ორსულობის პერიოდში თევზის მოხმარება ბავშვის მაღალ IQ-სთანაა დაკავშირებული — კვლევა
რამდენად მნიშვნელოვანია თევზეული ორსულობის დროს და აუცილებელად უნდა შედიოდეს თუ არა იგი ბავშვის საკვებ რაციონში? როგორც ირკვევა, ზღვის პროდუქტი ძალზე სასარგებლოა პატარების გონებრივი განვითარებისათვის
მკვლევართა ჯგუფმა ზღვის პროდუქტების შესახებ აქამდე გამოქვეყნებული 44 კვლევის შედეგები გააანალიზა. აღმოჩნდა, რომ ორსულობის პერიოდსა და ბავშვობაში თევზეულით კვება ფსიქიკური უნარების ტესტებში უკეთეს შედეგებთან არის კავშირშია.
მეტა-ანალიზები ჟურნალში PLEFA გამოქვეყნდა და იგი მონაცემთა დიდ რაოდენობას მოიცავდა: 29 კვლევაში მონაწილე 102 944 დედა-შვილის წყვილი და 15 კვლევაში მონაწილე 20 031 ბავშვი.
განსაკუთრებით საინტერესო ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში ზღვის პროდუქტების მოხმარებაზე ორიენტირებული კვლევები გახლდათ. მათ შორის 5 კვლევაში ერთმანეთთან შედარებული იყო იმ ბავშვების ვერბალური IQ ტესტირების შედეგები, რომელთა დედებიც დღეში 340 გრამზე მეტი ოდენობის თევზეულს მოიხმარდნენ, იმათთან, ვინც ზღვის პროდუქტებს სრულიად არ მოიხმარდა — თევზის მოყვარულთა შვილების IQ მაჩვენებელი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ თევზეულის მოყვარულთა შორის უფრო ნაკლები გახლდათ ყურადღების დეფიციტის სინდრომის (ADHD) განვითარების რისკი, ამ ბავშვებს უფრო მაღალი IQ აღენიშნებოდათ და მათი აკადემიური მოსწრებაც უფრო მაღალი გახლდათ. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ზღვის პროდუქტების სასარგებლო ეფექტები სიცოცხლის პირველ 14 თვეშივე შეინიშნება. ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები იმ ჯგუფში ფიქსირდებოდა, სადაც ყოველკვირეულად 230-დან 340 გრამამდე თევზეულს მოიხმარდნენ.
კვლევის ხელმძღვანელი ტომ ბრენა გახლდათ, ტეხასის უნივერსიტეტის პედიატრიის სკოლის პროფესორი. მას ზღვის პროდუქტის ასეთი სარგებლიანობა ძალზე იმედისმომცემად მიაჩნია.
ორსულობის პერიოდში ექიმები პაციენტებს ვერცხლისწყლის შემცველი თევზეულისგან (თინუსი, ხმალთევზა) თავის შეკავებას ურჩევენ. თუმცა, 3 კვლევის შედეგებიდან ირკვეოდა, რომ ვერცხლისწყლის არსებობის პირობებშიც კი თევზის ხორცს ორგანიზმისთვის სასარგებლო ეფექტები მაინც აღენიშნებოდა.
კომენტარები