თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მე-9 სართულიდან ლიფტი ჩაწყდა, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულებიდან სამი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი — კლინიკა "ჯერ არსში", ერთმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.

გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მოადგილე რევაზ გოგოლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსი შედარებით ახალია, 2013 წელსაა ექსპლუატაციაში მიღებული, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავთ.

"სამგზავრო ლიფტი ავარიულად დაეშვა, რომელშიც იმყოფებოდა ექვსი მოქალაქე. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღეს. აქედან სამი მოქალაქე არის გადაყვანილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, "ჯერ არსში" არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელსაა ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს", — განაცხადა გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მოადგილეm, რევაზ გოგოლიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

განახლება:

"ტვ პირველის" ცნობით, დაშავებულებიდან 5 არასრულწლოვანია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით მათი კლინიკიდან დაშვებულები, 3 პაციენტი უკვე გაწერეს. მათ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.