ახალი ბინის არჩევა, იქნება ეს ყიდვა თუ ქირაობა დიდი თავის ტკივილია. ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ ჯობია უფასო განცხადებების გაზეთი იყიდო, თან დილას, რაც შეიძლება ადრე, რადგან მერე უკვე ყველა ბინა გაქირავებული დაგხვდება. ზოგი მშრალ ხიდზე მომუშავე მაკლერებთან მისვლას ამჯობინებს.

ბოლო წლებში ონლაინ განცხადებების საიტებიც მშვენივრად მუშაობს. ბინა სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იპოვოთ, მაგრამ მის დასათვალიერებლად მისვლა მაინც მოგიწევთ. კარგი ბინის არჩევას რამდენიმე დღე, უამრავი ენერგია და რკინის ნერვები სჭირდება.

მოკლედ, რთული პროცესია და მით უმეტეს ბინის ყიდვას თუ მშენებარე კომპლექსში აპირებთ. 3D რენდერებისა და პროექტების ნახვა გარკვეულ სურათს მოგცემთ, მაგრამ სულ სხვაა რეალური სურათის ნახვა და აღქმა.

სინგაპურულმა კომპანიამ სახლების დათვალიერების მეთოდი ახალ დონეზე აიყვანა და თავის კლიენტებს მშენებარე ბინებს VR მოწყობილობის საშუალებით აჩვენებს.

ფოტო: Mashable

კლიენტი შედის შოურუმში, იკეთებს VR სეტს და ათვალიერებს სახლს, რომელიც შეიძლება სულ მალე მისი გახდეს. ამ პროცესში სივრცისა და ოთახების განლაგების აღქმა ბევრად ადვილია, ვიდრე ბინის ნახაზის შესწავლისას.