არქეოლოგებმა გეორადარით მიწისქვეშ არსებული რომაული ქალაქის რუკა შეადგინეს
ისტორიაში პირველად არქეოლოგებმა გეორადარის მეშვეობით მიწის ქვეშ არსებული მთლიანი ქალაქის რუკა შეადგინეს.
უძველესი რომაული ქალაქი ფალერი ნოვი რომისგან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მისი აქამდე არსებული რუკა სრულყოფილი არ არის, რადგან მკვლევრებისთვის პროექტის განმავლობაში მოპოვებული საოცრად დიდი ინფორმაციის გაანალიზება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა.
მკვლევრებმა შენობების, მონუმენეტების, კორიდორებისა და კანალიზაციის მილების ადგილმდებარეობის დადგენა გათხრების გარეშე შეძლეს. აქამდე უცნობი არქიტექტურული ნამუშევრების აღწერით მათ ქალაქში დროთა განმავლობაში მიმდინარე ცვლილებების დოკუმენტაცია და ისეთი უნიკალური ელემენტების აღმოჩენა შეძლეს, როგორებიც უძველეს რომში სხვაგან არსად გვხვდება.
მკვლევრებმა დაახლოებით 30 ჰექტარის მოცულობის ტერიტორიის ყოველი 12,5 სანტიმეტრი დაასკანერეს. ქალაქი ტექნოლოგიის ტესტირებისთვის იმიტომ აირჩიეს, რომ იგი ტყით ან მის ზემოდან დაშენებული სხვა ძეგლით დაფარული არ არის. მას ასევე იტალიური კანონმდებლობა იცავს.
"ქალაქს კანონი რომც არ იცავდეს, მსგავსი მასშტაბის გათხრების წარმოება შეუძლებელი იქნებოდა", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
გეორადარის მეშვეობით მათ აბანოების კომპლექსის, ბაზრის, რამდენიმე ტაძრის, ღია ცის ქვეშ არსებული თეატრისა და სავაჭრო სივრცის აღმოჩენა შეძლეს. მათ ასევე დიდი მონუმენტი იპოვეს, რომელიც ორი სტრუქტურისგან შედგება და სახით ერთმანეთს უყურებენ. მსგავსი რამ უძველესი რომის ტერიტორიაზე ჯერ არსად უპოვიათ.
"ფალერი ნოვი ჩვეულებრივი რომაული ქალაქია, მაგრამ მისი არქიტექტურული დეტალები ნამდვილად შთამბეჭდავია", — აღნიშნავენ ავტორები.
ფალერი ნოვი თავისი განლაგებით უძველესი რომის სხვა ქალაქებისგან განსხვავდება, რადგან ის ნაკლებად მკაცრადაა სტრუქტურირებული. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალაქში სპეციალური წმინდა ადგილები არსებობდა. ახლა კი ქალაქის განაპირა არსებულ ამ სივრცეებში დიდი შენობებიც იპოვეს. თუმცა ამ წმინდა ადგილებზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.
ძალიან დიდი ინფორმაციის გასაანალიზებლად მკვლევრები პროცესის ავტომატიზებას გეგმავევ. ამან კი, შესაძლოა, სხვა მრავალ აღმოჩენასთან მიგვიყვანოს. ახლახან ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვან საბუთს წარმოადგენს იმის დასამტკიცებლად, რომ უძველესი ქალაქების კვლევა გათხრების ჩატარების გარეშეც შესაძლებელია.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები