ყვარლის მერის მოადგილემ "არ იცის", დაზიანებულია თუ არა მერიის წინ ინფრასტრუქტურა
ყვარლის მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი აცხადებს, რომ თავად არ უნახავს და არც ინფორმაცია აქვს იმაზე, დაზიანებულია თუ არა მერიის წინ მდებარე სკვერში ინფრასტრუქტურა. იგივე პასუხი აქვს ზაუტაშვილს ქალაქში არსებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც. ის აღიარებს, რომ კონკრეტული ადგილები დაზიანებულია, მაგრამ არ პასუხობს კითხვებს, სად, რამდენი ხანია და როგორ.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ბლოგზე გიორგი ჯღარკავამ გამოაქვეყნა ფოტორეპორტაჟი, რომელშიც ყვარელში დაზიანებული ინფრასტრუქტურა ჩანს. ფოტოებიდან ირკვევა, რომ როგორც ქალაქის ცენტრში, ისე სხვა ტურისტულ ადგილებში დამტვრეულია გარე განათების ბოძები, გათიშულია შადრევნები, დაზიანებულია სკამები და გამხმარია მწვანე საფარი.
ინფორმაციის გადამოწმება და მიზეზების გარკვევა On.ge-მ ყვარლის მერიაში სცადა. ყვარლის მერის მოადგილემ ინფორმაციის დაზუსტება და პრესსამსახურისთვის ფოტომასალის მიწოდება ითხოვა. მან შეთანხმების მიუხედავად, მეორე დღესაც არ უპასუხა კითხვებს, რეალურია თუ არა ფოტომასალა და შეამოწმა თუ არა მერიის წინ დაზიანებული სკვერი.
"თქვენ გინდათ, რომ მე ვნახო პირადად? ათეულობით პროექტი გვაქვს და ხან რომლის მოსაგვარებლად დავდივარ, ხან რომლის. თქვენ რატომ უნდა შეგითანხმოთ, მივედი თუ არა გუშინ სამსახურში. თუ რამე დაზიანებულია, ყოველთვის ვაკეთებთ. ახლაც მიხედავს ინფრასტრუქტურის სამსახური", — განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად ზიანდება და შესაძლოა სხვა სკამებიც იყოს დამტვრეული. მისივე თქმით, არც ის არის გამორიცხული, რომ ვინმე განზრახ ამტვრევდეს სკამებს და მერე იღებდეს ფოტოებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ამ ფოტოების გავრცელება პროვოკაციად მერიის წინააღმდეგ, ის პასუხობს "არა, ეგ არ მითქვამს, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი და ამას მოვიკვლევთ."
ინფრასტრუქტურული პრობლემები ყვარელში
ბლოგზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ ყვარელში არამხოლოდ მერიის წინ სკამებია დაზიანებული, არამედ ქალაქის მასშტაბით დამტვრეულია სანიაღვრე ჭის სახურავები, შადრევნები, საბავშვო ატრაქციონები და გამხმარია მწვანე საფარი.
ჯღარკავას ინფორმაციით, ქალაქში უფუნქციოდაა დარჩენილი საზოგადოებრივი საპირფარეშო, საათი, საბავშვო აუზები და სარეკლამო ბანერები.
მასშტაბური რეაბილიტაცია ყვარელში 6 წლის წინ ჩატარდა. მუნიციპალური განვითარების ფონდს ეს დაახლოებით 4 მილიონი დაუჯდა. კერძოდ, ქუჩების გარე განათების პროექტის ღირებულება 1 781 097 ლარი იყო, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტისა 1 024 007 ლარი, გამწვანება კეთილმოწყობა კი 690 763 ლარი დაჯდა.
ყვარლის მერის მოადგილე კი ამბობს, რომ ამის შემდეგ ინფრასტრუქტურული პროექტები არაერთხელ ჩატარდა, თუმცა მოსახლეობა ქალაქს ხშირად აზიანებს.
კომენტარები