ევროს კუპიურების გამოყენება პანდემიის პირობებში ნაკლებად საშიშია — ევროპის ცენტრალური ბანკი
ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ევროს კუპიურიდან კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა მინიმალურია. ლაბორატორიული კვლევებით დგინდება, რომ ვირუსის ნაწილაკები სხვა ტიპის ზედაპირებზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ.
ევროზონის 19 სახელმწიფოში ნაღდი ანგარიშსწორება კვლავ ფართოდაა გავრცელებული, თუმცა სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ფაბიო პანეტა საკუთარ ბლოგში წერს, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობა უჟანგავ ფოლადზე 10-100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევროს კუპიურებზე, რომლებიც ინფიცირებულ ადამიანს ხელში რამდენიმე საათის წინ ეკავა.
"სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ვირუსის ნაწილაკების გავრცელება ფოროვანი ზედაპირებიდან, როგორიცაა ბამბისგან დამზადებული კუპიურა, უფრო რთულია, ვიდრე გლუვი ზედაპირებიდან", — აცხადებს პანეტა.
ევროს შემთხვევაში ბამბის ბოჭკოსგან დამზადებული ქაღალდი გამოიყენება, რაც კუპიურას ცვეთისგან უფრო დაცულს ხდის. შესაბამისად, მისი ფოროვანი სტრუქტურა არ ირღვევა.
"საერთო ჯამში, სხვა ზედაპირებისგან განსხვავებით კუპიურები არსებით საფრთხეს არ წარმოადგენს",— წერს პანეტა.
დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ევროს 340 მილიონი ადამიანი იყენებს.
კომენტარები