ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი სირთულეები შექმნა ჯანმრთელობის, სამუშაოს, ოჯახის, კვებისა და გართობის სფეროებში. ამასთან, ჩვენი გონების სიმშვიდისთვის ერთობ შემაწუხებელია მისით გამოწვეული სტრესი, რომელიც ხანდახან გვაიძულებს, საკუთარი არსებობის ბუნების შესახებ დავფიქრდეთ.

მრავალი ჩვენგანი თავს გამუდმებით უსვამს ეგზისტენციალურ კითხვებს: რატომ ხდება ეს ჩემს თავს? რატომ არ შემიძლია, ჩემი ჩვეული ცხოვრებით ვიცხოვრო? ვინ შექმნა ეს პრობლემა და რატომ?

სანამ მეცნიერები გამალებით მუშაობენ, ჩვენი ორგანიზმისთვის იპოვონ წამალი, ბუდისტურ სწავლებებს შეუძლიათ, აზრებით აბურდულ ჩვენს გონებას მოჰგვარონ შვება. ბუდას პასუხი არსებულ სიტუაციაზე მხოლოდ ეგზისტენციალურ ფაქტებზე კონცენტრირება იქნებოდა, რისი თავდაპირველი მიზანიც შეცნობა, ხოლო შემდეგ პრაქტიკული სარგებლის მომტანი მედიტაციით დაკავება გახლავთ.

აბეზარი მოწაფე

მალუნკიაპუტა, რომელიც 2 500 წლის წინ ბუდას მიმდევარი იყო ინდოეთში, სულიერ მოძღვარს არაერთ რთულ შეკითხვაზე დაჟინებით სთხოვდა პასუხის გაცემას.

ერთ დღესაც იგი ბუდასთან მივიდა და განუცხადა, რომ მას დაუყოვნებლივ სჭირდებოდა კითხვებზე პასუხები.

ბუდამ ანეკდოტით უპასუხა ერთ კაცზე, რომელიც მოწამლული ისრით დაიჭრა და სამკურნალოდ ექიმთან წავიდა. კაცმა დაიჟინა, რომ ისარს მანამ არ ამოაღებინებდა მკურნალს, სანამ არ ეცოდინებოდა, ვინ ესროლა და რატომ. ბუდას თქმით, სანამ კაცი ყველა კითხვაზე შეძლებდა პასუხის მიღებას, სული უკვე დიდი ხნის განტევებული ექნებოდა.

ფოტო: Mattia Faloretti / Unsplash

სულიერმა ლიდერმა ამ სწავლების მორალად ფილოსოფიურ კითხვებზე პასუხების ძებნისგან თავის არიდება და მხოლოდ ეგზისტენციალურ ფაქტებთან გამკლავება დასახა: "არსებობს დაბადება [...] დაბერება [...] სიკვდილი [...] მწუხარება, ვარამი, ტანჯვა, გოდება, სასოწარკვეთა" და მათთვის "წერტილის დასმა [...] აქ და ახლა".

ჩვენთვის დღეს ეს იმას ნიშნავს, რომ, მართალია, ასეთი კითხვების ქონა ბუნებრივია, მაგრამ მათ პასუხებზე დარდი მხოლოდ მეტ ტანჯვას თუ მოგვიტანს. უფრო ჭკვიანური იქნება, თუკი საკუთარი და სხვათა ტანჯვის შესამსუბუქებლად გავირჯებით.

არსებობის სამი ნიშანი

ის, რაც ბუდიზმის ამგვარად გააზრების შემდეგ რჩება, არის წმინდა ეგზისტენციალიზმი, რომლის არსი დროითი და სივრცული სამყაროდან მშვიდად გასვლა და, საბოლოოდ, ნირვანას მიღწევაა. ეს მდგომარეობა კი სიხარბის, სიძულვილის და ამპარტავნების არარსებობით განისაზღვრება.

ბუდიზმი გვასწავლის, რომ კორონავირუსის შედეგად ჩვენ უფრო მძაფრად აღვიქვამთ არსებობის სამ ნიშანს (ტილაკჰანას). ეს ნიშნებია: წარმავლობა (ანიკა), დაუკმაყოფილებლობა ან ტანჯვა (დუჰკჰა) და უმეობა (ანატა).

ახალი დაავადების ასეთმა უეცარმა გავრცელებამ სამყაროს წარმავლობა დაგვანახა. ამან შეგვახსენა ჩვენი აღსასრულის გარდაუვალობა და მასთან დაკავშირებული ტანჯვა, რის შედეგადაც უფრო ღრმად ჩავიხედეთ საკუთარ თავებში.

მცირე დეტალები

კონცენტრირება და მედიტაცია გვეხმარება, სიხარულის მცირეოდენ გამოვლინებებზე ვიყოთ ფოკუსირებულნი.

ფოტო: Samuel Austin / Unsplash

ბუდიზმში მედიტაციის პრაქტიკა თვითშესწავლის პროცესს უკავშირდება. ეს ყველაფერი ბუნებისადმი მეტად მზრუნველს გვხდის და ტანჯვის შემსუბუქებაშიც გვეხმარება. ამას ამბობს რამდენიმე ბუდისტური სუტა, რომელიც ბუდას მიერ წარმოთქმულ სწავლებებს აერთიანებს.

პროცესი მოიცავს იმ სურვილებისგან გათავისუფლებას, რომლებსაც როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური გამორჩენისთვის ვებღაუჭებით. ამისათვის საჭიროა მათი ნამდვილი ბუნების შეცნობა და მათი დაკავშირება ზემოთ ნახსენებ სამ ტილაკჰანასთან. მედიტაცია გვეხმარება, მცირედით ვიყოთ კმაყოფილი და ბედნიერება ცხოვრებაში ყველაზე მარტივმა და უბრალო რაღაცებმა მოგვანიჭოს.

მედიტირების საფეხურებს, რომლებიც სუტებში ისწავლება, შეუძლია, უწინამძღვროს ჩვენს გონებას, მოგვადუნებინოს სხეული და ჩვენს შეგრძნებებს სიმშვიდისა და ხალისის განცდაში დაეხმაროს. მიჩნეულია, რომ მედიტაცია ჩვენში თანდაყოლილად არსებულ, თუმცაღა მყიფე, ბედნიერებას თავისუფლებას ანიჭებს, რათა იგი აღარ იყოს დამოკიდებული სხეულის მდგომარეობასა და განწყობილებაზე, რადგან ეს უაკნასკნელნი წარმავალნი არიან.

საერთო სურათი

ამგვარ განსჯებს, მათი ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო, არა მხოლოდ სიმშვიდის და ბედნიერების მოტანა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია, არამედ სხვა სარგებელიც აქვს.

უპირველესად, გონების ამგვარად გაწვრთნით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი დისციპლინის შეტანას და სიფრთხილით მოქმედებას ვსწავლობთ, რაც განსაკუთრებით ფასეულია ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორშიც დღესდღეობით ვიმყოფებით.

ხელების ბანის მარტივი მოქმედებაც კი მედიტაციად შეიძლება იქცეს.

ფოტო: Nathan Dumlao / Unsplash

მედიტაცია ასევე შეიძლება დაგვეხმაროს პანიკის შეტევათა და, ზოგადად, საკუთარ ქცევათა იმგვარად კონტროლში, რომ მეტი სიფრთხილით დავაკვირდეთ, რას ვეხებით ან რისი შეხება არ ღირს (მათ შორის, საკუთარი სახის). იგი აგრეთვე დაგვეხმარება, დავიცვათ ჰიგიენა და დავიბანოთ ხელები რეგულარულად, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენ გარშემო მყოფებს და თავიდან ავიცილოთ ბაქტერიების გავრცელება.

ბევრს მიაჩნია, რომ მედიტაცია მთელ მსოფლიოს დაეხმარება, რადგან ის ადამიანებს უფრო გულისხმიერებად და წინდახედულებად აქცევს. პანდემიამ ყველა სოციალურ ფენაზე იმოქმედა (თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პერიოდი ეკონომიკურ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს). მედიტაციას შეუძლია, წარმავლობის, ხრწნის, სიკვდილის გაურდაუვალობის გააზრებით იმ პრივილეგიების გადაფასებაში დაგვეხმაროს, რომლებითაც დღეს ვსარგებლობთ. მედიტაცია მიგვანიშნებს, რომ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრება მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებითაცაა შესაძლებელი. ზოგიერთი კი ასევე შეძლებს, ნათელი მხარე დაინახოს ისეთ გარემოებებში, რომლებსაც უბედობად აღიქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ბუდიზმს უყურებს როგორც რიგით რელიგიას თავისი რიტუალებით, ღვთაებებისადმი ლოცვითა და დემონების განდევნით, ბუდა, ამასთან, შეგვიძლია, ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსად და მასწავლებლადაც მივიჩნიოთ. მან სამყაროს ბუნებისმიერი აღქმა დასახა იდეალად, რომლის მიხედვითაც, გამოსავლის პოვნა ზებუნებრივი ძალის დახმარებას არ საჭიროებს.

ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რისი მოტანაც მედიტაციას ძალუძს ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ნამდვილად ღირს იმ ბუდისტურ მიდგომებზე დაფიქრება, რომლებიც ამჟამინდელი კრიზისიდან გამოსვლაში შეიძლება დაგვეხმაროს.