როგორ იქცა ავადმყოფობა და ომი ორუელის 1984-ის შთაგონების წყაროდ
1984-ის წერის დაწყების მომენტში ჯორჯ ორუელი ცოლის სიკვდილს გლოვობდა და ფილტვების დაავადებით იტანჯებოდა.
შოტლანდიაში მდებარე პატარა კუნძული, ჯურა, ორი რამითაა ცნობილი: აქ არის მსოფლიოში სახელგანთქმული არყის სახდელი ქარხანა და ეს არის ადგილი, სადაც ჯორჯ ორუელმა 1984 დაწერა.
ორუელი ჯურაში 1946 წლის მაისში ჩავიდა და განცალკევებულად მდგომ ფერმაში დაბინავდა. მას იმედი ჰქონდა, რომ სუფთა ჰაერი ფილტვის ქრონიკულ დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მწერალმა მალევე ბაღი გააშენა და ნადირობასა და თევზაობას შეუდგა; მეგობრებს კი მთელი სერიოზულობით ეუბნებოდა, რომ ეს უნარები იმ შემთხვევაში წააადგებოდა, ხელმეორე ბირთვული ომი თუ გაჩაღდებოდა (ჯურა ერთობ შორს იყო დიდი ქალაქებიდან. მაგალითად, გლაზგო მისგან აღმოსავლეთით, 160 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ეს გარემოება ორუელს აფიქრებინებდა, რომ დაბომბვის შემთხვევაში თვითონ უსაფრთხოდ იქნებოდა).
მეზობლები, რომლებიც ორუელს დაბადების სახელით იცნობდნენ, მას მეგობრულ და თბილ ადამიანად ახასიათებდნენ. ბევრი მათგანი 1984-ის წაკითხვამ გაოგნებული დატოვა.
"არ მჯეროდა, რომ ეს სიტყვები ჩემმა ნაცნობმა ერიკ ბლერმა დაწერა", - იხსენებდა კუნძულის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, - "ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან საერთოდ ვერ ვაკავშირებდი".
დიდი ძმით დაწყებული, ოთახი 101-ით დასრულებული, 1984-ის ენა და ცნებები იმდენად გამჯდარია ჩვენს ცნობიერებაში, რომ როცა რეალობაში ტოტალიტარული ელემენტები წამოყოფენ ხოლმე თავს, ჩვენ მათ ორუელისეულადაც კი მოვიხსენიებთ. პოლიციური სახელმწიფოს მიერ პიროვნების განადგურების ეს შემაძრწუნებელი აღწერა თანამედროვე მკითხველს მიეწოდება, როგორც "სასოწარკვეთილი, მარტო დარჩენილი ადამიანის დაუსრულებელი გოდება; გოდება ადამიანისა, რომელსაც მომავლისთვის თვალის გასწორება არ ძალუძს", - ეს სიტყვები ბრიტანელ ჟურნალისტს, დორიან ლინსკის ეკუთვნის.
თუმცა სიმართლე გაცილებით ჩახლართული და საინტერესოა, როგორც ამას ლინსკი თავადვე ამბობს თავის ახალ წიგნში, ჭეშმარიტების სამინისტრო: ჯორჯ ორუელის "1984-ის" ბიოგრაფია.
ფიქრის პოლიციის გამოგონება ორუელს ესპანეთის სამოქალაქო ომმა შთააგონა. იგი ესპანეთში 1936 წლის მიწურულს ჩავიდა და ადგილობრივ კომუნისტურ ორგანიზაციასთან (POUM) ასოცირებულ მილიციას შეუერთდა. მაგრამ ჯგუფი მალევე დაუპირისპირდა პრო-საბჭოთა ფრაქციას, რომელმაც ბარსელონას მასშტაბით POUM-ის საწინააღმდეგო პროპაგანდა გააჩაღა და ჯგუფის წევრებს (მათ შორის ორუელსაც) ფაშისტების თანამზრახველობაში დასდო ბრალი. ორუელი დაპატიმრებას გადაურჩა და თავს ინგლისში გაქცევით უშველა. და იმის მიუხედავად, რომ მემარცხენე ღირებულებების ერთგული დარჩა, მწერალს კომუნისტების, განსაკუთრებით კი იოსებ სტალინის მიმართ უნდობლობა არასდროს განელებია.
როგორც ჟურნალისტსა და კრიტიკოსს, ორუელს განსაკუთრებით დისტოპიური მოთხრობები იზიდავდა. მის საყვარელ ნაწარმოებთა შორის იყო ევგენი ზამიატინის ჩვენ, ამბავი ტოტალიტარულ მომავალში მცხოვრები მეამბოხე ბიუროკრატისა, და არტურ კესტლერის შუადღის წყვდიადი, სადაც სტალინის მიერ საბჭოთა კავშირში ჩატარებული წმენდების არცთუ რთულად ამოსაცნობი კრიტიკა იკითხება. მართალია, ორუელი თავისი კარიერის დასაწყისში ჰერბერტ უელსს დაუმეგობრდა, მაგრამ ევროპაში მორიგი ომის დაწყების შემდეგ მან უფროსი თაობის მწერალი, მისი აზრით, იმ ნაივური რწმენის გამო გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც მეცნიერებას კაცობრიობის უსაშინლესი იმპულსებისგან განკურნება შეეძლო.
უელსი ამ ბრალდების უსაფუძვლობას თავგამოდებით აპროტესტებდა. მორიგი შეუბრალებელი რეცენზიის მერე მან ორუელს პირადი წერილიც მისწერა, რომელშიც თავისი ადრეული ნამუშევრების წაკითხვა ერთობ უკმეხი ფორმით ურჩია და ამის მერე ყოფილ მეგობართან კონტაქტი სრულიად გაწყვიტა.
II მსოფლიო ომის პერიოდში ორუელი ორი წლის განმავლობაში BBC-ის რადიო პროგრამებისთვის წერდა.
მართალია, მოგვიანებით მან ეს დრო გაფლანგულ წლებად შეაფასა, მაგრამ ამ გამოცდილებამ პროპაგანდისა და ცენზურის ბიუროკრატიული მხარის შესახებ ბევრი რამ ასწავლა. სავარაუდოდ, მან სწორედ ეს ცოდნა და სულის შეხუთვამდე პატარა საოფისე სივრცეებზე მოგონებები გამოიყენა უინსტონ სმიტის ჭეშმარიტების სამინისტროში დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების აღწერისას.
BBC ორუელმა 1943 წელს, ცხოველების ფერმის დასაწერად დატოვა. თუმცა, როცა მუშაობა დაასრულა, რედაქტორებმა სტალინის გამკრიტიკებელი ტექსტის გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს; სანამ საბჭოთა კავშირის ლიდერი ანტიჰიტლერული კოალიციის ერთ-ერთ წამყვან ძალას ედგა სათავეში, მისი ნეგატიურად დახასითება - მაშინაც კი, როცა ის ალეგორიულად, ღორის სახით იყო წარმოდგენილი - ცენზურამ გაუმართლებლად მიიჩნია. ორუელს იმდენად უნდოდა ამ წიგნის დაბეჭდვა, რომ გადაწყვიტა, ის საკუთარი ფინანსებით გამოექვეყნებინა. მაგრამ ეს საჭირო აღარ გახდა, რადგან გამომცემელმა ფრედერიკ ვარბურგმა მწერალს წინასწარ გასამრჯელოდ £100 შესთავაზა, რაც დღევანდელი კურსით, დაახლოებით, $4,500-ის ტოლფასია.
ვარბურგმა გარკვეული ხნის შემდეგ, ცოტა არ იყოს თავმომწონედ, აღნიშნა, იმ დროს ორუელის ცხოვრებაში რომ არ გამოვჩენილიყავი, იგი წერის მოტივაციას დაკარგავდა და ვეღარც 1984-ს ვიხილავდითო.
1945 წლის დასაწყისში ორუელი გაზეთმა ლონდონმა პარიზის გათავისუფლების გასაშუქებლად დაიქირავა. სანამ მწერალი მივლინებაში იმყოფებოდა, მისი მეუღლე, ეილენი, ჰისტერექტომიის სასაწრაფო ოპერაციის გაკეთებისას გარდაიცვალა. ორუელი ინგლისს სასოწარკვეთილი დაუბრუნდა. მართალია, ცხოველების ფერმის წარმატებამ დიდად ვერ ანუგეშა, მაგრამ იმდენი შემოსავალი კი მოუტანა, რომ ეილენის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნაშვილებ ვაჟთან ერთად საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა და ჯურაზე გადასახლებულიყო.
ორუელმა კუნძულზე ორ-ნახევარი წელი დაჰყო. 1984-ზე მუშაობას რომ ასრულებდა, მწერალს ისეთი მბეჭდავის პოვნა გაუჭირდა, რომელიც შორეულ, სოფლის ყაიდის სახლში ჩასვლას დასთანხმდებოდა.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ტუბერკულოზის ხელახალი შეტევით იტანჯებოდა, ორუელმა თავს ძალა დაატანა და 1948 წლის ზამთარში, საკუთარ ლოგინში წამომჯდარმა, უსწრაფესი ტემპით აკრიფა ხელნაწერის საბოლოო ვერსია. მუშაობა რომ დაასრულა, ქვედა სართულზე ჩავიდა, მომვლელთან და სტუმრად მყოფ დასთან ერთად ღვინო მოსვა, ოთახში აბრუნდა და გონება დაკარგა.
მკითხველთა ნაწილი 1984-ს სასოწარკვეთილ, უკანასკნელ გაფრთხილებად ხედავს. მართლაც, ეჭვგარეშეა, რომ ორუელი არ იყო პოლიტიკური სიტუაციის ვარდისფერ ფერებში დახატვით დაინტერესებული. როგორც მან ერთ-ერთ მკითხველს 1944 წელს მისწერა: "ის, ვინც გაიძახის, რომ ყველაფერი იდეალურადაა და არ მიუთითებს ავისმომასწავებელ სიმპტომებზე, ტოტალიტარიზმის დადგომას უწყობს ხელსო".
ორუელმა მთელი ცხოვრება სხვადასხვა ავადმყოფობასთან ბრძოლაში გაატარა და როცა 1949 წლის დასაწყისში სანატორიუმში დაწვა, დარწმუნებული იყო, რომ უკეთ გახდებოდა - აქამდე ხომ ყოველთვის ასე ხდებოდა. მეტიც, ისე იმედიანად იყო, რომ ორ ახალ რომანზე დაიწყო მუშაობა.
იმ ზაფხულს, 1984-ის გამოქვეყნებიდან ერთ თვეზე ნაკლებში, ორუელმა თავისი ერთ-ერთი ლიტერატურული აგენტის ყოფილ ასისტენტს, 15 წლით უმცროს სონია ბრაუნელს სთხოვა ხელი. იმის მიუხედავად, რომ ამ ფაქტმა ზოგიერთი მათი საერთო ნაცნობი აღაშფოთა, ბრაუნელმა თავი ვალდებულად იგრძნო, ორუელის კეთილდღეობისთვის წინადადებას დასთანხმებოდა. მოგვიანებით ქალმა თავის მეგობარს გაუმხილა: "მან მითხრა, რომ თუ ცოლად გამომყვები, უკეთესად გავხდებიო".
ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოწევით გამწვავებულმა ტუბერკულოზმა ორუელი იმდენად დაასუსტა, რომ გამომჯობინება წარმოუდგენელი გახდა. 1950 წლის 21 იანვარს, ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ, საავადმყოფოს ოთახში მყოფ მწერალს ფილტვის არტერია გაუსკდა და მყისიერად გარდაიცვალა. ის მხოლოდ 46 წლის იყო.
იმ დროისთვის 1984 უკვე ბესტსელერად ქცეულიყო ბრიტანეთსა და ამერიკაში; ცივი ომის ექსპერტები უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ და საბჭოთა კავშირის კრიტიკისას იშველიებდნენ (გაზეთ პრავდაში რომანისთვის "ბინძურის" წოდებით საბჭოთა კავშირის მესვეურებმა, თავისდაუნებურად, კრიტიკის ლეგიტიმურობას გაუსვეს ხაზი). მაგრამ ორუელი დაუღალავად ამტკიცებდა, რომ აღწერილი ბოროტება არ შეეხებოდა მხოლოდ კომუნიზმს.
"ტოტალიტარიზმმა, თუკი მას ღიად არ დავუპირისპირდებით, შეიძლება ყველგან გაიმარჯვოს", - წერდა ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, - "არ მჯერა, რომ ჩემ მიერ აღწერილი რეალობა აუცილებლად დადგება, მაგრამ მჯერა … რომ რაღაც მსგავსი შეიძლება მართლაც მოხდეს".
1984 თავიდანვე სხვა მედიებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. პირველი რადიო ადაპტაცია, წიგნის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ, NBC-ზე გამოჩნდა. შეიქმნა ტექსტის ბევრი სხვა რადიო, სატელევიზიო და კინო ვერსია, დაიდგა ბალეტები და ოპერაც კი.
დისტოპიური ამბავი თეატრის სცენებზეც თამაშდება, მათ შორის აღსანიშნავია 2013 წლის კრიტიკულად შეფასებული დადგმა. იგი ბროდვეიზე 2017 წელს ჩაიტანეს - პრეზიდენტის მრჩევლის, კელიან კონვეის მიერ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დასაცავად ტერმინის ალტერნატიული ფაქტების ხსენებამ რომანის მიმართ ინტერესი ხელახლა გააღვივა. გასულ წელს, ამერიკული გამომცემლობა Signet-ის ცნობით, წიგნის გაყიდვების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 340%-ით გაიზარდა.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ოსკარზე წარდგენილი რეჟისორის, პოლ გრინგრასის ახალი ფილმის გადაღებაც უკვე მიმდინარეობს. ცხადია, ის თავისებურად შეეცდება პირველწყაროს გაცოცხლებას, მაგრამ როგორც 1984-ის უმეტესი ადაპტაციის შემთხვევაში, ისიც გაიმეორებს მთავარ გზავნილს, რომელიც საავადმყოფოს ლოგინზე მწოლიარე ორუელმა ასე შეაჯამა:
"ნუ დაუშვებთ, ეს მოხდეს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული".
-
გადახედვამიხეილ სააკაშვილი: ხალხო, შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! მიხეილ სააკაშვილი: ხალხო, შევწყვიტოთ "ბალერინკობის" თამაში, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
-
გადახედვაპირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
-
გადახედვა21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს
-
გადახედვაპროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას პროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას
-
გადახედვაიოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა — შემდეგი წლიდან კი 13 000 ლარს გადააჭარბებს
-
გადახედვაფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა" ფაშინიანი: დამოუკიდებლობის დეკლარაცია გულისხმობს, რომ სომხეთს "არ შეუძლია არსებობა"
-
გადახედვაპაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი პაპუაშვილი განმარტავს, როგორ აირჩევა ახალი პრეზიდენტი
-
გადახედვაიტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლო განაჩენს, ნეთანიაჰუს დაკავებაზე, აღასრულებენ
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი შალვა პაპუაშვილი: მომავალ პრეზიდენტზე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს არის ქართველი პატრიოტი
-
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: EU-ს რეზოლუციები აჩვენებს რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე შალვა პაპუაშვილი: EU-ს რეზოლუციები აჩვენებს რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე
-
გადახედვავოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას დღის წესრიგშია პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.
-
-
გადახედვანიკა მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს ნიკა მელია: შაბათს, 15:00-ზე ვიკრიბებით თსუ-სთან, იქ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს
-
გადახედვამათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვადღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქცია — "უშენოდ ვერ გამოვა" გაიმართება დღეს, საქალაქო სასამართლოსთან აქცია — "უშენოდ ვერ გამოვა" გაიმართება
-
გადახედვა25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის
-
-
გადახედვასსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია სსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია
-
გადახედვა23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ 23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ
კომენტარები