ქალი ფილოსოფოსები, რომლებმაც ცნობიერების არსის შესახებ თეორიები შექმნეს
ვინმეს რომ სთხოვოთ, დაასახელოს რომელიმე ფილოსოფოსი, დიდი ალბათობით კაცი მოაზროვნის სახელს გეტყვით. ჩვენ კი ამჯერად სამ ქალ ფილოსოფოსზე, მერი კალკინსზე, მეი სინკლერსა და ჰილდა ოუკლიზე მოგითხრობთ. სამივე მათგანი იდეალიზმს იცავდა — იდეას, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ცნობიერებისგან შედგება ან ეს ცნობიერება, როგორღაც, ყველგანაა განფენილი.
დიდი ცნობიერების თეორიები ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. ზოგი ეკოლოგი, მათ შორის სიუზენ სიმარდი, ამტკიცებს, რომ ხეებს შეუძლიათ "ისაუბრონ"; ხოლო ფილოსოფოს ფილიპ გოფს მიაჩნია, რომ ელემენტარულ ნაწილაკებსაც კი მოეპოვებათ ცნობიერების ბაზისური ფორმები. ეს სამი ქალი სწორედ ამ ფილოსოფიური ტრადიციის ნაწილნი არიან.
მერი კალკინსი (1863-1930)
მერი კალკინსი ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას ჰარვარდში დაეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ სადოქტორო პროგრამის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა მას ხარისხის მიცემაზე უარი იმის გამო უთხრა, რომ ის ქალი იყო. ამის მიუხედავად, კალკინსმა დიდი წვლილი შეიტანა ფილოსოფიაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი 1907 წელს გამოცემული წიგნი, ფილოსოფიის მუდმივი პრობლემები, სადაც ის იდეალიზმს ექომაგება.
დაახლოებით იმავე პერიოდში ფილოსოფოსები ჯოსაია როისი და ფრენსის ჰერბერტ ბრედლი საუბრობდნენ აბსოლუტურ იდეალიზმზე — იდეაზე, რომ სამყარო გამოცდილება ან ცნობიერება, ერთგვარი დიდი გონია. ამ ცნობიერს კი "აბსოლუტი" ეწოდება, რადგანაც ის ყველაფერს მოიცავს. კალკინსი აბსოლუტურ იდეალიზმს მიემხრო, მაგრამ მას ახალი, ოთხსაფეხურიანი არგუმენტიც დაურთო.
პირველ რიგში, ის ირწმუნება, რომ არსებობს არაფიზიკური, ფსიქიკური პროცესები. ამას ბევრი ფილოსოფოსი აღიარებს. მაგალითად, დეკარტის მსგავსი დუალისტები თვლიან, რომ ჩვენი გონება არაფიზიკური სუბსტანციების თუ თვისებების ერთობლიობაა. კალკინსი ამტკიცებს, რომ ჩვენ პირდაპირ განვიცდით ფსიქიკურ მოვლენებს: აღქმებს, წარმოდგენებს და გრძნობებს. მისი აზრით, ჩვენი რბილი, ნაცრისფერი ტვინი ვერ იქნება ჩვენი გრძნობები, ამიტომ ეს უკანასკნელნი არაფიზიკურნი უნდა იყვნენ.
მეორე რიგში, კალკინსი ამტკიცებს, რომ გონებრივი პროცესები მუდამ დაკავშირებულია თვითაღქმასთან. სადაც უნდა მიმდინარეობდეს გონებრივი აქტივობა — გრძნობა, ოცნება — მას ყოველთვის პიროვნება განიცდის. ფილოსოფოსი ამ მოსაზრებას ცნობიერების ადამიანური გამოცდილებით ამყარებს. საკუთარ თავში ჩაღრმავებისას ჩვენ ბედნიერებას ან მწუხარებას სადღაც სივრცეში გამოკიდებულს არ ვპოულობთ. სანაცვლოდ, ჩვენ თვითონ განვიცდით ამ მდგომარეობებს: თავად ჩვენ ვგრძნობთ ბედნიერებას ან სევდას.
მესამე რიგში, ის ამტკიცებს, რომ სამყარო არის "სრულებით გონებრივი". როგორაა ეს შესაძლებელი? კალკინსი ირწმუნება, რომ ქვები და ყვავილები ჩვენსავით ცნობიერები არ არიან, ისინი "უყურადღებოები, დაბნეულები და უმოქმედონი არიან". მისი არგუმენტი ეყრდნობა ჯორჯ ბერკლის იდეალიზმს, რომელიც ხაზს უსვამს გონების მნიშვნელობას აღქმის პროცესში.
თუ ყველა ყვავი, რომელიც ოდესმე გინახავთ, შავი იყო, თქვენ დაიჯერებდით, რომ აბსოლუტურად ყველა ყვავი შავია. ანალოგიურად, კალკინსი ამბობს, რომ ჩვენ, როგორც ცნობიერების მქონე არსებები, მხოლოდ ფსიქიკურ მოვლენებს — აღქმებს, ფიქრებსა და გრძნობებს განვიცდით. ცნობიერ არსებას ფსიქიკური მოვლენების გარეშე სამყაროს განცდა არ შეუძლია. ყოვლად არაცნობიერი ადამიანი არაფერს განიცდის. რადგანაც ადამიანები მხოლოდ გონებრივ პროცესებზე რეაგირებენ, ეს იმის მტკიცების საშუალებას გვაძლევს, რომ მხოლოდ გონი არსებობს. კალკინსი ასკვნის, რომ, თუ ეს ასეა, სამყარო აუცილებლად გონებრივი სუბსტანცია, ანუ ცნობიერება უნდა იყოს.
სულ ბოლოს კი, ზედა მსჯელობაზე დაყრდნობით, ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ გარდა იმისა, რომ სამყარო გონებრივი სუბსტანციაა, ის, ამასთან, არსობრივიცაა. კალკინსისთვის აბსოლუტი არის სამყაროსხელა, უსასრულო არსი, რომელიც ჩვენს მინი-არსებთან თანაარსებობს.
მეი სინკლერი (1863-1946)
მეი სინკლერი, "წაკითხვადი მოდერნისტი", უმრავლესობისთვის ცნობილია როგორც მხატვრულ ნაწარმოებთა მწერალი და სუფრაჟისტი. თუმცა ის ასევე ფილოსოფიურ ნაშრომებსაც ქმნიდა. 1922 წელს დაბეჭდილ ახალ იდეალიზმში ის აბსოლუტური იდეალიზმის იდეას დროის ბუნებაზე დაყრდნობით იცავს.
სინკლერისთვის დრო განუცალკევებელი მომენტების ერთობლიობაა, ფილმის ფირებისა ან მოძრავი ფოტოგრაფიის მსგავსად. ყოველი კადრი აჩვენებს უძრავ ზღვას. ხოლო თუ ფოტოებს ერთმანეთს გადავაბამთ, დავინახავთ, რომ ტალღები ნაპირს ეხეთქებიან. მეოცე საუკუნის მრავალმა ფილოსოფოსმა დრო სწორედ ასე აღიქვა.
იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ დრო ფილმის ფირის მსგავსია, სინკლერი თავსატეხს გვთავაზობს. როგორ არის დროის მომენტები ერთმანეთთან დაკავშირებული? რატომ მოძრაობს დრო ერთი წამიდან მეორეზე? იგი ირწმუნება, რომ არაფერია დროში ისეთი, რაც ამ წამებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ერთადერთი, რასაც ეს ძალუძს, არის ცნობიერება.
საკუთარი შინაგანი გამოცდილებიდან ჩვენ ვიცით, რომ გონებას შეუძლია, დაიმახსოვროს წარსული და წარმოიდგინოს მომავალი. ამრიგად, სინკლერი ირწმუნება, რომ გონება აკავშირებს "მომენტს მომენტთან", წარსულს — აწმყოსა და მომავალთან. დროის უწყვეტი უსასრულო ხაზის შექმნა კი მოითხოვს უსასრულო ცნობიერებას: აბსოლუტს.
ჰილდა ოუკლი (1867-1950)
ჰილდა ოუკლიმაც ვერ მიიღო აკადემიური ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტის დასრულებისას. ამის მიზეზი ასევე მისი გენდერი იყო. ამის მიუხედავად, მან გამოსცა 6 ფილოსოფიური წიგნი და ასწავლიდა მაკგილში, მანჩესტერსა და ლონდონის სამეფო კოლეჯში. ის განსხვავებული ტიპის იდეალიზმის დამცველია.
ისეთი ონტოლოგი (რეალობაზე დაფუძნებული) იდეალისტები, როგორებიც კალკინსი და სინკლერი არიან, ამბობენ, რომ სინამდვილე გონებრივი სუბსტანციაა. ეპისტემოლოგი (ცოდნაზე დაფუძნებული) იდეალისტების აზრით კი, ცნობიერება სჭვალავს ყველაფერს, რაც კი სინამდვილის შესახებ ვიცით. მაგალითად, იმანუელ კანტი ამტიკცებდა, რომ ჩვენ კი აღვიქვამთ ნივთებს სივრცესა და დროში, მაგრამ ეს ნივთები შეუძლებელია, თავისთავად იყვნენ სივრიცითი ან დროითი. ოუკლი იწონებს კანტისეულ ეპისტომოლოგიურ იდეალიზმს, მაგრამ დეტალებში არ ეთანხმება.
კანტის საპირისპიროდ, ოუკლი ამტკიცებს, რომ დრო სამყაროს ნამდვილი ატრიბუტია. მისი 1928 წლის ნაშრომი, პიროვნების ფილოსოფიის შესახებ, ამ ხედვას ადამიანის დროითი გამოცდილებით ასაბუთებს. ჩვენი აღქმა მუდმივად "წარმოიშობა უცნობიდან და ხორცს ისხამს როგორც რომანი". ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გონება კი არ ახვევს თავზე დროს ჩვენს აღქმას, არამედ ამას გარე სამყარო აკეთებს.
ოუკლისვე მტკიცებით, ჩვენი მოგონებები "შემოქმედებითია" და გვიყალიბებს გამოცდილებებს. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც შედის სახელოსნოში. ის ხედავს ლითონის ნაჭრებს, ფიცრების რიგებს, მბზინავ ფირფიტებს. ახლა წარმოიდგინეთ დურგალი, რომელი იმავე სახელოსნოში შედის. ის ხედავს ჩაქუჩებს და ხერხებს, შალაშინებს და ხის დაფებს, ხრახნებსა და ხრახნის მომჭერებს.
ბავშვისგან განსხვავებით, დურგალი ცნობს და იმახსოვრებს საგნებს. ოუკლის მტკიცებით, ადამიანის მეხსიერება ცვლის მისეულ აღქმას. ბავშვი ხედავს გროვებს, მაგრამ დურგალი ამჩნევს ხრახნებსა და ჩაქუჩებს. ზოგიერთი ანთროპოლოგი ამ მოსაზრების მსგავს თეორიას იცავს, როცა ამბობს, რომ შენი კულტურა აყალიბებს შენს რეალობას.
რატომ უგულებელყვეს ეს ფილოსოფოსები?
ამ ქალებმა თავიანთ თანამედროვე ფილოსოფიურ წრეებში დაფასება მოიპოვეს. კალკინსის ფილოსოფიის მუდმივი პრობლემები ხუთჯერ გამოიცა და ის ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. ბერტრან რასელმა სინკლერის ახალი იდეალიზმი საჯაროდ მოიწონა. ოუკლი კი არისტოტელური საზოგადოების მესამე ქალი პრეზიდენტი გახდა.
ამის მიუხედავად, მათი ფილოსოფიური ნაშრომები დღეს ნაკლებად პოპულარულია. მათზე ჩანაწერები არც სტენფორდის ფილოსოფიის ენციკლოპედიაში იძებნება და არც — ფილოსოფიის ისტორიის მრავალ სახელმძღვანელოში.
მსგავსი უგულებელყოფის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ იდეალიზმი მოდიდან გადავიდა. მეორე შესაძლო მიზეზი მიზოგინიაა. და, სავარაუდოდ, არსებობს მესამე მიზეზიც: მათი არგუემნტები ინტროსპექციას ან შინაგან გამოცდილებას, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ინტუიციას ეყრდნობა. 1912 წელს ბერტრან რასელმა ჰენრი ბერგსონი ინტუიციის "არაინტელექტუალური" გამოყენებისთვის გააკრიტიკა.
შესაძლოა, რასელის შეტევის ირიბი ეფექტი იყო ამ ქალების იდეალისტური მსჯელობის "არაფილოსოფიურად" მიჩნევა. ფილოსოფოსები ჯერ კიდევ კამათობენ ინტუიციის ღირებულებაზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ცნობიერების კვლევებში ხელახალა გახდა აქტუალური ინტროსპექცია და დიდი ცნობიერების თეორიები. ამან კი, შესაძლოა, კალკინსის, სინკლერისა და ოუკლისადმი ინტერესიც გამოაღვიძოს.
კომენტარები