Google-ისა და Alphabet-ის CEO-მ, სუნდარ პიჩაიმ, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ჩარჩოებში მოქცევა მანამ უნდა მოხდეს, სანამ ის საშიშ სახეს მიიღებს. გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა აქცენტი deepfake-ებსა და სახის ამომცნობ სისტემებზე გააკეთა და თქვა, რომ ისინი რელურ საფრთხეს წარმოადგენენ.

"ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნური ინტელექტი რეგულაციებს საჭიროებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხავია, როგორ მოვახერხებთ ამას", — განაცხადა პიჩაიმ The Financial Times-თან საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ სუნდარ პიჩაი ხელოვნური ინტელექტის დარეგულირებაზე საუბრობს, ის მაინც აღნიშნავს, რომ საკითხს სიფრთხილით უნდა მიუდგნენ. საუბრისას პიჩაიმ ისიც თქვა, რომ, მაგალითად, თვითმართვადი ავტომობილებისთვის ახალი წესების შემუშავება საჭიროა, მაგრამ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, AI-ს გასაქანი უნდა დავუტოვოთ.

"ისეთმა კომპანიებმა, როგორიც გუგლი და Alphabet-ია, არ შეიძლება შექმნან დამაიმედებელი ახალი ტექნოლოგიები და შემდეგ ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ძალას მისცენ უფლება, გამოიყენონ ის ისე, როგორც მათ სურთ", — წერს პიჩაი.

ჯერჯერობით ამერიკისა და ევროკავშირის გეგმები ხელოვნური ინტელექტის დარეგულირების შესახებ იყოფა. ამერიკა თვლის, რომ უხეში ჩარევა ამ ეტაპზე საჭირო არ არის, ევროკავშირი კი უკვე მზადაა სახალხო თავშეყრის ადგილებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება 5 წლით დაბლოკოს.

პიჩაი ასევე აღნიშნავს, რომ გუგლს თავისი პრინციპები აქვს და ისინი ბლოკავენ ისეთ იდეებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის უფლებებს. მისი თქმით, მასობრივი დაკვირვების ტექნოლოგიები საშიში რამაა და მისი ფართოდ გამოყენება სხვადასხვა პრობლემის წინაშე დაგვაყენებს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პიჩაი კრიტიკულობით არ გამოირჩევა ისეთი კომპანიებისადმი, რომლებიც ამ ტექნოლოგიას იყენებენ და მონაცემებს ყიდიან კიდეც, მაგალითისთვის კი შეგვიძლია Amazon მოვიყანოთ.

რომ შევაჯამოთ, ტექნოლოგიური გიგანტები, ისევე როგორც სახელმწიფოები, ვალდებულნი არიან იპოვონ ბალანსი იმისათვის, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, მაგრამ ამავდროულად არ შეიზღუდოს ტექნოლოგიის განვითარების არეალი და მისი გამოყენების შანსები.