რა გავლენას იქონიებს Starlink-ის თანამგზავრები ასტრონომიაზე?
გასულ წელს SpaceX-მა ორბიტაზე პროექტ Starlink-ის ფარგლებში თანამგზავრების პირველი პარტია გაუშვა. Starlink კომპანიის პროექტია, რომლის მიზანსაც მსოფლიოს სწრაფი ინტერნეტით მომარაგება წარმოადგენს, ამისთვის კი ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის განთავსებაა საჭირო (სამომავლოდ ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს).
SpaceX-ის თანამგზავრები სხვებთან შედარებით ბევრად კაშკაშები არიან. სწორედ ამიტომ, მათი პირველი გაშვებიდან მოყოლებული ასტრონომები შიშობენ, რომ ზედმეტად ნათელი თანამგზავრების კონსტელაცია ღამის ცას ხელოვნური სინათლით აავსებს, რაც მიმდინარე დაკვირვებებს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს.
აღნიშნულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე აქტიურად ფიქრობს SpaceX-იც. იმისთვის, რომ თანამგზავრები ცაზე ნაკლებად ხილული ყოფილიყო, კომპანიამ საცდელად ერთ-ერთი თანამგზავრი სპეციალური, ნაკლებად ამრეკლავი ფენით დაფარა. როგორც აღმოჩნდა, ეს სიტუაციას აუმჯობესებს, თუმცა მხოლოდ მცირედით.
რა გავლენას იქონიებს Starlink ასტრონომიაზე?
ასტრონომებისთვის სინათლე ყველაფერია. ციურ სხეულებზე განსხვავებულ დიაპაზონში დაკვირვება სამყაროს შესწავლის საუკეთესო მეთოდია. ზოგიერთი ასტრონომი ფოტოების გადასაღებად ხანგრძლივ ექსპოზიციას იყენებს, ამ დროს კამერა შორეული ობიექტებიდან სინათლის მაქსიმალურ რაოდენობას აგროვებს, ხოლო როდესაც ამ პროცესის დროს კაშკაშა თანამგზავრი ჩაივლის, რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს, იგი გამოსახულებაზე გრძელ თეთრ ზოლს ტოვებს, რაც მიღებულ შედეგებს გააფუჭებს.
აღსანიშნავია, რომ პატარა თანამგზავრი პრობლემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ხდება. თანამგზავრის ზომა, ფორმა, სიმაღლე და დედამიწის გარშემო მისი მარშრუტი განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის სინათლეს აირეკლავს ის მზისგან და ყველაზე ხშირად სად დაინახავენ მას. ასევე, წელიწადის დრო და ღამის კონკრეტული მონაკვეთი განსაზღვრავს, სინათლის რა რაოდენობას მიიღებს თანამგზავრი მოცემულ მომენტში.
იმისთვის, რომ Starlink-ის გავლენის შესახებ მეტი რამ ყოფილიყო გასაგები, ჰარვარდის ასტროფიზიკოსმა ჯონათან მაქდოველმა თანამგზავრების განლაგების სრული სიმულაცია შექმნა და განსაზღვრა, რომელ ადგილებში გამოჩნდებიან ისინი ყველაზე მეტად და ღამის რომელი ნაწილი იქნება დაკვირვებებისთვის ყველაზე ცუდი.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის განედებში თანამგზავრები ყველაზე მეტად ღამის პირველ და ბოლო საათებში გამოჩნდება. მაქდოველის თქმით, ასტეროიდებზე მონადირეებზე კონსტელაცია დიდ გავლენას იქონიებს. მეცნიერები, რომლებიც ასტეროიდებს აკვირდებიან, როგორც წესი, ამ ობიექტებს მზესთან ახლოს ეძებენ. დაკვირვების პროცესი მზის ჩასვლის შემდეგ იწყება, რადგან ამ დროს ასტრონომებს ცის იმ ნაწილის დანახვა შეუძლიათ, რომელიც დღის განმავლობაში ზედმეტად ნათელი და შესაბამისად რთულად დასანახია.
ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად საშიში ასტეროიდი, შესაძლოა, შეუნჩნეველი დარჩეს.
მაქდოველის მიხედვით, Starlink ასტრონომების საქმიანობის დიდ ნაწილს ხელს არ შეუშლის, განსაკუთრებით მათ, ვინც ღამის ცას მხოლოდ გარკვეული პერიოდების განმავლობაში აკვირდება. ასევე, SpaceX-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink ასტრონომებისთვის პრობლემა არ გახდება.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ასტრონომებისთვის რაიმე დისკომფორტს არ გამოვიწვევთ", — თქვა მასკმა.
ჩამუქებული თანამგზავრი
იანვარში გაშვებული Starlink-ის მესამე პარტიასთან ერთად SpaceX-მა ექსპერიმენტალური თანამგზავრიც გაუშვა, რომელიც სპეციალურად იყო დაფარული, რათა მისი არეკვლის დონე შეემცირებინათ. თანამგზავრმა, რომელსაც DarkSat უწოდეს, საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია. ობსერვატორიებმა DarkSat-ის გადაფრენისას ფოტოები გადაიღეს, რათა დაედგინათ რამდენად განსხვავდებოდა ის დანარჩენი Starlink-ებისგან.
DarkSat სხვა თანამგზავრებზე 55%-ით უფრო მუქია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. SpaceX-ის განცხადებით, შესაძლოა, პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიამ დამატებითი ზომებიც მიიღოს.
"ჩვენ რამდენიმე იდეა გვაქვს, რომლებმაც, შესაძლოა, არეკვლის დონე კიდევ უფრო შეამციროს", — განაცხადა კომპანიის ინჟინერმა ჯესიკა ანდერონმა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად ყველა პრობლემას ჩამუქებული თანამგზავრებიც ვერ მოაგვარებენ. საბოლოოდ, გიგიანტური კონსტელაცია გარკვეულ ნეგატიურ გავლენას მაინც მოახდენს.
SpaceX ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს. კომპანიებს OneWeb-სა და Amazon-ს ასევე სურთ, რომ თანამგზავრებით მსოფლიო ინტერნეტით მოამარაგონ.
კომენტარები