"ჩვენ არ ვართ მსახიობები, მაშველი ქალები ვართ ბათუმიდან"
"მესმის, რომ ხალხს უნდოდა ენახა სერიალ მაშველის გმირები. უნდოდათ ჩვენც ისე ჩაგვეცვა და ამ ფორმების გამო გაგვაკრიტიკეს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მსახიობები, ჩვენ ვართ ქალი მაშველები ბათუმიდან და ეს უნდა გაითვალისწინონ".
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები მერცია დეკანაძე, ქრისტინა დიდმანიძე და ნინო ბეჟანიძე მაშველი ქალები არიან. ისინი ზღვაზე სხვა ქალებთან ერთად 2019 წელს გამოჩნდნენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სიახლეს, რომელსაც სტერეოტიპების ნგრევისა და ქალთა გაძლიერებისთვის უნდა შეწყო ხელი, ბულინგი და სექსისტური თავდასხმა მოყვა.
მათ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელი კომენტარებს სწერდნენ. გოგოებს პირად ანგარიშებზეც მიაგნეს. მოგვიანებით კი დაცინვამ ინტერნეტიდან სანაპიროზე გადაინაცვლა.
"ხუთს ერთად გამოიყვან", "მე გადამარჩენ, თუ ამას", "ბარემ ბუშლატი ჩაგეცვა", "ერთი შენი გადარჩენილისაც, რა" — ამ მიძახილების ფონზე ისინი ყოველდღიურად პატრულირებენ სანაპიროზე, ეხმარებიან დაზარალებულებს და არ აპირებენ უარი თქვან საქმეზე, რომელიც მოსწონთ.
მსგავსი უარყოფითი გამოცდილების შემდეგ ინტერვიუზე დათანხმება გართულდა. "რაც მოხდა, უკვე გადავიტანეთ და გულს აღარ გვტკენს, რატომ არ უნდა მოვყვეთ?" — ახსენა ერთ-ერთმა. ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ სჯობდა ხალხს მათ საქმეზე მეტი სცოდნოდა.
მერციამ, ქრისტინა და ნინო მეგობრები არიან და მაშველად მუშაობაც ერთად მოიფიქრეს. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ზღვასთან ახლოს უნდოდათ ყოფნა.
"პირველად უარი მითხრეს ოჯახში, მაგრამ ჩემი აზრი არ გადავთქვი, დავიჩემე, რომ უნდა მემუშავა მაშველად. სრულად არც კი გვქონდა გააზრებული რა რეაქცია მოყვებოდა ამას ხალხისგან", — ამბობს ქრისტინა.
ფიზიკური მომზადება და პირველადი დახმარების ტრენინგები გაიარეს, თუმცა მუშაობაც არ ჰქონდათ დაწყებული, როცა ხალხმა მათი "შესაძლებლობები" დაიწუნა.
"სანამ სამსახურში გამოვიდოდი, ამ კომენტარებზე ბევრი ვიტირე. ცუდად ვიყავი, ემოციური ვარ და ძალიან ვინერვიულე. მაგრამ აქ გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც დავინახე ასეთი სამსახური, ასეთი კარგი გარემო, უფროსები, მაშველები", — ამბობს ნინო.
დატვირთული გრაფიკის გამო გოგოები სხვაგან არ მუშაობენ. დილის 9 სათზე მიდიან და თითქმის 12 საათი სანაპიროზე არიან. ხალხი ხშირად აჩერებს. ბევრი მათგანი დადებითადაა განწყობილი, აქებს, მადლობას უხდის, ზოგიერთი — პირიქით.
მაშველობა მოსწონთ, განსაკუთრებით თანამშრომლები. ამბობენ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ამ სტრესს ვერ გადაიტანდნენ.
საქმის შესრულებაში აგრესიასთან ერთად, ურჩობაც უშლით ხელს. ეს პრობლემა კაცი მაშველებისთვისაც ნაცნობია. ხშირ შემთხვევაში წითელი ალმის და გაფრთხილების მიუხედავად, ხალხი ზღვაში მაინც შედის.
"მაქსიმალურად ვცდილობთ კარგად ავუხსნათ, მაგრამ ასე გვპასუხობენ: "50 წელია ასე შევდივარ წყალში, შენ რას მასწავლი?!". ალმის აღმართვის გარდა, სხვა ბერკეტი არ გვაქვს შესაჩერებლად, ამიტომ ყურადღებას ვაქცევთ და საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით", — ამბობს ქრისტინა.
ყველაზე ემოციური მომენტი მათ საქმეში დაკარგული ბავშვების მშობლებისთვის დაბრუნებაა. თუკი სანაპიროზე შეშინებულ ბავშვს პოულობენ მიდიან, ეკითხებიან საჭირო მონაცემებს, ინფორმაციას სხვა ჯგუფებს გადასცემენ და ძებნას იწყებენ.
"ერთმანეთის დანახვაზე ტირიან და ისე ებღაუჭებიან მშობლები შვილებს, რომ ფოტოსაც ვერ ვიღებთ. ამ დროს ათას მადლობას გვეუბნებიან და გვეხუტებიან, თუმცა ხანდახან ისე ემოციურად არიან განწყობილი, რომ ესეც ავიწყდებათ. მაგრამ ჩვენ ის ემოციებიც გვყოფნის", — იხსენებს მერცია.
სწორედ, საქმის სიყვარული ეხმარება გოგოებს გაუმკლავდნენ იმ უსაფუძვლო აგრესიას, რომელსაც საზოგადოების ნაწილისგან გრძნობენ. ამბობენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია, თუ არ დანებდები. სირთულეების დასაძლევად ერთმანეთს აგულიანებენ, ხალხს კი მათი გადაწყვეტილების პატივისცემას სთხოვენ.
კომენტარები