთვის",
— ამბობს თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე.
თიბისი ბანკის არტთან კოლაბორაციის თვალსაზრისით, პროექტი 12 ნამდვილად არაა სიახლე, მაგრამ ინოვაციაა ფორმატიდან გამომდინარე. ფეისტიკერებზე არასდროს ყოფილა ჟანრისა თუ ვიზუალის ასეთი ფართო არჩევანი.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი — 12.ge, რომლის პრეზენტაციაც გამოფენაზე შედგა. ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური და ტექსტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია ვებგვერდზევე შეუკვეთოს სასურველი ვიზა ფეისტიკერი და ჩაერთოს ხელოვნების პოსტმოდერნისტულ თამაშში, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
12-ის ერთ-ერთი მონაწილეა ვიზუალური არტისტი თეზი გაბუნია, რომლის პროექტიც "შეყავი თავი გალერეაში" სოციალურ ქსელში მალევე გახდა პოპულარული. პროექტის მთავარი მიზანი იყო ნებისმიერ მსურველს ხელოვნების დამკვირვებლად ეგრძნო თავი. წარმოედგინა, რომ გოლიათია, რომელიც ადამიანთა კულტურულ მიღწევებს საკუთარი პერსპექტივიდან აკვირდება. პროექტმა ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გალერეის, Art People Gallery-ს ყურადღებაც კი მიიპყრო, რომელსაც ოთხი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
ზოგადად, ძალიან რთულია, ბიზნესი ისე ემეგობროს ხელოვნებას, რომ თავისი ინტერესებით არ დააზიანოს. ეს ვიწრო ბილიკია, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროს ყველა დამკვეთმა. თანამშრომლობის სანაცვლოდ არტისტები იმას იღებენ, რაც საბოლოო ჯამში ყველა ხელოვანის მიზანია: აქტუალურობას, პოპკულტურაში გადასვლის შანსს, ხელმისაწვდომობას.
ვნახოთ, როგორ მიიღებს საზოგადოება არტს, რომელიც კედლის ნაცვლად მობილურ ტელეფონზე იქნება გამოფენილი. თიბისი ბანკი იმედოვნებს, რომ მალე მას სხვა კომპანიებიც შეურთდებიან თანამედროვე არტისტებთან მეგობრობის რთულ, მაგრამ კეთილშობილ საქმეში.
კომენტარები