დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ. კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს თითქოსდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის, თანხის დროებით გადაცემას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.

"აღნიშნული გზით, ბრალდებულებმა დაზარალებულთა კუთვნილი თანხა მიიღეს, თუმცა არ გადაიხადეს შეთანხმებული სარგებელი, ასევე მოქალაქეებს არ დაუბრუნეს ძირითადი თანხა.

ბრალდებულთა უკანონო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — იტყობინება შსს.