ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრი ახალ, გარემონტებულ სივრცეში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ცენტრი ახალი დანადგარით აღიჭურვა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის სპეციალურ ყუთებს დაამზადებს, რომელშიც განთავსდება რარიტეტული წიგნები და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ნორმებით შეინახება.

"ვიყიდეთ დანადგარი, რომელიც ამზადებს სპეციალურ კარდონის ყუთებს წიგნების ზომების მიხედვით. ყუთები მზადდება ნაკლებმჟავიანი კარდონის მასალისგან, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იცავს იშვიათ გამოცემებს. წიგნები მალე ამ სპეციალურ ყუთებში განთავსდება და ასე შეენახება მომავალ თაობებს", — განაცხადა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.

"ვამაყობთ — ნაბეჭდი გამოცემების (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, პლაკატები) რესტარვაციისა და კონსერვაციის ახალი ცენტრი გვაქვს, თანამედროვე აპარატურით და შესანიშნავი თანამშრომლებით", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.