ვირტუალური რეალობა, შესაძლოა, დისტანციური მუშაობის მომავალი იყოს
მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურად მუშაობა ბევრად აქტუალური და საჭირო გახდა. კომპანიები თუ უნივერსიტეტები უკვე იყენებენ ისეთ პლატფორმებს, როგორიც Zoom და Skype-ია, თუმცა მათი გამოყენებისას ურთიერთობა საკმაოდ შეზღუდული და არაკომფორტულია.
ჩვენ არ შეგვიძლია შეხება, დანახვა ან გადაადგილება — თითქმის ვერაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ამას რეალურ ცხოვრებაში ვიზამდით. მსგავსი ვიდეო კონფერენციები პირისპირ განხორციელებულ ურთიერთობებს ეფექტურად ვერ იმეორებს, ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდება.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ვირტუალური რეალობა საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურება. პროექტებზე მუშაობისთვის, დოკუმენტების მიმოცვლისთვისა და სხვა საქმისთვის აუცილებელი ურთიერთობების განხორციელება VR-ის მეშვეობით დისტანციურ მუშაობას ბევრად კომფორტულსა და მარტივს გახდიდა.
ამჟამად, VR-ს ძირითადად გეიმერები იყენებენ, საქმიანი შეხვედრებისთვის კი ის იშვიათად გამოიყენება, თუმცა ეს ალბათ მალე შეიცვლება. ვირტუალური შეხვედრების დროს შესაძლებელი იქნება თქვენთვის ნაცნობი ოთახებისა და სიტუაციების იმიტირება, რამაც, შესაძლოა, ურთიერთობებისა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.
აღსანიშნავია, რომ საოფისე საქმიანობისთვის განკუთვნილი VR უკვე არსებობს, თუმცა მისი მასიური გამოყენება არ დაწყებულა. ამის ერთ-ერთ მიზეზს მისი ძვირადღირებულობა წარმოადგენს, თუმცა მთავარი ფაქტორი ეს არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ვირტუალური რეალობის გამოყენება აუცილებელი არ ყოფილა, რადგან შეხვედრების ჩატარება რეალურ ცხოვრებაშიც თავისუფლად შეიძლებოდა.
თუმცა ამჟამად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს და ადამიანთა უმეტესობა ვალდებულია, რომ დისტანციურად იმუშაოს. თუკი პანდემია იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე გვგონია, VR-ის გამოყენება, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს. სამუშაოდ აუცილებელი გარემოს შემუშავება ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ თუკი დღევანდელი სიტუაცია ერთ ან მეტ წელს გასტანს, მისი შექმნა ალბათ საჭირო იქნება.
VR-ის განვითარება საკმაოდ შრომატევადი პროცესია. შეხვედრების ვირტუალური ოთახისა და სხვადსხვა დეტალის შექმნა რთული იქნება, მაგრამ მას მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები აქვს — ადამიანები მსგავს გარემოში ბევრად პროდუქტიულები იქნებიან და ურთიერთობებიც ბევრად მარტივი გახდება, მსგავსი რამ კი Zoom-ის გამოყენებისას საკმაოდ რთულია.
კომენტარები