ბელარუსში მსგავსი არაფერი ყოფილა — რას ასწავლიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლაში
სკოლას აფინანსებს ევროკავშირი, სწავლა უფასოა, მათ შორის მოსწავლეებისთვის ბელარუსიდან
იანვარში გამოცხადდა მიღება თბილისში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლაში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და რომელიც მოსწავლეებს უფასო სწავლებას სთავაზობს. 16-17 წლის ახალგაზრდებს 14 მარტამდე აქვთ საშუალება შეიტანონ საბუთები სკოლაში შესასვლელად მომავალი სასწავლო წლისთვის.
როგორ უნდა გაიარონ მოსწავლეებმა ეს გზა და რისთვის უნდა იყვნენ მზად სწავლის პროცესში, — ამის შესახებ Naviny.by ნოვოპოლოცკელ ალინა მელნიკოვას ესაუბრა.
16 წლის ალინა ბელარუსში არდადეგებზე თბილისიდან ჩამოვიდა, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლაში.
ალინას და მის მშობლებს ახალი წლის დღესასწაულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდით. ოჯახი საახალწლოდ მორთულ მინსკს დასათვალიერებლად და ალინას თბილისის რეისზე გასაცილებლად ესტუმრა. გოგონას დედამ, სვეტლანა მელნიკოვამ გვითხრა, რომ ბოლო ხანებში ყველაზე ხშირად ამ კითხვას უსვამენ — როგორ არ შეეშინდა გოგონას სახლიდან ასე შორს გაშვება.
სვეტლანა გვიამბობს, რომ ალინამ თვითონ იპოვნა ინფორმაცია სკოლის შესახებ და ამ საკითზე მშობლების მოსაზრებით დაინტერესდა. დედ-მამას, ინჟინერს და ფიზიკის რეპეტიტორს, ეს აზრი მოეწონათ, მაგრამ შიშობდნენ, რომ ასეთი განათლება ძალიან ძვირი იქნებოდა. მშობლების შიში ალინამ სწრაფად გააქარწყლა — თბილისში არსებული სკოლა უფასო აღმოჩნდა.
ახლა ალინა საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით სწავლობს თბილისში და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს მეორე ბელარუს გოგონასთან ერთად. საერთო საცხოვრებელში მოსწავლეებს ჰყავთ მენტორი, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო საკითხებში ეხმარება; მოსწავლეებისთვის სახლში დაბრუნება სამუშაო დღეებში 21 საათზეა სავალდებულო, ხოლო შაბათ-კვირას — 22 საათზე. ყველანი სარგებლობენ სპეციალური აპლიკაციით, რომლის საშუალებით აუცილებელია ინფორმაციის დატოვება იმის შესახებ, თუ სად მიდიხარ.
მოსწავლეები კაფეში იკვებებიან (პროგრამის ფარგლებში კვებისთვის დამატებითი თანხებია გამოყოფილი). ყველა მათგანს აქვს სამედიცინო დაზღვევა. გოგონას მამა, იური ხუმრობს, რომ ალინამ ოჯახური ტრადიცია დაარღვია — სკოლა მედალზე არ დაამთავრა, თუმცა "9"-სა და "10"-ზე სწავლობდა. არ დაამთავრა იმიტომ, რომ მე-10 კლასის შემდეგ თბილისში გაემგზავრა.
საშუალო სკოლის დამთავრების ბელარუსული ატესტატი ალინას არ ექნება, ის მიიღებს საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის დამთავრების საერთაშორისო დიპლომს (რომელსაც აღიარებს 90-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტები). გარდა ამისა, მას გადაეცემა საქართველოს საშუალო სკოლი დამთავრების ეროვნული ატესტატი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ბელარუსის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება.
როგორ გაიგე თბილისში არსებული სკოლის შესახებ?
პროგრამის ვებსაიტის ბმული გამომიგზავნეს. მე უკვე მქონდა ინფორმაცია საერთაშორისო ბაკალავრიატის სკოლების შესახებ, რადგან მე-9 კლასის დამთავრების შემდეგ დავესწარი ღონისძიებას, რომელიც ასეთივე სკოლის კურსდამთავრებულებმა სინგაპურში მოაწყვეს. უნივერსალური წინასაუნივერსიტეტო პროგრამა International Baccalaureate (IB) 1968 წელს შვეიცარიაში შემუშავდა, ამ პროგრამით სწავლება კი 156 ქვეყანაში წარმოებს. საქართველოში არსებული სკოლის მხარდამჭერია ევროკავშირი. მე მე-10 კლასში ვსწავლობდი, თან ამ პროგრამაში მოხვედრის ვარიანტებს ვეძებდი და ვიპოვნე კიდეც. შერჩევა ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც ყველაფრის კარგად მოფიქრების და მომზადების საშუალება მომცა.
რა სახის გამოცდები ჩააბარე?
მათემატიკა და ინგლისური ენა, ასევე გავიარე ორი გასაუბრება სკაიპით. ინფორმაცია კონკურსის შესახებ კონფიდენციალურია, ამიტომ არ ვიცი, რამდენი განაცხადი იყო შეტანილი, ისიც კი არ ვიცი, რამდენი ქულა მივიღე გამოცდებში.
სკოლაში სწავლება ინგლისურ ენაზეა, ამიტომ აუცილებელი მოთხოვნა იყო B2 დონე. ინგლისურში წიგნებით ვმეცადინეობდი, ვუყურებდი ფილმებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროგრამებში: ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებში, გაეროს მოდელში (MUN), გაერთიანებული მსოფლიოს კოლეჯების ბანაკში; გარდა ამისა, სკოლის მე-10 კლასში ინგლისურს გაძლიერებულად ვსწავლობდი.
მათემატიკის გამოცდაზე გამომადგა ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის მომზადებისას მიღებული ცოდნა, რადგან ბევრი დავალება იყო ლოგიკის საკითხებზე; ასევე გამომადგა მეცადინეობა "ხანის აკადემიის" (khanacademy) აპლიკაციით.
სწავლა ორწლიანია, მე ერთი სემესტრი უკვე დავასრულე. სკოლაში ორმოცამდე ეროვნების მოსწავლეა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით სწავლობს 35 მოსწავლე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. ბელარუსი მოსწავლეების რაოდენობა ხუთია.
რა საგნებს სწავლობ?
წლის დასაწყისში საჭირო იყო ერთი საგნის არჩევა თითოეული ჩამოთვლილი ჯგუფიდან: მშობლიური ენა, უცხო ენა, მათემატიკა, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ხელოვნება. წესის მიხედვით, უნდა აირჩიო სამი საგანი მაღალ დონეზე, სამი - სტანდარტულზე. არის სავალდებულო საგნებიც - მათემატიკა და ინგლისური.
მშობლიური ენის შესწავლა დამოუკიდებლად შეიძლება, მასწავლებლის გარეშე. ბოლო ჯგუფის მაგივრად შეიძლება ნებისმიერი საგნის არჩევა პირველი ოთხი ჯგუფიდან. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გვქონდა დისციპლინების შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ მე თავდაპირველად არჩეული ყველა საგანი მომეწონა.
მაღალ დონეზე ვსწავლობ ინგლისურ ენას და ლიტერატურას, ვიზუალურ ხელოვნებას, გლობალურ პოლიტიკას. სტანდარტულ დონეზე - ესპანურ ენას (ნულიდან), ბიოლოგიას და მათემატიკას.
გარდა ამისა, არსებობს საგანი "ცოდნის თეორია", რომელიც გეხმარება მიაღწიო წარმატებას სხვა საგნებში. მსგავსი რამ ბელარუსის სკოლებში არ იყო, ეს არის საგანი სწავლის შესახებ. მაგალითად, შეიძლება გავიაროთ თემა, რომელიც ეხება ფიზიკის რომელიმე კანონს და იმას, თუ რატომ და როგორ იქნა ის დამტკიცებული. გვასწავლიან კითხვების დასმას და მიღებული ცოდნის შემოწმებას, ასევე ინფორმაციის მხოლოდ სანდო წყაროების გამოყენებას.
რას ნიშნავს მათემატიკა სტანდარტულ დონეზე?
ჩვენ ყველანი საკუთარი მიზნებისკენ მივდივართ, ამიტომ დამამთავრებელ კლასებში IB პროგრამა გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ საგნების ნაწილი სტანდარტულ, ნაწილი კი მაღალ დონეზე.
მაღალი დონე მათთვისაა, ვისაც ამ საგნის შესწავლა სურს უნივერსიტეტში. მე არ ვაპირებ გავხდე მეცნიერი, ამიტომ მათემატიკის გაღრმავებული კურსი არ მჭირდება. ბევრი თემა, რომელსაც აქ გავდივართ, ბელარუსის სკოლების პროგრამის საგნის კურსშიც შედის. თუმცა ისეთ თემებსაც გავდივართ, როგორიცაა სტატისტიკა, ალბათობის თეორია, წრიული დიაგრამები. ბევრი დავალებისთვის გრაფიკული კალკულატორი გამოიყენება.
ახლა ვსწავლობ მათემატიკას, რომელიც რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოიყენება. მაგალითად, ახლახან გავიარეთ ფინანსური მათემატიკა. მიღებული ცოდნა გეხმარება გაერკვე იმაში, თუ როგორ აიღო კრედიტი ისე, რომ ბანკებმა ვერ მოახერხონ შენით მანიპულირება.
რა არის IB პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში ისეთი, რაც არ არის ბელარუსის სკოლებში?
დიპლომის მისაღებად აუცილებელია შემოქმედებითი უნარი და აქტიურობა, მონაწილეობას უნდა ვღებულობდეთ სხვადასხვა სახის პროექტებში და ჩართულები ვიყოთ მოხალისეთა სამუშაოში, შემდეგ კი წერილობით უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, რაც მიღებული ცოდნის და უნარების შეჯამებაში გვეხმარება. ამისათვის ნიშნებს არ წერენ, მაგრამ ეს დიპლომის მიღების პირობაა.
სკოლაში ნიშნები არ არის საჯარო განსჯის საგანი, არც ერთი მასწავლებელი არ წაიკითხავს კლასში თითოეული მოსწავლის ნიშნებს; თუმცა, დავალებების შემდეგ გამოყოფილია დრო ყოველი მოსწავლის ინდივიდუალური, დეტალური შეფასებისთვის. არსებობს თითოეული სამუშაოს შეფასების აბსოლუტური კრიტერიუმები, რომლის შესახებ მასწავლებელი წინასწარ იძლევა ინფორმაციას. ამგვარად ხდება ზეპირი პასუხების შეფასება, სემინარებზე კი ხდება თემაში გარკვევა, რაც მომდევნო სამუშაოებისთვის მომზადებაში გვეხმარება.
მშობელთა კრებები არ გვაქვს. სემესტრის შუა პერიოდში ტარდება კონფერენცია, რომლის დროსაც მშობლებს ეძლევათ მასწავლებლებისთვის კითხვების დასმის საშუალება. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ მასწავლებლებთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ჩემი ნიშნები ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩემთვის, მასწავლებლისა და ჩემი მშობლებისთვის.
მასწავლებელი არასოდეს საუბრობს ნახევარი გაკვეთილის განმავლობაში ისეთ საკითხზე, რომლის წაკითხვა წიგნშიც შეიძლება. მასალის უდიდეს ნაწილს გაკვეთილამდე გვიგზავნიან, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ მის გასაანალიზებლად და განსახილველად. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს ჩაგვრთოს საუბარში და დაგვეხმაროს საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვაში.
ამას ხელს უწყობს ესეების წერა, რაც ავითარებს მიღებული ცოდნის ინტერპრეტაციის უნარს, ეხმარება ამ ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. თუმცა ესეს წერა გვასწავლის არა საკუთარი თვალსაზრისის დაცვას, არამედ პრობლემის და მისი გადაჭრის გზების დანახვას სხვადასხვა მხრიდან. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაუგო სხვა ადამიანებს. ჩემი პირველი ესე გლობალური პოლიტიკის თემაზე დავწერე.
პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია 4000-სიტყვიანი ესე ერთ-ერთ არჩეულ საგანში. ამ ესეზე მოსწავლე თვითონ მუშაობს, თუმცა შეუძლია მასწავლებელთან კონსულტაციის გავლა, თუკი დახმარება სჭირდება. ეს დიპლომის მიღების კიდევ ერთ პირობას წარმოადგენს, და "ცოდნის თეორიასთან" ერთად იძლევა 3 დამატებითი ქულის გამომუშავების საშუალებას სადიპლომო პროგრამის 45 შესაძლო ქულიდან.
სკოლის მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან: საქართველო, აშშ, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, იტალია, უკრაინა. ამას დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რას და როგორ გვასწავლიან. წახალისებულია დისკუსია, მასწავლებლები მზად არიან მოისმინონ ნებისმიერი აზრი, რაც ხელს უწყობს საკითხების განხილვას სხვადასხვა კუთხიდან და ერთმანეთის მიმართ ტოლერანტობის გამომუშავებას.
შენთვის სად უფრო ძნელია სწავლა – თბილისში თუ ნოვოპოლოცკში?
თბილისში ბევრ დავალებას გვაძლევენ, რომლებიც გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ნოვოპოლოცკის სკოლაში, განსაკუთრებით პროგრამებში არსებული განსხვავებების გამო. ახლა ჩვეულებრივ, დილიდან 22-23 საათამდე ვმეცადინეობ. ამასთანავე, მომწონს საშინაო დავალების შესრულება - არც ერთი დავალებაზე არ შეიძლება ითქვას, რომ მისი გაკეთება იმიტომ არის საჭირო, რომ სკოლაში დაგვავალეს; საშინაო დავალება მოსწავლის პიროვნებას აყალიბებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ახალ სკოლაში ჩამოვედი. ეს შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს სამყაროს შეცნობა.
შაბათ-კვირას ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, სხვა დღეებში კი სწავლის გარდა დრო პრაქტიკულად არაფრისთვის გვრჩება. თუმცა ბელარუსშიც ასეა. ის ბავშვები, რომლებსაც კარგ უნივერსიტეტში ჩაბარება სურთ, საკმაოდ ბევრს მეცადინეობენ, განსაკუთრებით ბოლო კლასებში.
შენ უკვე ნახევარი წელია აქ სწავლობ. ბელარუსები სხვებისგან განსხვავდებიან?
არა. მე გავაცნობიერე, რომ თუმცა ეროვნება განსაზღვრავს ადამიანს, ჩვენ მაინც ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან ხასიათის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში ბევრმა მოსწავლემ იცის რუსული, ერთმანეთში რუსულად მხოლოდ ბელარუსი მოსწავლეები ვსაუბრობთ.
თავიდან ბევრი კითხვა გვქონდა, საუბარი ხშირად ჩვენი ისტორიული წარსულის განხილვამდე მიდიოდა. ვთვლი, რომ ბელარუსული ენის სტატუსი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში. ის ახდენს ჩვენი მენტალიტეტის ფორმირებას და ბელარუს ხალხს უნიკალურობას ანიჭებს. ის ჩვენი კულტურის ნაწილია, ამიტომ ბელარუსულ ენას უფრო ფართოდ უნდა ვიყენებდეთ.
სკოლაში ტოლერანტობას გვასწავლიან, ეს კი გვიყალიბებს სხვა ადამიანების გაგების უნარს. ტყუილად კი არ არის სკოლის სლოგანი "ერთად ძლიერები ვართ". ახლა მესმის, რომ ამ პროგრამაში რომ არ მოვხვედრილიყავი, ადამიანების მიმართ ნაკლებად გახსნილი ვიქნებოდი და სამყაროს სხვანაირი ხედვა მექნებოდა.
ჩვენთან არიან ბავშვები ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში არიან. შოკირებული ვიყავი მათი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებით მთიანი ყარაბაღის - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ტერიტორიის სტატუსის შესახებ. როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ ბავშვებს თავიდანვე უნერგავენ, რომ ეს ტერიტორია მათ ქვეყნის ნაწილია.
ამ და სხვა პრობლემებს ვსწავლობთ გლობალურ პოლიტიკაში, საკითხს სხვადასხვა მხრიდან ვიხილავთ. და მე ვხედავ, რომ ადამიანებს შეხედულებები ეცვლებათ.
სწავლის დაწყებამდე ორი კვირა კახეთის ბანაკში გავატარეთ, სადაც 12 ეროვნების მოსწავლე იყო - მათგან ბავშვების ნაწილი სკოლაში დარჩა, ნაწილი კი სახლში დაბრუნდა. მე აზერბაიჯანელ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი. როდესაც სომეხი ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ რჩებოდნენ, აეროპორტში გაემგზავრნენ, ეს გოგონა მათ გასაცილებლად არ წავიდა. ახლახან კი, როდესაც არდადეგებზე სახლებში ვბრუნებოდით, ვხედავდი, როგორ ეხვეოდნენ დამშვიდობებისას სომეხ მოსწავლეებს ეს გოგონა და სხვა აზერბაიჯანელი ბავშვები.
ამ ბავშვებს ძალიან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ერთად სწავლა მათ განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარს უყალიბებს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის აუცილებელი მშვიდობის შესანარჩუნებლად და საკონფლიქტო ტერიტორიის გაყოფის მეთოდის საპოვნელად.
ყირიმსაც გაყოფენ?
ჩემი აზრით, ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.
სკოლაში ადვილად თანაარსებობს განსხვავებული მოსაზრებები სამყაროს მოწყობის საკითხზე?
დიახ, მასწავლებლები ცდილობენ ჩაგვინერგონ ის, რომ უნდა გვქონდეს საკუთარი მოსაზრება და მზად უნდა ვიყოთ განსხვავებული აზრის მოსასმენად. საკუთარი მოსაზრება ნიშნებზე არ მოქმედებს, თუნდაც ის სხვა ყველას აზრისგან განსხვავებული იყოს. სკოლაში დამკვიდრებული ასეთი თავისუფალი აზროვნება გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ თვითმყოფადები, მონაწილეობა მივიღოთ საინტერესო დისკუსიებში და გვქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან.
ალინა, იქნებ ამდენ დადებითში რაიმე უარყოფითიც არის?
ზოგიერთ მოსწავლე სირთულეს წააწყდა იმ მხრივ, რომ თავიანთ ძველ სკოლებში ისინი კლასის ავანგარდში იყვნენ, თბილისში კი ისეთ სკოლაში აღმოჩნდნენ, სადაც ყველას აქვს შესანიშნავი იდეები და მათი გაზიარების სურვილი. ამ მოსწავლეებს უხდებათ ადაპტირება, უხდებათ ისწავლონ სხვების მოსმენა. ასეთ გარემოში ყოფნა ნამდვილად საინტერესოა. აქ შექმნილი ატმოსფერო გვაძლევს საკუთარი ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას, ჩვენ ხომ ყველას სრულიად განსხვავებული მომზადება გვაქვს გავლილი და ყველასგან შეიძლება რაიმე ახალი ისწავლო.
თავიდან დამოუკიდებლად ცხოვრება რთული იყო. ახლა მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი საყოფაცხოვრებო საკითხებზე და სწავლაზე. მაგრამ ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლობას გვასწავლის.
რა იქნება სკოლის შემდეგ?
"სკოლის შემდეგ" პერიოდის დადგომამდე საბოლოო გამოცდებია ჩასაბარებელი 2021 წლის მაისში. თითოეულ საგანში 2-4 წერითი გამოცდაა. საგამოცდო დავალებების უმრავლესობა ითვალისწინებს ესეს დაწერას და ინდივიდუალურ სიტყვით გამოსვლებს. ვიზუალური ხელოვნების კუთხით უნდა მომზადდეს გამოფენა და ორი პორტფოლიო. შეფასებები ჩატარდება დამოუკიდებლად, ნამუშევრები გაიგზავნება გამომცდელებთან, რომლებიც სხვა სკოლებში მუშაობენ. სწორედ ეს გამოცდები განსაზღვრავს, მივიღებ დიპლომს, თუ არა.
მსოფლიოში დღესდღეობით არსებული 5000 IB სკოლის მოსწავლეთა დაახლოებით 30% დიპლომის გარეშე რჩება: ისინი გამოცდებს ვერ აბარებენ. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ სწორად დასახული მიზნებს ყოველთვის საუკეთესო შედეგები მოაქვს.
დიპლომით უნივერსიტეტში ჩავაბარებ, დიდი ალბათობით სწავლას საზღვარგარეთ გავაგრძელებ. ჯერჯერობით კომუნიკაციური დიზაინის შესწავლას ვგეგმავ.
შემდეგ ბელარუსში დავბრუნდები - იქ ცხოვრებასთან დაკავშირებით მაქვს გეგმები და მიზნები. მინდა შევქმნა დამოუკიდებელი მედია-საშუალებები და მივცე ადამიანებს შესაძლებლობა დასაქმდნენ იმით, რაც აინტერესებთ; მინდა შევქმნა ატმოსფერო, სადაც მათ ამის გამო დააფასებენ.
-
გადახედვაიოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს
-
გადახედვაფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა" ფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა"
-
გადახედვაპაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი პაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი
-
გადახედვაიტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი შალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან
-
-
გადახედვავოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
-
გადახედვანიკა მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს ნიკა მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს
-
გადახედვამათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვადღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქცია — "უშენოდ ვერ გამოვა" გაიმართება დღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქცია — "უშენოდ ვერ გამოვა" გაიმართება
-
გადახედვა25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის
-
-
გადახედვასსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია სსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია
-
-
გადახედვა23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ 23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვამერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მერია: კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კომენტარები