ბარაკ ობამამ, როგორც სჩვევია ხოლმე, ფეისბუქზე ნოველებისგან, მემუარებისგან და არამხატვრული ლიტერატურისგან შემდგარი ზაფხულში საკითხავი წიგნების სია გამოაქვეყნა. თუ ჯერ კიდევ არ იცით რა წაიკითხოთ, ის ზაფხულის უკანასკნელი დღეებისთვის რამდენიმე წიგნს გირჩევთ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ობამა ფეისბუქზე წერს:

"უკვე აგვისტოა და მინდა ამ ზაფხულს წაკითხული წიგნებიდან რამდენიმე თქვენც გირჩიოთ. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ტონი მორისონის ნაწარმოებების პირველად თუ კიდევ ერთხელ წაკითხვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საყვარელი, ქებათა ქება სოლომონისა, ყველაზე ცისფერი თვალი, სულა და ყველა მისი სხვა ნამუშევარი შეუდარებელია. მათი წაკითხვით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. და აი, კიდევ რამდენიმე წიგნი, რომელსაც გირჩევთ:

კოლსონ ვაითჰედის ნიკელის ბიჭები აუცილებლად წასაკითხია. მასში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ გაუნადგურა ცხოვრება ადამიანებს ჯიმ ქროუს კანონებმა და მასობრივმა დაპატიმრებებმა, რომელთა შედეგებსაც დღესაც ვიმკით.

ტედ ჩიანგის ამოსუნთქვა მოკლე მოთხრობების კრებულია, რომელიც დაგაფიქრებთ, უამრავი შეკითხვით აგავსებთ და თავს უკეთეს ადამიანად გაგრძნობინებთ. ის სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ნიმუშია.

ჰილარი მანტელის ეპიკური ჟანრის მგლის დარბაზი ტომას კრომველის გზას ძალაუფლებამდე მხატვრული კუთხით გადმოგვცემს. ეს წიგნი 2009 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი, ამიტომაც მისი წაკითხვა ვერ მოვახერხე. თუმცა, ის ახლაც შესანიშნავად იკითხება.

ჰარუკი მურაკამის კაცები ქალების გარეშე გვიჩვენებს რა ემართებათ პერსონაჟებს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ქალების არსებობის გარეშე. ეს წიგნი ბევრ გრძნობას აღგიძრავთ, დაგაბნევთ კიდეც, მეტ შეკითხვას და ნაკლებ პასუხს დაგიტოვებთ.

ლორენ ვილკინსონის ამერიკელი ჯაშუში უბრალო თრილერი არაა. ის ოჯახურ კავშირებს, სიყვარულს და პატრიოტიზმს ერთ მთლიანობაში წარმოგვიდგენს.

ნიკოლას ქარის ჩრდილები რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ მასში აღწერილი ინტერნეტის გავლენა ჩვენს გონებაზე, ცხოვრებაზე და მოსახლეობაზე დღესაც საყურადღებოა.

ჰოუფ ჯარენის ლაბორატორიის გოგონა მეცნიერ ქალზე, შესანიშნავ მეგობრობაზე და ხეთა მნიშვნელობაზე ლამაზად დაწერილი მემუარია. არაჩვეულებრივი ნამუშევარია.

თი ობრეტის შიდა ტერიტორია გუშინ გამოქვეყნდა, ამიტომ წინასწარ არაფერს გეტყვით. თუმცა, ვინც მის ახალ ნოველას მოუთმენლად ელოდებოდით, იმედები ნამდვილად არ გაგიცრუვდებათ.

დინა მენგესტუს როგორ აღვიქვათ ჰაერი თავისუფლებისთვის მებრძოლი ამერიკელი იმიგრანტების გამოვლილ სირთულეებთა შეგრძნების შესაძლებლობას მოგცემთ.

სტეფანი ლენდის მოახლე მარტოხელა დედის მტიკცე პიროვნებას და ოჯახთა ამერიკულ კლასობრივ დაყოფაზე მის დამოკიდებულებას გვიჩვენებს. მასში აღწერილია თუ რამდენად რთული გზის გავლა უწევს ბევრ ოჯახს საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად. ეს წიგნი იმასაც შეგვახსენებს, რომ ყველა სამუშაო ღირსეულია."

ჩამოთვლილი წიგნებიდან ქართულად ნათარგმნი მხოლოდ ტონი მორისონის რომანებია, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სიაში არსებული დანარჩენი ლიტერატურაც მალე იქნება ქართულ ენაზე წარმოდგენილი.