მართალია, სხვადასხვა დროს, თუმცა დედის დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ და მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოა: 3 მარტს უკვე წლებია ოფიციალურად აღინიშნება დედის დღე ჩვენთანაც.

ამ დღეს, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ცდილობს დედასთან ერთად განსაკუთრებული დრო გაატაროს, ჩვენ კი ამის მისაღწევად ერთ-ერთ ალტერნატივად ფილმის ყურებას გთავაზობთ.

ამ სტატიაში თავმოყრილია სხვადასხვა ჟანრის, თემატიკისა და შინაარსის კინოსურათები, რომელთაგანაც რომელიმე თქვენთვის შესაფერისს აუცილებლად იპოვით, რათა დედასთან ერთად ერთი დაუვიწყარი საღამო გაატაროთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, თუ რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია ის თქვენთვის.

1. ტალი — რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი

ფოტო: Focus Features

სამწუხაროდ, იშვიათად ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად მძიმეა ქალების ყოველდღიური რუტინა, განსაკუთრებით კი იმ ქალების, რომლებსაც ოჯახის დიასახლისის როლი აქვთ მორგებული: საშინაო საქმე, რომელიც ერთდროულად მოიცავს საჭმლის მომზადებას, ჭურჭლის დარეცხვას, სახლის დალაგებას, ბავშვების აღზრდას, ემოციურ მხარდაჭერასა და კიდევ სხვა უამრავ გაუთვალისწინებელ დეტალს, ხშირად ქალების ბუნებრივ მოვალეობად მიიჩნევა და მათ შრომას ოდნავადაც კი ვერ ვაფასებთ.

მეტიც, ასეთ დროს ხშირად გვიკვირს, თუ რატომ დაკარგეს ქალებმა ის "მომხიბვლელი ფორმები", რაც მანამდე ჰქონდათ, რატომ არიან ცუდ ხასიათზე და ა.შ. თუ ამ ფილმს ნახავთ, შარლიზ ტერონი თავისი წარმოუდგენელი გარდასახვით ყველა ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

2. ყველაფერი დედაჩემის შესახებ — რეჟისორი პედრო ალმოდოვარი

ფოტო: Warner Sogefilms

თანამედროვე კინოხელოვნებაში დედის მიმართ ისეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ალბათ, არავის აქვს, როგორც ესპანელ დიდოსტატს, პედრო ალმოდოვარს. მისი ლამის ყოველი ნამუშევარი დედის მიმართ გარკვეული სითბოს, სიყვარულის, წყენისა თუ მონატრების გამოხატულებაა.

ყველაფერი დედაჩემის შესახებ კი მაინც ყველაზე გამორჩეულია მისი შემოქმედებიდან, რომელშიც ერთდროულადაა თავმოყრილი უამრავი მტკივნეული დეტალი, რაც საბოლოოდ ვიზუალურად ფერად, თუმცა უზომოდ სევდიან მოზაიკურ სურათს აცოცხლებს ეკრანზე.

3. ჩემი დის მფარველი — რეჟისორი ნიკ კასავეტესი

ფოტო: Warner Home Entertainment

თუ საოჯახო დრამები გიყვართ, ეს ფილმი საუკეთესო არჩევანი იქნება: ერთი შეხედვით მეტისმეტად სენტიმენტალური და ყბადაღებული თემატიკის მქონე ფილმი სრულიად მოულოდნელი სიუჟეტური ხაზით ვითარდება და თანაც იმდენად ემოციურად, რომ ყველაზე გულქვა მაყურებელსაც კი მოჰგვრის სიხარულისა თუ სევდის ცრემლებს.

ამ ფილმის მთავარი გმირი, კამერონ დიაზის პერსონაჟი, სარა ფიცჯერალდია, რომელიც თავისი უზომო სიყვარულით, სიმამაცითა და ზრუნვით არა უბრალოდ ფილმის გმირი, არამედ ნამდვილი სუპერგმირია, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს მებრძოლი დედების ბუნებასა და სახეს.

4. ლოცვა ბობისთვის — რეჟისორი რასელ მალკეჰი

ფოტო: Lifetime

ხშირად მშობლები შვილებს გარკვეულ შემზღუდველ წინაპირობებს უყენებენ, თუ როგორ უნდა გახდნენ იდეალური შვილები. ასე კი ავიწყდებათ, რომ ყოველი ჩვენგანი უნიკალური პიროვნებაა და უსამართლობაა, მეტიც, შეუძლებელია ყველა ერთმანეთს თუნდაც კეთილი მიზნებით დავემსგავსოთ.

ეს ფილმი ნამდვილი და სულის შემძვრელი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დედა შვილზე უარს მისი ორიენტაციის გამო ამბობს, ბოლოს კი, რა თქმა უნდა, გვიან ნანობს ამ გადაწყვეტილებას და ხვდება, რომ ყველა ნამდვილი სიყვარული, მით უმეტეს დედაშვილური, უპირობო გაგებას, მხარდაჭერასა და თანადგომას ეფუძნება.

5. ყმაწვილი აჰმედი — რეჟისორები ჟან-პიერ და ლუკ დარდენები

ფოტო: Cinéart

ეს ფილმი, ერთი შეხედვით, საერთოდ არ მოგვითხრობს დედის შესახებ: ის მთლიანად ბელგიელი მოზარდის, აჰმედის ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებით სავსე ცხოვრებაზეა, თუმცა თანამედროვე კინოს დიდოსტატები, ჟან-პიერ და ლუკ დარდენები ფილმის ფინალურ სცენაში, სულ ბოლოს წარმოთქმული ერთი ფრაზით მთელი ფილმის იდეის შეკვრასთან ერთად, სწორედ დედის იმ განუსაზღვრელ მნიშვნელობაზეც დაგვაფიქრებენ, რომელიც მას აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.