როგორ გავხადოთ სკოლის პირველი დღე საინტერესო? — ფსიქოლოგის რჩევები
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის ჩვენი განწყობები — ღელვაც და სიმშვიდეც — გადამდებია. მოზრდილებს ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ საკუთარი ემოციები, ქცევა და საუბარი ვმართოთ. ბავშვებისგან შეგვიძლია ველოდოთ მხოლოდ იმას, რის მაგალითსაც თავად ვაძლევთ".
"სკოლაში მივდივარ!" — ყველას ამცნობენ პირველკლასელები. სწორედ მათ უხარიათ სკოლის პირველი დღე ყველაზე მეტად და ამოუცნობი და მოულოდნელი სამყაროსკენ ინტერესით მიიჩქარიან. ეს ხომ ის ადგილია, სადაც თანატოლებს გაიცნობენ და დიდებივით საქმიანები გახდებიან?
სიხარულს თან სდევს აღელვება, განსაკუთრებით მომდევნო კლასებში. "როგორ შემხვდებიან კლასელები?" "ნეტავ თუ შეიცვალნენ?" "მასწავლებელი წელს უფრო ხშირად იქნება კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ?" "ბევრი სასწავლი მექნება?" "მოეწონებათ ჩემი ახალი ტანსაცმელი?" "დედა მომენატრება?" "ვინ დაჯდება ჩემს გვერდით?" "თამაშის დრო დამრჩება?"
პატარების თავებში უამრავი კითხვა ტრიალებს. ისინი ემოციებს ხანდახან ისე ზედმიწევნით "სწორად" ვერ გამოხატავენ, რომ დიდებმა მათი აზრები ზუსტად გაიგონ.
მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის ნაკლებად სტრესული და მეტად საინტერესო და სახალისო იყოს.
On.ge ნიუტონის სკოლის ფსიქოლოგს, ანა მიქიაშვილს ესაუბრა და mისგან ის რჩევები მოისმინა, რომლებიც უფროსებმა ბავშვების კეთილდღეობისთვის უნდა გაითვალისწინონ.
არსებობს რამე ტაქტიკა, რომელიც მშობელმა უნდა იცოდეს, იმისთვის, რომ ბავშვი სკოლისთვის ემოციურად მოამზადოს?
პირველი კლასი და სკოლაში პირველად წასვლა ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ზოგისთვის ეს სიხარულია, მაგალითად ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც უფროსი და-ძმა ყავს. მათ უკვე იციან რას ნიშნავს სკოლაში სიარული და მოუთმენლად ელიან ხოლმე, როდის დადგება ეს დღე.
თუმცა, არიან ბავშვები, ვისაც ეშინია. ეშინია იმიტომ, რომ არ იცის რა დახვდება, არ იცის რას ელოდოს ან შექმნილი აქვს მოლოდინები იქედან გამომდინარე, რაც აქამდე სხვებისგან სმენია.
იმისათვის, რომ ამ სიახლესთან შეგუება და პირველი შეხვედრა, პირველი შესვლა სკოლაში იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და სასიამოვნო ბავშვისთვის, საჭიროა მოვამზადოთ ის ამისთვის. მომზადების პროცესში კი მთავარი ინფორმაციის მიწოდებაა.
წინასწარ იმის ახსნა და მოყოლა, თუ რა ელოდება მას პირველ დღეს და მომდევნო დღეებში, უქმნის ბავშვებს სიტუაციის ნაცნობობის განცდას. პირველკლასელების მიღებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლას საკუთარი ტრადიციები აქვს, ყველა მასწავლებელს საკუთარი სტილი, ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობელი წინასწარ გაესაუბრება მასწავლებელს და ჯერ თავად დააზუსტებს ინფორმაციას, შემდეგ კი მოამზადებს ბავშვს.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილისთვის სკოლაში წასვლის პირველი დღე უფრო მეტად საინტერესო და კარგი მოლოდინებით დატვირთული იყოს, ვიდრე შფოთვითა და ნერვიულობით სავსე?
რა თქმა უნდა, პირველ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სკოლაში გაყვეს ის ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს დაცულად გრძნობს, ვისაც ენდობა. იქნება ეს დედა, მამა, ძიძა, უფროსი და-ძმა თუ ბებია-ბაბუა თუ სხვა ახლობელი.
სკოლაში წასვლამდე, დილიდანვე, მშობლებმა მშვიდი და ხალისიანი გარემო უნდა შექმნან სახლში, გააღვიძონ მოფერებით, ესაუბრონ თბილად და მშვიდად, თავადაც არ იდარდონ წვრილმან დეტალებზე.
უფროსების შფოთვა პირდაპირ გადაედებათ ხოლმე ბავშვებს, სულ რომ არ იყოს ნათქვამი სიტყვებით. მშობლებმა სკოლაში წასვლამდე ან გზაში აუცილებლად უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ პირველ დღეს მათ რაღაც პერიოდით მასწავლებელთან და სხვა ბავშვებთან ერთად ყოფნა მოუწევთ მშობლის გარეშე, უნდა შეუქმნან დადებითი მოლოდინები, რომ ეს ძალიან კარგი იქნება.
შესაძლებელია, მშობელმა მოყვეს პატარა ისტორია იმის შესახებ, თუ თავად როგორ წავიდნენ სკოლაში ან როგორ უყვარდათ პირველი მასწავლებლები (აუცილებელია, რომ ეს ისტორია იყოს პოზიტიური და დადებით განწყობას და მოლოდინებს უქმნიდეს ბავშვს).
ისიც მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა წინასწარ რამდენჯერმე უთხრას ბავშვს მასწავლებლის სახელი, უთხრას, რომ ძალიან ენდობა მასწავლებელს და დარწმუნებულია, რომ ბავშვიც კარგად იგრძნობს მასთან თავს. ასევე უნდა უთხრას, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს მასწავლებელს დახმარებისთვის და არ მოერიდოს, იქნება ეს საპირფარეშოს მოხმარება თუ სხვა პატარა დისკომფორტი.
ყველა მშობელმა ნებისმიერ ფსიქოლოგზე უკეთ იცის, თუ რა უყვარს და ახარებს მის შვილს. დადებითი ემოციების გასაძლიერებლად და უარყოფითის შესამცირებლად, შესაძლებელია სკოლაში წასვლამდე ან მანქანაში, გზაში ბავშვისთვის საყვარელი მუსიკის ჩართვა, ან პატარა, საყვარელი სათამაშოს წამოყვანა, ან შეპირება, რომ სკოლის მერე ერთად გააკეთებენ რაღაც ისეთს, რაც ბავშვს ძალიან უყვარს. მაგალითად საყვარელ ადამიანთან სტუმრობა, ნაყინის ჭამა ან რამე სხვა. თავისთავად, ამ შეპირების შესრულებაც აუცილებელია.
როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, იმისთვის, რომ ბავშვისთვის სკოლაში მისვლა ცუდ ემოციებთან არ იყოს დაკავშირებული?
პირველკლასელებთან ურთიერთობისას მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლა პირველი სივრცეა, სადაც ოჯახის წევრების გარეშე უწევს დარჩენა. არიან მოსწავლეები, რომელთაც საბავშვო ბაღშიც არ უვლიათ და მათთვის განსაკუთრებით ბევრი სიახლეა სკოლაში.
მასწავლებელმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველკლასელს, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ ჰქონდეს დამოუკიდებელი თვითმოვლის უნარები და საჭიროებდეს ისეთ დახმარებას, რაც ცდება მასწავლებლის უშუალო მოვალეობებს.
სასწავლო წლის დაწყებისას მასწავლებლის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს არა საგნობრივი შინაარსის მიწოდება, არამედ გარემოსთან ადაპტაცია, ჯგუფთან შეგუება, წესების და შეთანხმებების ჩამოყალიბება და რაც მთავარია, სკოლისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების შექმნა. გაკვეთილის დაგეგმვისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველკლასელებს შესაძლოა გაუჭირდეთ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მერხთან ჯდომა, ჩუმად და გასწორებული ყოფნა. ამისთვის, პირველ რიგში, სხეული არ არის ხოლმე მზად, ასევე ნებელობა და თვითკონტროლი არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული.
მასწავლებელს უნდა ახსოვდეს ისიც, რომ ყველა ბავშვის სასკოლო მზაობა განსხვავდება და მათი გაცნობის და თავისებურებების გაგების შემდეგ, აუცილებელია აქტივობების დაგეგმვისას მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
პირველკლასელები შეძლებისდაგვარად უნდა მოვარიდოთ დასვენებების ხმაურსაც, განსაკუთრებით დიდ სკოლებში, რომ ამ ქაოსმა და ხმაურმა შიში არ გამოიწვიოს.
თუ ბავშვი ტირის და სკოლაში დარჩენა და მშობელთან მოშორება არ უნდა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? და როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?
ყველა მასწავლებელს აქვს გამოცდილი, რომ ზოგიერთ ბავშვს უჭირს მშობლებთან განშორება და მათ გარეშე სკოლაში დარჩენა. მათ იციან, თუ რა შეიძლება შესთავაზონ ბავშვს ასეთ დროს, როგორ გაეცნონ, დაიმსახურონ ბავშვის ნდობა და გამოიწვიონ ინტერესი.
როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევებში ხერხდება, რომ ბავშვი დამშვიდდეს და დარჩეს მშობლის გარეშე. თუმცა, თუ არის განსხვავებული შემთხვევა და ბავშვი ვერ მშვიდდება, ტირის და ხელს არ უშვებს მშობელს, არ ღირს მისი კიდევ უფრო დათრგუნვა და ძალდატანებით დატოვება. ამას ჯობს, ნელ-ნელა შეჩვევა.
მაგალითად, მშობელთან ერთად შენობის დათვალიერება, ბავშვების გაცნობა, ყურება, როგორ შედიან კლასში სხვები მშობლების გარეშე. ასეთ შემთხვევებში ჯობს მშობელმა პირველივე დღეს მარტო არ დატოვოს ბავშვი სკოლაში და თუ პატარა კლასში შევიდა, იყოს იქვე ისე, რომ ბავშვმაც იცოდეს ამის შესახებ. შემდეგ დღეებში კი ნელ-ნელა უნდა იზრუნოს ამ დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.
შემდეგ დღეებში კი აუცილებლად მივაკითხოთ დათქმულ დროს, რომ არ მოუწიოს ლოდინი და იმაზე ნერვიულობა, რატომ არ აკითხავენ მას.
თუ მშობელი დარჩება და ატირებული ბავშვის "მოთხოვნას" შეასრულებს, წაახალისებს თუ არა ეს მის ამ ქცევას?
ატირებული ბავშვის დატოვება ნამდვილად არ არის რეკომენდირებული, ჯობს მეტი დრო დავუთმოთ მის წინასწარ მომზადებას, მასთან შეთანხმებების დადებას.
რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ატირებულ ბავშვთან საუბრისას?
აუცილებელია, ვუთხრათ, რომ გვესმის მისი ემოციების, გვესმის რომ ღელავს და დავამშვიდოთ. არ შეიძლება ისეთი ფრაზების თქმა, რაც ბავშვს აგრძნობინებს, რომ არ გვესმის მისი. მაგალითად: "რა გატირებს, რა არის სატირალი", "გოგო ხომ არ ხარ, ბიჭები არ ტირიან", "უკვე დიდი ხარ, ბაღში ხომ არ ხარ" და სხვა.
თუ ბავშვი მშობლის გარეშე დარჩენას აპროტესტებს, ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე სიტუაცია, როცა ბავშვები მაღაზიაში ტკბილეულის ყიდვის გამო ტირიან. აუცილებელია მათი ემოციების გათვალისწინება. მკაცრი, ხისტი და უხეში მოპყრობა ნამდვილად უარყოფით შედეგებს გამოიღებს გრძელვადიანი პერსპექტივით.
რა შეცდომებს უშვებს მასწავლებელი იგივე სიტუაციაში?
რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები ბავშვის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებასთან, სიმართლის თქმასთან, შეპირებების შესრულებასთან და აღნიშნულ ფრაზებთან მიმართებით, ეხება მასწავლებელსაც. მხარდაჭერასთან და თანაგრძნობასთან ერთად, მან უნდა აგრძნობინოს ბავშვს, რომ უსაფრთხოდ არის. შესთავაზონ რამე საინტერესო, გაახალისოს, ეთამაშოს, მოიპოვოს ნდობა, თუნდაც პატარა ჟესტით.
უნდა მოარიდოს თუ არა მშობელმა ან მასწავლებელმა ატირებული ბავშვი თანატოლებს?
არ არის საჭირო ატირებული ბავშვი მოვარიდოთ თანატოლებს, პირიქით, ბავშვები შეიძლება დაგვეხმარონ კიდეც, ჩვენზე უკეთ გამონახონ საერთო ენა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთმანეთს დაცულობის განცდა უკეთ აგრძნობინონ. ერთადერთი რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, არ უნდა მიუთითონ სხვა ბავშვებზე, არ უნდა მიანიშნონ, რომ ტირის, ან ვიღაც "უკეთ იქცევა".
თუ ბავშვი სკოლის წინ იმაზე ნერვიულობს, თუ როგორ გამოიყურება, რა აცვია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
პირველ დღეებში ბავშვების ემოციური კარგად ყოფნისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ეცვათ ის, რაც თავად მოსწონთ და არა ის, რომ "ეცვათ ლამაზად".
ჯობს ბავშვმა ტანსაცმელი თავად შეარჩიოს, ან მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. ამასთან დაკავშირებით დავა არ ღირს. ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს თავად მოსწონდეს ის რაც აცვია, ვიდრე, ეცვას ის, რაც მშობელს მოსწონს, მას კი — არა.
რაც არ უნდა იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის ჩვენს განწყობები, ღელვაც და სიმშვიდეც გადამდებია. მოზრდილებს ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ ვმართოთ საკუთარი ემოციები, ქცევა და საუბარი. ამიტომ, როლური მოდელისა და სასურველი მაგალითის მიცემა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. ბავშვებისგან შეგვიძლია ველოდოთ მხოლოდ მას, რის მაგალითსაც თავად ვაძლევთ.
კომენტარები