მერკურიზე, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებს ეარსება
პლანეტა მერკური, რომლის ზედაპირი იმდენაც ცხელია, რომ იგი ტყვიასაც კი დაადნობდა, შესაძლოა, ოდესღაც სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტებს შეიცავდა.
ახალი თეორია პლანეტის ერთ-ერთ ნაწილს — "ქაოსურ" რეგიონს უკავშირდება. ეს დანაწევრებული, ხორკლიანი ლანდშაფტია, რომელიც უსწორმასწორო, დამტვრეული ქვებისგან, ბასრი მწვერვალებისგან და კრატერებისგან შედგება. რეგიონს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ და მიიჩნეოდა, რომ მისი წარმოქმნა ასტეროიდთან იყო დაკავშირებული, რომელმაც პლანეტაზე მასიური კრატერი დატოვა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, რომელსაც არიზონას პლანეტარული მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევარი ალექს როდრიგესი უძღვებოდა, მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა.
გუნდის მიხედვით, რეგიონის წარმოქმნის მიზეზი ასტეროიდი ვერ იქნება, რადგან იგი კრატერის წარმოქმნიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.
"მთავარი მიგნება, რამაც აღმოჩენამდე მიგვიყვანა ის იყო, რომ ამ უსწორმასწორო და ქაოსური ლანდშაფტების ჩამოყალიბება დაახლოებით 1,8 მილიარდი წლის წინ დასრულდა — კრატერის ჩამოყალიბებიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა დანიელ ბერმანმა.
ასევე, რეგიონის ტერიტორიის ზედაპირის ქვეშ არსებული ქერქის ფენა გაუჩინარებული აღმოჩნდა, ამ მოვლენის ყველაზე მარტივი ახსნა შემდეგია — მიწის ქვეშ არსებულ აორთქლებად ნივთიერებებს მიწის კიდევ უფრო ქვედა ფენებიდან მაგმა მიაწვა, რის შედეგადაც ისინი გაცხელდნენ. ამან მათი აირად ფორმაში გადასვლა გამოიწვია. აირი ზემოთ არსებულ გრუნტს მიაწვა და ის ჩამოშალა.
აორთქლებად ელემენტებს და ნაერთებს აირადი მდგომარეობიდან თხევად ან მყარ მდგომარეობაში გადასვლა მარტივად შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერება — წყალი, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტია. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ზუსტად არ იციან აღნიშნული მოვლენა რომელმა აორთქლებად ნივთიერებამ გამოიწვია, მათ იმედი აქვთ, რომ ეს წყალი შეიძლებოდა ყოფილიყო.
მზესთან სიახლოვის გამო პლანეტაზე დღის განმავლობაში ტემპერატურა ძალიან მაღალია, მაგრამ ატმოსფეროს არარსებობის გამო სითბოს შენარჩუნება ვერ ხერხდება, შედეგად კი იქ ღამე ტემპერატურა რადიკალურად ეცემა. თუმცა კვლევის ავტორების თქმით, ზედაპირის ქვეშ არსებული ტემპერატურა ზოგიერთი სიცოცხლის ფორმის წარმოსაქმნელად ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა რეგიონში დაუზიანებელი პაწაწინა კრატერები შენიშნეს, რაც აქამდე არსებულ ვერსიას კიდევ ერთხელ აბათილებს — თუკი რეგიონი ნამდვილად მსგავსი მასიური ასტეროიდისგან გამოწვეული მიწისძვრებით წარმოიქმნა, რომლებიც მთებსაც კი ჩამოაქცევდა, მათი გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
მკვლევრებმა მათი დათარიღება NASA-ს ხომალდ MESSENGER-ის საშუალებით მოახერხეს, რომელიც მერკურის ორბიტიდან 2011-2015 წლებში სწავლობდა.
კვლევა 16 მარტს Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები