ასტრონომებმა აირისგან შემდგარი გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც ახალდაბადებულ ვარსკვლავთა ჯგუფებს აკავშირებს. მას რედკლიფის უნივერსიტეტის საპატივსაცემოდ "რედკლიფის ტალღა" უწოდეს.

სტრუქტურა 9 000 სინათლის წელიწადის სიგრძისა და 400 სინათლის წელიწადის სიგანისაა. იგი ჩვენი მზიდან დაახლოებით 500 სინათლის წელიწადის მანძილზეა, რაც ასტრონომიული მასშტაბების გათვალისწინებით არც ისე შორია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდის მონაცემები გააანალიზეს. ამ მონაცემების მიხედვით შესაძლებელი გახდა ირმის ნახტომის ახალი 3D რუკის შექმნა.

ფოტო: ALYSSA GOODMAN

"ვერცერთი ასტრონომი ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მსგავს გიგანტთან ახლოს ვცხოვრობთ. ყველანი გაოგნებულები დავრჩით, როდესაც გავაანალიზეთ თუ რამდენად გრძელი და მასიურია რედკლიფის ტალღა. მისი არსებობა გვაიძულებს, რომ ირმის ნახტომის 3D სტრუქტურა ხელახლა გავიაზროთ", — განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ალისა გუდმენმა.

3D მოდელმა, შესაძლოა, ჩვენს გალაქტიკაში ახალ მნიშვნელოვან აღმოჩენებს დაუდოს საფუძველი.

"ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომაა იგი ასეთი ფორმის, არ მოგვეპოვება. რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ სტრუქტურა მზესთან ურთიერთქმედებს", — აღნიშნა ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა.

ფოტო: NASA

NASA-მ ამ კვირაში ახალი ინფრაწითელი ფოტოც გაავრცელა, მასზე გალაქტიკის ცენტრია აღბეჭდილი. ფოტო ასტრონომებს საშუალებას აძლევს გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელი და მასიური ვარსკვლავების ფორმირების პროცესი უკეთ გამოიკლიონ.