"რუხ ჩრდილებს შორის" — სტალინის რეპრესიების მატიანე
"მე ვარ დაკარგულ ამბებზე მონადირე და დამალული ისტორიის მაძიებელი", — ამბობს კარნეგის მედლის მფლობელი ლიეტუვური წარმოშობის მწერალი, რომლის წიგნებიც ბევრისთვის უცნობ ისტორიებს ჰყვება. რუტა სეპეტისი არაერთი ბესტსელერის ავტორია, მისი რომანები კი ათეულობით ენაზეა ნათარგმნი. თუმცა მწერლისთვის ყველაზე წარმატებული მისი სადებიუტო ნაწარმოები, რუხ ჩრდილებს შორის, აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორის ჩანაფიქრით წიგნი მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, რეალურ ტრაგედიაზე შექმნილმა ისტორიამ ყველა ასაკის მკითხველი დააინტერესა და იგი 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის — ქართულადაც.
წიგნის შესახებ
რუხ ჩრდილებს შორის აშშ-ში 2011 წელს გამოიცა და ის უმალ გახდა ბესტსელერი როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში. მან ათეულობით საერთაშორისო ჯილდო და პრემიაც მოიპოვა. თავად ავტორი წიგნზე სასაუბროდ მიწვეული იყო კაპიტოლიუმში, კონგრესის ბიბლიოთეკაში და არაერთ საელჩოში. ამასთან, სეპეტისი მოზარდთა ლიტერატურის პირველი ამერიკელი მწერალია, რომელმაც წიგნის პრეზენტაცია ევროპარლამენტში გამართა.
წიგნში მოთხრობილი ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. როცა საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსირება მოახდინა, სტალინური რეჟიმის მესვეურებმა სისტემის მტრების სიები შეადგინეს, რომლებშიც ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მღვდლები, ბიბლიოთეკარები, მასწავლებლები და სხვა არაერთი პროფესიის ადამიანები მოხვდნენ. კაცები დააპატიმრეს, ქალები და ბავშვები კი ციმბირში, ეგრეთ წოდებულ გულაგებში, იმავე შრომა-გასწორებით ბანაკებში გაგზავნეს, სადაც მათ წლების განმავლობაში მოუხდათ ყოფნა. ბანაკებში აუტანელი პირობების და სასტიკი მოპყრობის გამო უმეტესობა ციმბირშივე დაიღუპა, ხოლო გადარჩენილებს საბჭოთა კავშირის დაშლამდე აიძულებდნენ, საკუთარ ისტორიასა და გამოცდილებაზე ხმამაღლა არ ესაუბრათ. ტოტალიტარულ სახელმწიფოში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შემდეგაც კი ხშირად ხდებოდა მათი და მათთან დაკავშირებული ადამიანების დისკრედიტაცია.
რუხ ჩრდილებს შორის სწორედ ერთ-ერთი რეპრესირებული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს. პროტაგონისტი 15 წლის ლინა ვილკაიტეა, რომელსაც დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად გზავნიან ციმბირში. რომანში აღწერილი ისტორია სულისშემძვრელი და, ამავდროულად, აღმაფრთოვანებელია. თავად ავტორის შეფასებით, ეს არის ისტორია "საშინელ ტანჯვასა და უდიდეს იმედზე". მხატვარი ლინას მოგზაურობა რუხი ჩრდილების სამყაროში მხოლოდ მუქი ფერებით არაა დახატული. თუმცა ნაწარმოებზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ წიგნის პირველი ვერსია იმდენად ბნელი და მძიმედ წასაკითხი ყოფილა, რომ ავტორი ხუმრობს, ლიეტუვურ ქარიშხლიან უღელტეხილად შეიძლებოდა მისი მოხსენიებაო. ტექსტის რამდენჯერმე გადამუშავების შემდეგ რუხი ჩრდილებით მოცულ ისტორიაშიც გამოჩნდა სინათლის სხივი.
წიგნის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად პერსონაჟებს ასახელებენ, რომლებიც ნაწარმოებში შინაგანი სილამაზით და სიძლიერით გამოირჩევიან. სეპეტისის თქმით, იგი ცდილობს, ისეთი პერსონაჟები შექმნას, რომლებიც "კლასიკურად მშვენიერები არ არიან, თუმცა მშვენიერი და სიყვარულით სავსე გული აქვთ, ლიეტუველი რეპრესირებულები კი ორივენი იყვნენ: მშვენიერებიც და სიყვარულით სავსენიც. ისინი ენითაღუწერლად ბოროტ გარემოშიც კი ახერხებდნენ, კეთილშობილების და სიყვარულის მაგალითები ეჩვენებინათ". ამ ყველაფრის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ერთ-ერთი რეპრესირებულის მოგონება, რომლის ჩვილი ძმაც ციმბირს შეეწირა. როცა ოჯახის წევრებმა მისთვის პატარა კუბო გაამზადეს, დილით ის მოპარული დახვდათ. კითხვაზე, იგრძნეს თუ არა ბრაზი ამ დროს, გადარჩენილმა უპასუხა: "როგორ შეიძლება, გავბრაზებულიყავით? ამ კუბოსგან დანთებულმა ცეცხლმა ვიღაცის სიცოცხლე იხსნა იმ ღამით".
ავტორი და მისი ისტორია
აშშ-ში დაბადებულმა სეპეტისმა იცოდა, რომ მამამისი ლიეტუველი ემიგრანტი იყო, თუმცა ბევრი არაფერი სმენოდა მისი და მისი ოჯახის ისტორიის შესახებ. სადებიუტო რომანის იდეაც მამამისის სამშობლოში ყოფნისას დაებადა: "როცა ლიეტუვაში ვიყავი ჩემს ნათესავებთან შესახვედრად და ვიკითხე, თუკი ჰქონდათ მამაჩემის ან ჩემი ბაბუის ფოტოები, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მათ მიპასუხეს: არა, რუტა; ყველა მათგანი უნდა დაგვეწვა, რათა არავის შეეტყო, რომ შენს ბაბუასთან რაიმე კავშირი გვქონდა; სწორედ ამ დროს მივხვდი, რის შესახებაც უნდა მომეყოლა ამბავი".
სტალინის რეპრესიებში მოყოლილმა ლიეტუველებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ხმა მსოფლიოსთვის მალულად მიეწვდინათ. მათ თავიანთი ისტორიები სხვადასხვა ჭურჭელში მოათავსეს: ზოგმა მოგონებების შემცველი ეს ნივთი მიწაში დაფლა, ზოგმაც — ზღვაში გადააგდო. როგორც ავტორი ამბობს, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ოდესმე ვიღაც მათ შესახებ შეიტყობდა და მსოფლიოს სიმართლე ეცოდინებოდა.
ეს ამბავი ამოსავალი წერტილი გახდა სეპეტისისთვის ნაწარმოების ფაბულის ასაგებად. წიგნის მთავარი პერსონაჟიც ხომ ხატავს და საკუთარ ისტორიას ფანქრით შესრულებული მონახაზებით გადმოსცემს.
ფაქტების შესწავლისა და ისტორიის გამოსაკვლევად ავტორს რამდენჯერმე მოუწია ლიეტუვაში დაბრუნება ისტორიკოსებთან, პარლამენტარებთან და რეპრესიებს გადარჩენილებთან შესახვედრად. ერთ-ერთი გადარჩენილის, ირენა ვალაიტიტე-სპაკაუსკიენეს მოთხრობილი ისტორია ავტორისთვის კიდევ ერთ შთაგონების წყაროდ იქცა.
"როცა კაცების ერთ-ერთი ვაგონის გვერდით მივდიოდი, ვიღაცამ დამიძახა. კედლის ნასვრეტიდან მან ქორწინების ბეჭედი გამომაწოდა და მითხრა, რომ დედასთვის მიმეცა, რადგან იგი გამოსაკვებად დაგვჭირდებოდა. მაშინ ბოლოჯერ ვნახე მამაჩემი", — იხსენებს ირენა.
ერთ-ერთი რეპრესირებული ასევე იგონებს, რომ ენკავედეს ერთი თანამშრომელი მათ მიმართ კეთილად იყო განწყობილი და საიდუმლოდ დაეხმარა კიდეც. სეპეტისის თქმით, ამ ფაქტმა აღაფრთოვანა და რომანის სათაურის იდეაც ამ ამბით შთაგონებულს დაებადა: "რუხ ჩრდილებს შორის ზოგჯერ პატარა ნაპრალია, რომელიც სიყვარულის შუქს შემოღწევის საშუალებას აძლევს".
ნაწარმოების ისტორიული მნიშვნელობა
მკითხველები და კრიტიკოსები მთელ მსოფლიოში ხშირად აღნიშნავენ, რომ არასდროს სმენიათ ისეთი ისტორიების შესახებ, როგორიც ამ წიგნშია გადმოცემული. მათ იცოდნენ ჰიტლერის და ნაცისტების დანაშაულებებზე, თუმცა ძალიან ცოტა ჰქონდათ გაგებული სტალინის დიქტატორული რეჟიმის შესახებ, რომელსაც 20 მილიონამდე ადამიანი შეეწირა; მათ არ სმენოდათ არც გოლოდომორის, არც რეპრესიების თუ სხვა ნაკლებად ცნობილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.
მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში საბჭოთა წარსულის რომანტიზება ხდება, მნიშვნელოვანია, ხალხმა მსგავს ადამიანურ ტრაგედიებზე და სასტიკ რეჟიმს შეწირულ ხალხზე უწყოდეს.
თუმცა, არის ერთი ქვეყანა, რომელიც ამ წარსულისთვის თვალის გასწორებას გაურბის. რუხ ჩრდილებს შორის დღემდე არ არის თარგმნილი რუსულ ენაზე. სტალინის რეჟიმის მამხილებელ ადამიანებს კი ხელისუფლება დევნის — ორიოდე წლის წინ პედოფილიის ბრალდებით დააპატიმრეს ადამიანი, რომელმაც სტალინის მსხვერპლთა მასობრივი საფლავი იპოვა.
ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის ხელისუფლება ისტორიის უარყოფას ცდილობს. 2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაიმარჯვა სიმღერამ, სახელწოდებით 1944. მისი ტექსტი სტალინის მიერ ყირიმელი თათრების რეპრესიებს ეხებოდა, რომლის მსხვერპლიც თავად უკრაინელი მომღერლის, ჯამალას, ოჯახიც გახდა. რუსეთი სიმღერის კონკურსში მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა. მეზობელი ქვეყნის ემოციურმა გზავნილმა დუმის წევრების კრიტიკაც კი დაიმსახურა და ის რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ გზავნილად შეაფასეს.
გარდა ზემოხსენებული წიგნისა, რუტა სეპეტისს დაწერილი აქვს სამი ისტორიული რომანი: სიმარტივის მიღმა (2013), მარილი ზღვაზე (2016) და ყველაზე ბოლოს გამოცემული — სიჩუმის შადრევნები (2019), რომელიც ესპანეთში ფრანკოს დიქტატურის დანაშაულებებს ამხელს.
კითხვაზე, თუ რატომ არჩია ისტორიულ ჟანრში წერა, სეპეტისი პასუხობს: "ეს დეტექტივობას ჰგავს. მომწონს საიდუმლოებების, დამალული ფაქტების და გმირების გამოაშკარავება. პერსონაჟებითა და ამბით ისტორიული სტატისტიკა უფრო ადამიანური ხდება და უეცრად მათ თანავუგრძნობთ, ვისაც არასდროს შევხვედრილვართ. ჩვენ მათი ქვეყნის მოძებნა შეგვიძლია რუკაზე და შემდეგ — ისტორია ფასეული ხდება. ისტორიული ჟანრით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მათ მაგივრად ავიმაღლოთ ხმა, ვისაც საკუთარი ისტორიის მოყოლის შანსი არასდროს მისცემია".
კომენტარები