რატომ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროება ბუნდოვანი
19 ოქტომბერს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც გაკეთებული განცხადებებიდან საზოგადოებამ სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისევ ზოგადი განმარტებები მიიღო. თუმცა, გადაწყდა, რომ ქართულ მხარეს რუსულ საცავში დაცული ქართული ფილმების ფირებს გადმოსცემენ.
On.ge-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, გიორგი გობრონიძემ ფირების გადმოცემის ამბავს - დადებითი, აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროებას კი ბუნდოვანი უწოდა და იმ კითხვის ნიშნების საფუძველზე ისაუბრა, რასაც ეს შეხვედრები იწვევს.
საზოგადეობის ნაწილი აღნიშნულ ფორმატს სკეპტიკურად აფასებს და მისი არსებობის საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორია თქვენი პოზიცია, რას გვაძლევს აბაშიძე-კარასინის შეხვედრები?
ერთი მხრივ, აღნიშნული კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას იძლევა. რამდენადაც ვიცი, ამ ფორმატის ფარგლებში რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეული წარმატების მიღწევა იმ თვალსაზრისით გახდა შესაძლებელი, რომ განხორციელდა იქ მყოფი პატიმრების, ტყვეებისა და იმ ადამიანების, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, გადმოცემა.
თუმცა, როცა ვსაუბრობთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე, ბუნდოვანია, რატომ არის საჭირო ამის მიღწევა ამ ტიპის ფორმატით, რა საჭიროა ამისთვის ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლების ურთიერთობა.
რა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვაქვს აღნიშნული შეხვედრების დაწყებიდან დღემდე?
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით რომ დავიწყოთ, რუსეთის მხრიდან ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა იყო ბუნებრივი პროცესი, რომელიც თან სდევდა რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, სხვათა შორის, საქართველოს თანხმობით. ამ ფორმატმა შესაძლოა გარკვეული კატალიზატორის როლი ითამაშა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ბაზრის გახსნა ცალსახად ამ შეხვედრების დამსახურებაა. მნიშვნელოვანია, რა მისცა ამ ბაზარმა საქართველოს ეკონომიკას. ბოლო მონაცემი, რასაც მე გადავხედე, საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 270 მილიონს შეადგენს, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს ქართული საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ეკონომიკისთვის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა არ არის იმდენად მიმზიდველი, რამდენადაც ამის წარმოჩენას ხშირად ცდილობენ. რუსეთმა წლების განმავლობაში საკუთარი თავი ქართულ ეკონომიკას დაანახა, როგორც არაკეთილსაიმედო პარტნიორი. გავიხსენოთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულების მიუხედავადაც კი, 2006 წელს მან საქართველოს პროდუქციაზე ემბარგო დაუწესა და ამავე წელს ენერგობლოკადა გამოგვიცხადა.
ჰუმანიტარული თვალსაზრისით კი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მოხერხდეს დევნილთა უფლებების დაცვა და იმ ადამინების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ. თუ ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, მაშინ სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია უარესდება და რუსეთის ფედერაცია არ ფიქრობს კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმაზე.
კულტურული კუთხით კი, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამ ტიპის და ამ დონის შეხვედრების ჩატარება თუნდაც იმისთვის, რომ რუსი მწერლები ჩამოვიდნენ საქართველოში ან ქართული ანსამბლები რუსეთში გაემგზავრონ და შედგეს კულტურული დიალოგი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ეს ფორმატი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მსჯელობასაც გულისხმობს. რა შედეგს მიაღწიეს ამ მხრივ მხარეებმა?
რუსეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაც კი მას შემდეგ დააანონსა, როცა საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატებას მიაღწია. შესაბამისად, აქ გაცილებით დიდია საქართველოს ევროინტეგრაციასა და რუსეთის პოზიციას შორის კავშირი, ვიდრე ორი დიპლომატის შეხვედრასა და შედეგებს შორის.
მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთი ცდილობს, რომ ევროპის პარალელურად არ დაკარგოს საქართველოში ის პოზიცია, რომელიც შეიძლება გააჩნდეს და ასეთ იარაღად მას ესახება სავიზო რეჟიმის შესაძლო გამარტივება. ბუნებრივია, რაც მეტად უახლოვდება საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, მით მეტად შორდება რუსულ ორბიტას. სწორედ ამიტომ, თუკი ცალკეულ შემთხვევებში რუსეთი იყენებდა მათრახს, შესაძლოა გამოიყენოს თაფლაკვერიც და ამ პოლიტიკით ქართულ საზოგადოებაში გარკვეული მიმზიდველობა შეინარჩუნოს.
რუსეთის რიტორიკის გათვალისწინებით, რა გავლენას ახდენს ეს შეხვედრები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე?
თვითონ ეს ფორმატი არ და ვერ ახდენს გავლენას. უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთის პარტნიორებისგან რეკომენდაციაც კი არსებობდა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება მოეხდინა. თუმცა, რამდენად გამოვა ეს ამ ფორმატით, ეს მეორე საკითხია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის მიმართულებით შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯები გადაედგა: საქართველოს დიდი ხნით ადრე აქვს რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმებული, მას არასდროს შეუქმნია რუსი ბიზნესმენებისთვის საქართველოს ბაზარზე პრობლემა და საქართველო დიდი ხანია კონსტრუქციულ როლს თამაშობს. ამის მიუხედავად, რუსეთი არ გადადგამს არცერთ შემხვედრ ნაბიჯს. შევხედოთ, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, 2015 წელს რუსეთმა პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოაცხადა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობა. ჩანს, რომ არც სტატუსის გადახედვა იგეგმება, არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირებისა და გალის რაიონში მცხოვრებლების უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი.
აბაშიძე-კარასინის ფორმატის პარალელურად გვაქვს IPRM-ის შეხვედრებიც. რამდენად არის საჭირო ამ ორი ფორმატის ცალ-ცალკე არსებობა?
ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა განიხილებოდეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემები, აბაშიძე-კარასინის ფორმატში კი სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები. თუმცა, ფაქტია, რომ აბაშიძე კარასინის შეხვედრების დროს განსხვავებულ საკითხებზეც საუბრობენ. გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნებამდე გამართული შეხვედრა. ერთი მხრივ, აბაშიძე უარყოფდა, მეორე მხრივ კი კარასინი ამბობდა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ის, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ შეიძლებოდა ანტირუსული რიტორიკა გაძლიერებულიყო და მეტიც, მან ახსენა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი საფრთხეს ხედავდა. შესაბამისად, თვითონ ის ფაქტი, რომ არ გვაქვს ამომწურავი სურათი, რაზე არის ხოლმე საუბარი ამ შეხვედრებზე და ერთი მხარე ერთ ამბობს და მეორე - მეორეს, უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს უნდა გადაიხედოს თუ არა ეს ფორმატი, უნდა გახდეს თუ არა ის უფრო გამჭვირვალე და უნდა იყოს თუ არა აბაშიძე მოსახლეობის წინაშე უფრო ანგარიშვალდებული.
იმ ფონზე, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებს ისევ აკავებენ, რამდენიმე თვის წინ კი ხურჩაში საქართველოს მოქალაქე, გიგა ოთხოზორია მოკლეს, რას აძლევს საქართველოს IPRM-ის ფორმატში გამართული შეხვედრები?
IPRM-ს ხელშესახები შედეგი არ მოუცია. ვითარება უფრო გაუარესდა, 2008 წლიდან რუსეთისგან ზოგადად გაიზარდა სამხედრო საფრთხეები, რაც გამოიხატა იმაში, რომ რეგიონში გაუარესდა ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთის სამხედრო დანაყოფებისა და სპეცსამსახურების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, მოქალაქეების გატაცების რიცხვი გაიზარდა. პრაქტიკულად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, დაბრუნდა უკან და არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა. რუსეთის მხრიდან კი აბსოლუტურად ცინიკური განცხადებები მოვისმინეთ. ამასთან, 2014 წელს რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად კი, არც აფხაზეთი და არც ცხინვალი როგორ თუნდაც დე-ფაქტო წარმონაქმნები აღარ არსებობს და იქ ცალსახად ხორციელდება რუსეთის ეფექტური კონტროლი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, არ არსებობს, არც აფხაზური და არც ოსური შეიარაღებული ძალები, არსებობს ერთობლივი რუსულ-ოსური და რუსულ-აფხაზური დაჯგუფებები და ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.
კომენტარები