ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ნოე ჟორდანიამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა — "ის თვით შეიქმნა თავისი ცხოვრების კულტურისა და შემოქმედების ამწყობი და დამწყობი".

იმის შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა, მისმა ეკონომიკურმა განვითარებამ დღემდე გრძელი გზა გაიარა. დღეს, საქართველოს ეკონომიკაში სხვა დარგებთან ერთად ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემაც ვითარდება, რომელიც რეგიონალურ და ზოგ შემთხვევაში გლობალურ ბაზარს ინოვაციურ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს. ზუსტად ასე შეიქმნა საქართველო საკუთარი ინოვაციური განვითარების ამწყობიც და დამწყობიც.

გაიცანით თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი ინოვაციური სტარტაპები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

WiFisher

ალბათ საჯარო სივრცეში უსადენო ინტერნეტთან დაკავშირების პროცესში სპეციალური სარელკამო ბანერი ერთხელ მაინც შეგხვედრიათ. ეს WiFisher-ია.

აღნიშნული სტარტაპის იდეა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიბადა, — "ვფიქრობდი იმაზე, რომ ახალი სტარტაპების უმრავლესობა მუშაობს ონლაინ სივრცეში პროდუქტების შექმნაზე. ეს ცოტა არარაციონალური მეჩვენებოდა, რადგან ციფრული სამყაროს განვითარება არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ მოუნდება სახლიდან გასვლა და ადამიანებთან უშუალო ურთიერთობა", — ყვება სტარტაპის თანადამფუძნებელი დავით ხოსროშვილი.

"WiFisher-ის მისია Offline და Online სამყაროებს შორის ხიდის აშენებაში მდგომარეობს", — აცხადებს დავითი.

ახალგაზრდა კომპანიას დღეისთვის უკვე 6 სხვადასხვა პროდუქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი Presicion-ია. დეპერსონალიზირებული მომხმარებელთა ქცევის ანალიტიკა, რომელიც ერთგული მომხმარებლებთან დაკავშირებული საჭირო და მნიშვნელოვანი ანალიტიკური მონაცემების შეგროვებას ახორციელებს. Precision დიდი მონაცემების გადამუშავების ღრუბლოვანი პლატფორმისა და მოწყობილობის კომბინაციით შეიქმნა, რამაც მომავალში კიდევ 4 ცალკე პროდუქტი შექმნა.

პროდუქტი დღეს საქართველოს ბაზარზე თავის კატეგორიაში ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა საქართველოს გარდა WiFisher-მა სადისტრიბუციო პარტნიორების ქსელი დამატებით 23 ქვეყანაში განავითარა.

Influence Georgia

სტარტაპის იდეა წიგნ Contagious წაკითხვის შემდეგ გაჩნდა. მასში მოყვანილი მაგალითი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეკითხებოდნენ ადამიანები ერთმანეთს აზრს სხვადასხვა პროდუქტის შესახებ ახალი სტარტაპის შთაგონებად იქცა.

"აქედან გამომდინარე, რადგანაც სტარტაპის ორივე დამფუძნებელს გვიყვარდა მარკეტინგი, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ბაზარზე აღმოგვეჩინა ის, რაც ჩვენი მარკეტინგის ინდუსტრიას აკლდა და ეს აღმოჩნდა ინფლუენსერ მარკეტინგი", — გვიყვება Influence Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თუშურაშვილი.

სტარტაპი Influence Georgia უკვე მესამე წელია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებობს. სტარტაპი ახორციელებს სარეკლამო კამპანიებს Instagram, Facebook, YouTube, Tiktok და სხვა სოციალურ მედია არხებზე, რომელთა დახმარებითაც ბრენდებს, პროდუქტებსა და პროექტებს სოციალური მედიის ტოპ ინფლუენსერებთან დაკავშირების საშუალება ეძლევა.

კომპანია მალე პირველ ქართულ ინფლუენსერ პლატფორმას — Echolize-ს წარმოადგენს, რომელიც არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე გასვლაში დიდ როლს ითამაშებს.

სტარტაპს უკვე აქვს სანდო და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორებიც არიან კოკა-კოლა, სამსუნგი და მაკდონალდსი. პანდემიის პირობებში კი საქართველოს ბანკთან და ლივინგსტონთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი Argacherde.ge, რომელმაც ქართულ ბიზნესს 128 000 ლარით დაეხმარა. ქართულმა სტარტაპმა ყველა წარმატებასთან ერთად მოიპოვა უცხოური დაფინანსება, რომელიც საერთო ჯამში 1 400 000 ლარს შეადგენს.

RedBerry

რედბერის ისტორია 2014 წელს იწყება, როდესაც მისმა დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპ იდეის დაფინანსება ბაზარზე ციფრული სააგენტოს სერვისების წარდგენით გადაწყვიტეს. მალევე ისე მოხდა, რომ სწორედ ეს იქცა მათ მთავარ საქმიანობად და უეცრად დაბადებულმა ციფრულმა სააგენტომ სტარტაპის თავდაპირველი იდეა სრულად ჩაანაცვლა.

დღეს, როდესაც ციფრულ სამყაროს ადამიანების ცხოვრებაში წამყვანი როლი უჭირავს, ინტერნეტი და სოციალური ქსელები კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი მედიუმია. რედბერის მთავარი ფოკუსი სწორედ ციფრული კომუნიკაციაა.

სააგენტომ პირველი ჯილდო ჯერ კიდევ 2017 წელს მოიპოვა, ახლა კი მათ უკვე ათეულობით საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული. 2019 წელს კი რედბერიმ Ad Black Sea-ზე წლის საუკეთესო სააგენტოს ტიტულიც მოიპოვა.

წლების განმავლობაში კომპანია ზომაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რედბერი ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოა, რომელიც უკვე მრავალ ბრენდს ეხმარება ციფრული მედიის, მონაცემების ანალიზისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მათი მომხმარებლისთვის ახალი ღირებულების შექმნაში.

რედბერიმ 2019 წელს საქართველოს კაპიტალისგან 3,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

Spy Recipe

სტარტაპი Spy Recipe არის ინოვაციური ბიზნეს მოდელი, რომელიც პროდუქტის შეფუთვის ახლებური სტილით მომხმარებლის ქცევას ნელ-ნელა ცვლის. იდეა გაჩნდა მილენიალების მოთხოვნით. თანამედროვე ადამიანისთვის დროის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვანია, უკვე შეზავებული სუნელი თანდართული რეცეპტით კი სასარგებლო და საჭირო გამოდგა კულინარიის მოყვარული ადამიანებისთვის.

"არსებობენ პროდუქტები რომლებიც მომხმარებლის ქცევის შესაბამისად იქმნება და არსებობენ პროდუქტები რომლებიც ცვლიან მომხმარებლის ქცევას. SPY RECIPE არის პროდუქტი, რომელიც შეცვლის მსყიდველობის მანერას, დაზოგავს დროს და მოგვცემს შედეგის გარანტიას." — აცხადებს მაკო ქავთარაძე

სტარტაპი აღიარებულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით მრავალ შეჯიბრში. მიიღო კრეატიული ბიზნესის თასი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების თანადაფინანსების გრანტი და სხვა. ამ ბიზნესმა წარმოშვა ისეთი ინოვაციური ბიზნესი როგორიცაა "რეცეპტების მუზეუმი", რომელიც თანამედროვე რეცეპტებს უკვე თავისი ისტორიით მომავალ თაობას შეუნახავს.

სტარტაპი უახლოეს მომავვალში "ფრენჩაიზინგის" აღმოსავლეთ ევროპაში გაყიდვასა და "რეცეპტების მუზეუმის" გაციფრულებას გეგმავს.

STYX

ფოტო: STYX

თავდაპირველად, სამმა მეგობარმა STYX სტანდარტული გადაზიდვების კომპანიად დაარეგისტრირა, თუმცა დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ ლოჯისტიკა რეგიონალურ და ქართულ სათანადო IT გადაწყვეტას საჭიროებდა. მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სხვა გადამზიდავი კომპანიების მსგავსად ძვირადღირებული ოფისის, გაყიდვების დიდი გუნდის და სხვა თანმდევი ხარჯების დაფარვა ისევ მომხმარებელს მოუწევდა. ასეთი სახით, გადამზიდავი კომპანიების ბიუროკრატიისა და გაზრდილი ფასების გამო დაჩაგრული ისევ მყიდველი რჩებოდა. სტიქსმა მომხმარებლისთვის გაცილებით ხელსაყრელი გზა აირჩია.

"ვფიქრობ, ტექნოლოგიის განვითარება უკვე იძლევა ბევრ სფეროში, მათ შორის ლოჯისტიკაშიც ადამიანური ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას... ჩვენ თავს ვუყრით ცოდნას, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში არსებობს და ამ წარმოუდგენლად ძლევამოსილ რესურსს ლოჯისტიკის ავტომატიზაციისკენ მივმართავთ", — აცხადებს თანადამფუძნებელი ლაშა გორგოშიძე.

ლაშას თქმით ინოვაციურია როგორც სტიქსის პროდუქტი, ისე მისი ბიზნეს მოდელი, გუნდის მიდგომები და კულტურაც კი — "მუდამ ვექსპერიმენტირებთ და არასდროს ვჩერდებით. ვმუშაობთ ყველგან და ყოველთვის."

პროექტს გავლილი აქვს არაერთი ვალიდაცია. საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც პროექტს სხვადასხვა საკონკურსო კომისიის ფორმატში აფასებდნენ დღემდე მუდმივ კავშირზე არიან და მხარს უჭერენ სტიქსს.

Stack

სთექი ხუთმა მეგობარმა, დაჩი გუბაძემ, ზვიად სიჭინავამ, დავით გავაშელმა, გიორგი ლალიაშვილმა და ირაკლი ფხაკაძემ შექმნეს. გუნდში სტარტაპის წარმატებისთვის ყველა საჭირო რგოლმა მოიყარა თავი: აქ მეწარმეც არის, დეველოპერიც და სტარტაპების სპეციალისტიც.

Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომხმარებელთა უკუკავშირით გამოიკვეთა Stack-ის მაღალი საჭიროება, რამაც მის სამომავლო განვითარებას შეუწყო ხელი.

Stack მომხმარებელს საჭირო სამუშაო, საკომუნიკაციო თუ გასართობი ვებ-აპლიკაციების "სთექებში" ანუ დასტებში დახარისხების შესაძლებლობას აძლევს.

სმარტ-ბრაუზერის მეორე უპირატესობა ვებ-აპლიკაციებთან ერთდროული მუშაობის შესაძლებლობაა — აპლიკაციების შორის გადართვა საჭირო აღარაა. ახალი ბრაუზერის მომხმარებელს დასტების თემატურად დახარისხება და მათ შორის მარტივი გადართვის შესაძლებლობაც აქვს.

ახალმა სმარტ-ბრაუზერმა დღემდე წარმატების დიდი გზა გაიარა, პროდუქტმა ჯამში 12 საერთაშორისო კონკურსზე არაერთი აღიარება მოიპოვა. TechCrunch-მა კი 1 500 პროექტიდან ქართული სმარტ-ბრაუზერი 40 საუკეთესო სტარტაპს შორის ორჯერ შეარჩია. ევროპის და გლობალურ StartUp Grind-ის კონფერენციაზე Stack TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა. კომპანიამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების გრანტიც მოიპოვა და აქსელერაცია ავსტრიულ-ამერიკულ უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორში გაიარა.

VRex Immersive

სტარტაპის იდეა 2014 წელს გაჩნდა, — "დამფუძნებლებმა ვირტუალური რეალობის "გასინჯვისას" გადავწყვიტეთ, რომ ამ სფეროში ისეთი რამ შეგვექმნა, რაც ბიზნესს ამოცანების შესრულებაში დაეხმარებოდა." ექსპერიმენტების შემდეგ, 2015 წელს სტარტაპერები შეჯერდნენ, რომ მათი მთავარი ფოკუსი ტურისტურლი ადგილების შესახებ VR გამოცდილების შექმნა უნდა გამხდარიყო. შემდეგ დაიბადა პლატფორმის შექმნის იდეაც, სადაც ნებისმიერ ორგანიზაციას თუ ადამიანს საკუთარი ინტერაქტიული VR აპლიკაციის შექმნა შეუძლია.

VRex Immersive ქმნის ვირტუალური რეალობის პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მოგზაურებს სასურველი ტურისტული ადგილების ვირტუალურად დათვალიერება შეუძლიათ. ამავე პლატფორმის საშუალებით ტურისტულ სააგენტოებსა და სხვა ორგანიზაციებს ვირტუალური რეალობის გამოყენებით საკუთარი ტურისტული პროდუქტების გაყიდვების გაზრდა შეუძლია.

"ვირტუალური რეალობა ძალიან შთამბეჭდავი ტექნოლოგიაა ვიზუალური ინფორმაციის გადასაცემად. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ტურისტული შემოთავაზებები ძალიან მრავალფეროვანია, სულ უფრო და უფრო რთულია, იყო განსხვავებული და "მიწვდე" საჭირო ადამიანებს...ჩვენი ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ახლა, როცა ტურიზმის ინდუსტრია ციფრული გარდაქმნის ახალ ეტაპზე გადავიდა და ვირტუალური ტურიზმიც ისეთი მნიშვნელოვანი ხდება, როგორც არასდროს", — აცხადებს სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური.

სტარტაპმა ვირტუალური რეალობის გამოყენების უდიდესი გამოცდილება დააგროვა. VRex Immersive-ის პროექტებს შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების VR სტენდები შშმ პირებისთვის, საგამოფენო VR სტენდები და ვირტუალური რეალობის გამოცდილების შეთავაზება ავიაკომპანიის მგზავრებისთვის ჰაერშივე.

Elven Technologies

აღნიშნული პროექტის იდეა ვამეხ ხერხეულიძეს ისრაელში გატარებული ორწლიანი სამედიცინო პრაქტიკის დროს გაუჩნდა. როცა ის დაფიქრდა, როგორია, როცა გარეთ გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად შენობაში სასიამოვნო სიგრილეა, მან პირველი "კონდიცირებადი" ტანსაცმლის პროტოტიპის მის ხელთ არსებული მასალით დამზადება გადაწყვიდა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში მან სამსახურიდან რამდენიმე სამედიცინო სისტემა წამოიღო, ერთმანეთს გადააბა მილები, ქირურგიული ძაფით და ინსტრუმენტებით შიგნიდან დააკერა მოძველებულ ჟილეტს. პირველი პროტოტიპის მორგების შემდეგ მან აღნიშნულ მილებში ცივი წყალი გაატარა — "ჰოი საოცრებავ, სხეულში გრილმა ჟრუანტელმა დამიარა."

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ინოვაციას თითოეულ ტექნოლოგიაში და ამ ტექნოლოგიების გაერთიანებით ვიღებთ ახალ პროდუქტებს" — აცხადებს ვამეხი.

ასე დაიბადა მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმის იდეა, რომელიც 30 წუთის განმავლობაში 1 200 გრადუს ცელსიუსს უძლებს. ინოვაციური უნიფორმა ბევრად უფრო მსუბუქი და დახვეწილია, რაც მეხანძრეთა მუშაობის რუტინას სრულიად შეცვლის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელვენი კოსმოსური უნიფორმების შექმნასაც გეგმავს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, მარსის კოლონიზატორებმა ჩაიცვან.

CARU

სპონტანურად, სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას გაელვებული იდეა დღეს პირველი ავტოასისტენტის გამოძახების პლატფორმად იქცა, რომელიც ავტომობილის მოვლისა და შეკეთების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

"პლატფორმის საშუალებით შეგიძლია შენი მანქანა შესაკეთებლად გაატანო ექსპერტს. ის მიიყვანს მანქანას საუკეთესო ხელოსანთან, იყიდის ნაწილებს საუკეთესო ფასად და დაგიბრუნებს შეკეთებულ მანქანას." — აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე.

ავტოსერვისისთვის CARU "არის იგივე, რაც მაცივარი ყინულის ბიზნესისთვის. იგი მთლიანად ცვლის ინდუსტრიას, რაც მომხმარებელს ავტომობილის უფრო ეფექტიანად მოვლის საშუალებას აძლევს“.

CARU დღეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სტარტაპია საქართველოში — კომპანიაში უკვე 40-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. სულ რამდენიმე ხნის წინ კი სტარტაპმა ოპერირება უკვე უკრაინის ბაზარზეც წარმატებით დაიწყო.

AReal

არეალის იდეა საქართველოში მოგზაურობისას გაჩნდა. სტარტაპერებს სამუზეუმო და კულტურულ ადგილებში განსხვავებული გამოცდილების მიღების სურვილი გაუჩნდათ, რაც აპლკაციით სხვადასხვა სახის დინამიკური ინფორმაციის მიღებას ითვალისწინებდა.

ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც კულტურული და სამუზეუმო ლოკაციებზე ადამიანებს ციფრული გიდით სარგებლობა და ნებისმიერ ნახატსა თუ კულტურულ ობიექტზე ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

სტარტაპი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამუზეუმო გაერთიანების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორია, რომლის დახმარებით საქართველოს ძირითად მუზეუმებში ეს აპლიკაცია უკვე დაინერგა. პანდემიის შემდგომ კი უფრო მეტი ლოკაციის დამატება იგეგმება.

სტარტაპი უკვე აქტიურად ოპერირებს რეგიონალურ ბაზარზე და სამომავლოდ არეალი საზღვარგარეთ გასვლასაც აპირებს.

Plug and Pay

იდეა We Are De-ში, 4 წლის წინ დაიბადა, როცა კომპანიამ თიბისი ბანკისთვის საკუთარი ონლაინ გადახდის პლაგინი შექმნა. ახალი ონლაინ გადახდის სისტემის გამოჩენისთანავე მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ელექტრონული კომერციისადმი, რის გამოც კომპანია ხშირად ტექნიკური მხარდაჭერასაც კი ვეღარ აუდიოდა. შედეგად გაჩნდა სერვისის ფასიანი ვერსია, რომელსაც პროფესიონალთა გუნდი ემსახურება.

ამჟამად Plug and Pay-ის გამოყენება შესაძლებელია ყოველგვარი პროგრამირების ცოდნის გარეშე. იგი მარტივად ინტეგრირდება Wordpress + WooCommerce ძრავთან, რომელსაც ელ.კომერციის საიტებისთვის იყენებენ. მარტივი ინსტრუქციის შესრულებით მისი ინტეგრირება ნებისმიერი ადამიანს შეუძლია.

Plug and Pay ფუნქციონალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა — ტექნიკური მხარდაჭერა, თანხის მომხმარებლის ბარათზე დაბრუნების და რამდენიმე მერჩანტის ანგარიშის (რამდენიმე ვალუტაში) გახსნის შესაძლებლობა და სხვა.

პლაგინების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს და ყოველი განახლების შემდეგ მას ახალი ფუნქციური შესაძლებლობებიც ემატება.

ეს და სხვა მრავალი ქართული სტარტაპი დღეს დაუღალავად შრომობს საკუთარი იდეების განსახორციელებლად, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის შეუფერხებელი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.