ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრები
ლეონარდო და ვინჩი იმდენად იყო წარმატებული მეცნიერი, რამდენადაც - შეუდარებელი მხატვარი. მისი სიკვდილიდან 500 წლის თავზე ვნახოთ, როგორ ამტკიცებენ ოსტატის ჩანახატები მის გენიოსობას.
ლეონარდო და ვინჩი ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივად ნიჭიერ ადამიანად ითვლება, ვინც კი ოდესმე დაბადებულა, თუმცა ამ მოსაზრების გასამყარებლად ძალიან ცოტა ნივთიერი მტკიცებულება მოგვეპოვება. მისი ხელით შესრულებული რენესანსის პეიროდის ფერწერული ტილოებიდან ჩვენამდე მხოლოდ ოცზე ნაკლებმა მოაღწია; მათ შორის - საიდუმლო სერობის და სამყაროს მხსნელის ნახატებმა, რომელთა აღდგენას იმდენი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მათში ხელოვანის ხელი თითქმის აღარ იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ ლეონარდოს არცერთი სკულპტურული თუ არქიტექტურული პროექტი არ მიუყვანია ბოლომდე და ხელოვნებასა და ანატომიაზე შექმნილი მისი ტრაქტატებიც დაუმთავრებელი სახით შემოგვრჩა.
ის, რომ დღეს ჩვენ ლეონარდოს მრავალი ნიჭის შესახებ ვიცით, მისი ჩანახატების დამსახურებაა. ცარცით, მელანით და საღებავებით შესრულებული და ვინჩის ეს ნამუშევრები, რომლებსაც ხშირად წარწერებიც ახლავს, მისი ინტერესის ისეთ სფეროებს გვაცნობენ, როგორებიცაა მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, ანატომია, ინჟინიერია, კარტოგრაფია, გეოლოგია და ბოტანიკა.
დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლექციის ტრასტის ბეჭდვითი ტექსტების და ჩანახატების ხელმძღვანელი, მარტინ კლეიტონი, რომელიც 2019 წელს ბრიტანეთის გარშემო და ვინჩის ნახატების გამოფენებს კურატორობს, ამბობს: "ლეონარდოს პირად ჩანაწერებზე დაკვირვება ძალიან ამაღელვებელი პროცესია, რადგან ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს მუშაობის პროცესში მყოფ მის გონებაში იხედებოდე". რადგან ეს ესკიზები შესანიშნავ მდგომარეობაშია შემორჩენილი, ისინი მის, როგორც მხატვრის, ოსტატობაზე უნიკალურად გაუფილტრავ წარმოდგენას გვიქმნიან. "თქვენ შეგიძლიათ, ლეონარდოს 500 წლის წინ შექმნილი ის ნახატები იხილოთ, რომლებმაც ჩვენამდე ყველანაირი ცვლილების გარეშე მოაღწია და მისი ხელის ყოველი მოსმა იგრძნოთ", - ამბობს კლეიტონი.
მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდოს მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ესკიზები მისი ნახატების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ, ისინი უდავოდ მის ყველაზე დახვეწილ ნამუშევართა სიაში უნდა მოვიხსენიოთ. ნახატში, მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად, შესრულებული ქსოვილებისთვის შექმნილი სახელმძღვანელო ესკიზები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან. სამოსის ნაკეცები არამარტო სახელოს ფორმას გვაჩვენებენ, არამედ ფენების შუქ-ჩრდილებზეც მიუთითებენ, რასაც ნახატზე მომუშავე შეგირდებისთვის ერთგვარი გზამკვლევის როლი უნდა შეესრულებინა.
ლეონარდოს დაკარგული შედევრების ესკიზები
ეს ესკიზები ლეონარდოს დაკარგულ შედევრებზე წარმოდგენის შექმნაშიც გვეხმარებიან. და ვინჩიმ ნახატისთვის ლედა და გედი ორ კომპოზიციაზე იმუშავა. ის ვერსია, სადაც ლედა ფეხზე დგას, მისი შეგირდის და ერთ-ერთი მემკვიდრის, სალაის ქონებაში ყველაზე ღირებულ ნიმუშად ითვლებოდა. მაგრამ, როცა ის საფრანგეთის სამეფო კარის კუთვნილებაში გადავიდა, მოუვლელობის გამო დაახლოებით 1700 წლისთვის განადგურდა.
ლედას თავის სახელმძღვანელო ესკიზი და ვინჩის სტილისთვის დამახასიათებელ მოკრძალებულ სახეს აჩენს, თუმცა ქალის დახრილ თვალებს პარალელური ნაწნავებისგან და ხშირი კულულებისგან შემდგარი დახვეწილი ვარცხნილობა მოულოდნელ სიხალისეს მატებს. ამ ნახატის თანამედროვე ასლების საშუალებით ჩვენ ვიცით, რომ ეს ვარცხნილობა ნახატის საბოლოო ვერსიაშიც შენარჩუნებული იყო.
ლეონარდოს ანატომიური კვლევები მისი მხატვრობისგან, ერთი შეხედვით, სრულიად დაშორებულია, "მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მისი მთელი შემოქმედება ერთიანობას ქმნის", - ამბობს კლეიტონი, - "კარიერის დასაწყისში ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მხატვრობა არსებითად მეცნიერული ხელობაა და მეცნიერულად დამტკიცებად, რაციონალურ, ობიექტურ კონცეპტებს უნდა გადმოსცემდეს... მეორე მხრივ, მისი ყველა მეცნიერული კვლევა ძლიერ ესთეტიკურ კომპონენტებს შეიცავს", - ამბობს ის.
ლეონარდოს მოღვაწეობის პერიოდში მხატვრებისთვის ანატომიის ცოდნა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა და ვინჩი ამ სფეროს მხოლოდ ფორმის ძიებისთვის არ იყენებდა, ის სულის მქონე ცოცხალი არსების დახატვის გზებს ეძებდა. ტვინის შესასწავლად ჩატარებული მისი კვლევები, მათ შორის ამ ორგანოს ფორმის დასადგენად იმ დროისთვის სრულიად ახლებური მეთოდის, გამდნარი ცვილის ინექციის გამოყენება, ადამიანური აზროვნების უკეთ შესწავლას ემსახურებოდა. ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის იყო განწირული, თუმცა კლეიტონი ამბობს: "ლეონარდოს გააზრებული ჰქონდა, რომ ფუნქციასა და სტრუქტურას შორის სწორხაზოვანი კავშირი არ არსებობს და ეს მის გამჭრიახობას ააშკარავებს".
კლეიტონისვე აზრით, "ლეონარდოს მეცნიერული მიღწევებიდან საუკეთესო" გულზე ჩატარებული კვლევებია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანოებზე წვდომის უქონლობის გამო მას ხარის გულზე დაკვირვება მოუწია, რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მაინც გააკეთა, "მაგალითად, დაადგინა, როგორ ფუნქციონირებენ სარქველები, ეს კი მეოცე საუკუნუმდე სხვას აღარვის გამოუკვლევია", - ამბობს ის.
მსგავსი აღმოჩენების საილუსტრაციო ჩანახატები უდავოდ დახვეწილი და დეტალურია, თუმცა ისინი მაქსიმალური სიმშრალით, შავ-თეთრ ფერებშია შესრულებული. აი, მისი ემბრიოლოგიური კვლევები კი განსხვავებულ მიდგომას ააშკარავებენ. საშვილოსნოში მოთავსებული ნაყოფის ჩანახატს ლეონარდომ, ანატომიური კვლევებისთვის შექმნილი თავისი ნამუშევრებისთვის არასახასიათოდ, ოდნავი შეფერილობა მისცა. ამით მას თითქოს ცხოვრების ამ სასწაულისადმი მადლიერების გამოხატვა სურდა. "ის ამ ტიპის ჩანახატებზე ყოველთვის განსაკუთრებული მოწიწებით მუშაობდა", - ამბობს კლეიტონი.
და ვინჩის რეპროდუქციითა და რეგენერაციით გატაცება მისი ყველაზე ცნობილი ნახატის, მონა ლიზას, იმავე ჯოკონდას, უკეთ აღქმის საშუალებასაც გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მოსაზრებით, ეს მდიდარი ფლორენციელი ვაჭრის ცოლის, ლიზა ჯოკონდოს პორტრეტია, ის საკუთარ იდენტობას სცდება, რათა "მარადიული სამყაროს კონტექსტში გამრავლების სიმბოლოდ ქცეული ქალის პორტრეტი გახდეს", - გვიხსნის კლეიტონი.
ამ ნახატის სიმბოლიზმი იკვეთება ფონად წარმოდგენილი ანტიკური ლანდშაფტით, რომელიც მარადიულ უნივერსალურობას ასახავს. წყლისა და კლდეების ფორმირებათა შესწავლის შედეგად და ვინჩიმ დედამიწის შექმნისთვის საჭირო დროითი მასშტაბები გააცნობიერა; მთებში არსებულ საზღვაო ნამარხებზე დაკვირვებების შედეგად კი სამყაროს გაჩენის ბიბლიური ვერსია დააყენა ეჭვქვეშ. "მას შესაბამის სფეროთა სპეციალისტები პირველი გეოლოგის სახელით იხსენიებენ", - ამბობს კლეიტონი.
წყალზე დაკვირვებისკენ და ვინჩის საქალაქო დაგეგმარებისადმი მისმა ინტერესმაც უბიძგა. ის ფაქტი, რომ ლეონარდო პოლიტიკური მოღვაწის, ჩეზარე ბორჯიასა და ფლორენციის ჰერცოგის ძმის, ჯულიანო მედიჩის მიერაც იყო დასაქმებული, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მას დაგეგმარების სფეროში სათანადო ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა და იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ მთავარ ექსპერტადაც ითვლებოდა. მან იმ არხის გეგმა შეადგინა, რომელსაც მდინარე არნოს სანაოსნო ტრანსპორტისთვის მიუწვდომელ მონაკვეთზე შემოვლითი გზის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ეს პროექტი, მართალია, არ განხორციელდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მალარიის კერად მიჩნეული ჭაობების დაშრობისა და წყლის საკეტების მშენებლობის პროექტებშიც მონაწილეობდა.
კლეიტონი ამბობს, რომ ბორჯიასთან მუშაობიასას ლეონარდომ იტალიის ქალაქ იმოლას "რენესანსის პერიოდის ალბათ ყველაზე ზუსტი რუკა" შექმნა. მას შემდეგ, რაც ქუჩების სიგრძე ნაბიჯებით გაზომა, მან საკისარის საშუალებით ქალაქის ცენტრალური კოშკიდან სხვადსახვა მიმართულებით მანძილები გამოთვალა. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ახლა უკვე დაკარგულ ქაღალდზე, ქალაქის გეომეტრიული ესკიზი დახატა. "ლეონარდოს შექმნილი და იმოლას თანამედროვე რუკები ერთმანეთს რომ დაადოთ, ნახავთ, როგორ ზუსტად ემთხვევიან ერთმანეთს", - ამბობს კლეიტონი.
სამხედრო შეიარაღების წარმომჩენი მისი ჩანახატები კი სულ სხვა დატვირთვისანი არიან. "არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მათზე დაყრდნობით რეალური იარაღები ოდესმე დაემზადებინოთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ და ვინჩი მათ ამ განზრახვით ქმნიდა", - ამბობს კლეიტონი, - "ამ ნახატებით მას ქალაქ მილანში, რომელიც თავისი შეიარაღებით იყო განთქმული, სახელის მოხვეჭა და სამეფო კარზე გავლენის მოპოვება სურდა".
სამეფო კარზე ლეონარდოს ლუდოვიკო სფორცას მამის, ფრანჩესკოს ცხენზე ამხედრებულ ქანდაკებაზე მუშაობა დაევალა. მისი დასრულება რომ მოესწრო, ის ოსტატის საუკეთესო სკულპტურულ ნამუშევრად ჩაითვლებოდა. დღემდე ამ პროექტის რამდენიმე ესკიზმა მოაღწია. და ვინჩიმ ქანდაკების თიხის მოდელიც შექმნა. მაგრამ, როცა საფრნაგეთის მეფის ჩარლზ VII-ის არმია მილანში შეიჭრა, ქანდაკება ჯარისკაცებმა მიზანში სროლაში სავარჯიშოდ გამოიყენეს, რის შედეგადაც ნამუშევარი განადგურდა. კარიერის დასაწყისში ლეონარდომ რამდენიმე ალეგორიული იგავი დაწერა, რომლებშიც მან ადამიანთა სიხარბითა და ომებით თვითგანადგურებისკენ სწრაფვა ასახა. მსგავსი ტიპის გამოცდილებები კი, სავარადუდოდ, მის ამ ხედვას კიდევ უფრო განამტკიცებდა.
სიცოცხლის უკანსკნელ წლებში ლეონარდო აპოკალიპტური წარღვნების ამსახველ ნახატებზე მუშაობამ გაიტაცა. ის წარმოაჩენდა განადგურებულ სამყაროს, რომლისგანაც მტვრის, წყლის და ნანგრევების გარდა აღარაფერი იყო დარჩენილი. კლეიტონი ამ სურათებში ხედავს, რომ და ვინჩი ადამიანური ნამოღვაწარის ეფემერულობას კარგად აცნობიერებდა და აღორძინების ხანას უნიკალური თვალით აფასებდა. მან იცოდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის ხელით იყო შექმნილი, ბოლოს მტვრად იქცეოდა - ზუსტად ისე, როგორც საიდუმლო სერობამ იწყო განადგურება მისსავე სიცოცხლეში. ის დიდი თავდამბლობა, რაც ამ ჩანახატებშია ასახული, ალბათ იმაზე უკეთ ამტკიცებს მის გენიოსობას, ვიდრე ამას მისი ნებისმიერი დაკარგული თუ დაუსრულებელი ნამუშევარი ოდესმე შეძლებდა.
კომენტარები