ემოციები უნივერსალურია, თუმცა მათი თარგმნა იმაზე რთულია, ვიდრე გვეგონა
ემოციის გადმოცემის პრობლემები მეტყველებაში
ადამიანები, კომუნიკაციისას ხშირად ვიყენებთ განსხვავებულ სიტყვებს რომელთა მნიშვნელობა ერთიდაიგივე ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის მარტივად გასაგებია. თუმცა ხშირად სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება ბუნდოვანი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ ორი მოსაუბრისთვის ერთიდაიგივე სიტყვა სხვადასხვა რაღაცას (იქნება ეს ემოცია თუ მდგომარეობა) მიემართება. განსხვავებები სიტყვის მნიშვნელობებს და მიმართებებს შორის უფრო აშკარაა კულტურებს შორის.
"ინგლისურში, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ისეთი სიტყვა როგორიცაა "სიყვარული," მოვნახოთ ის სხვა ენის ლექსიკონში და ვიპოვოთ მისი შესატყვისი, მაგრამ ეს ორი სიტყვა იშვიათად ასახავს ერთიდაიგივე კონცეფციას", — ამბობს ჯოშუა კონრად ჯეკსონი, ფსიქოლოგიის დოქტორანტი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან.
ხშირად ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება რამდენიმე რამეს მიემართებოდეს ან მრავალ ემოციასთან იყოს ასოცირებული. მაგალითად, ქართულში შფოთვა შეიძლება ხშირად აღნიშნავდეს ნერვიულობას, ხანდახან ბრაზს ან ზოგ შემთხვევაში გაურკვევლობას. ჯეკსონის კვლევის მიხედვით, ემოციები, რომელსაც სხვადასხვა ენაში ერთი და იგივე სიტყვა მიემართება, მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ესპანელისთვის, შესაძლოა, "შფოთვა" არ ასოცირდებოდეს ბრაზთან და ასოცირდებოდეს ნერვიულობასთან. კვლევის მიხედვით, ინდო-ევროპულ ენებში, შფოთვა უფრო მეტად ასოცირდებოდა ბრაზთან, ვიდრე, მაგალითად, ავსტროაზიატურ ენებში, სადაც "შფოთვა" უფრო მეტად ასოცირდება მწუხარებასთან.
ზოგადად ემოციის აღმნიშვნელი სიტყვები ბუნდოვნებით ხშირად გამოირჩევიან. ჯეკსონის მტკიცებით, "თუ როგორ აღვიქვამთ შეგრძნებებს და როგორ ვახერხებთ მათ ერთმანეთთან გაზიარებას სიტყვებით, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად არის განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური პროცესებით."
ენებში და კულტურებში განსხვავებების მიუხედავად, ჯეკსონის კვლევამ რამდენიმე ტენდენცია წარმოაჩინა. კერძოდ, პოზიტიური კონოტაციის მქონე სიტყვა რაიმე ენაში, თითქმის ყოველთვის პოზიტიური მნიშვნელობისაა სხვა ენებშიც. ერთადერთი საინტერესო გამონაკლისია სიტყვა "სიყვარული," რომელიც ინდოევროპულ ენებში ასოცირებულია ისეთ დადებით ემოციებთან როგორიცაა ბედნიერება ან სიხარული, მაგრამ ავსტრონეზიურ ენებში "სიყვარული" უფრო მეტად სიბრარულს უკავშირდება.
ჯეკსონის მიხედვით, "ემოციის სამშენებლო ბლოკები უნივერსალურია, მაგრამ ის თუ როგორ მოხდება მისი განვითარება, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გავიზარდეთ, ვისგან ვისწავლეთ და რა კულტურაში ვიცხოვრეთ." ჯეკსონის კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო ერთი და იგივე სიტყვების მნიშვნელობა ასობით სხვადასხვა ენაში და დიალექტში. ფსიქოლოგების და ენათმეცნიერების აზრით ეს საკმაოდ დიდი პროგრესია, რომელიც დროთა განმავლობაში მეტ საინტერესო ფაქტს წარმოაჩენს ადამიანური კომუნიკაციის შესახებ.
იმის გაცნობიერება, რომ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის ერთი და იგივე ცნება შეიძლება სხვადასხვა ემოციას აღნიშნავდეს, გავლენას ახდენს ჩვენ საუბარზე და კომუნიკაციაზე, ამბობს კრისტენ ლინქუისტი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ასოცირებული პროფესორი და კვლევის თანაავტორი.
"შესაძლოა, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების და მათი ემოციების გაგება იმაზე უფრო რთული იყოს, ვიდრე აქამდე გვევგონა."
კომენტარები