50 წელიწადში ფეისბუქის მომხმარებლების უმეტესობა მკვდარი იქნება
ფეისბუქის სერვერებზე გარდაცვლილ ადამიანებს უკვე დიდი ადგილი უჭირავთ, 2070 წლისთვის კი ფეისბუქის მომხმარებლების უმეტესობა მკვდარი იქნება.
იმის წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს, ან საერთოდ იარსებებს თუ არა ფეისბუქი 50 წელიწადში, რთულია. თუმცა პლატფორმაზე არსებული "ვირტუალური სასაფლაო" ზომაში მუდმივად იმატებს, რაც იწვევს კითხვების გაჩენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვეპყრათ გარდაცვლილი ადამიანების ციფრულ ისტორიასა და ინფორმაციას.
50-წლიანი წინასწარმეტყველება გასულ კვირას ჟურნალ Big Data & Society-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნახსენები, რომელშიც ფეისბუქის ზრდის ტემპი და გლობალური სიკვდილიანობის სიხშირეა გაანალიზებული.
ოქსფორდის მეცნიერების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2018 წლის შემდეგ ფეისბუქს ახალ მომხმარებლები არ შეემატებოდა, 2100 წლისთვის პლატფორმაზე მაინც 1,4 მილიარდი გარდაცვლილი ადამიანი იქნებოდა, რაც უამრავი სამახსოვრო გვერდის შექმნას გამოიწვევს, მკვლევარები კი აცხადებენ, რომ ეს გვერდები შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის იყოს.
"ფეისბუქმა უნდა მოიწვიოს ისტორიკოსები, არქივარიუსები, არქეოლოგები და ეთიკოსები, რომლებიც გარდაცვლილი ადამიანების მიერ დატოვებულ ინფორმაციას დაახარისხებენ. აქ საქმე ეხება არა ისეთი გამოსავლის მოძიებას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წელი იქნება აქტუალური, არამედ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მნიშვნელობას ათწლეულების განმავლობაში არ დაკარგავს", — აცხადებს ოქსფორდის მეცნიერი დეივიდ უოტსონი.
კომენტარები