ბრექსიტით ევროკავშირში გავლენიან მოკავშირეს დავკარგავთ — ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან
29 მარტს ევროკავშირის ისტორიაში ახალი თავი უნდა დაწყებულიყო. დიდი ბრიტანეთი გახდებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირიდან გავიდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისტორიულ თარიღს მოუმზადებელი შეხვდა. რა მოლოდინი არსებობს ბრექსიტთან დაკავშირებით და რა გავალენას იქონიებს ის საქართველოზე ამის შესახებ On.ge დიდი ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მოითხოვა სამი თვე ბრექსიტის გადავადებისთვის, ამავე დროს ევროკავშირი მას მხოლოდ რამდენიმე კვირას აძლევს. როგორ გგონიათ ბრექსიტის გადატანა რამდენიმე თვით ან რამდენიმე კვირით ძირეულ ცვლილებას მოიტანს?
ამ ეტაპზე ინიციატივა საკუთარ თავზე აღებული აქვს პარლამენტს, რადგან მან არ დაამტკიცა მთავრობასა და ევროკავშირს შორის გამოსვლის მოლაპარაკებული შეთანხმება. ეს შეთანხმება მიუღებელია როგორც ევროკავშირიდან გამოსვლის, ისე ევროკავშირში დარჩენის მომხრეებისთვის. ერთადერთი, რაზეც ისინი შეთანხმდნენ არის ის, რომ ეს შეთანხმება ყველასთვის მიუღებელია.
თუ დარჩენილ მოკლე დროში პარლამენტი დაამტკიცებს შეთანხმებას, რომელიც აქამდე მან ორჯერ უარყო, მაშინ გამოსვლა დასრულდება მაისის ბოლოს. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს ევროპარლამენტის არჩევნები და ევროკავშირს არანაირად არ სურს არჩევნებში ისეთი ქვეყნის მონაწილეობა, რომელიც ამ ალიანსს ტოვებს.
მეორე ვარიანტი უფრო რადიკალურია. თუ პარლამენტი კიდევ ერთხელ ჩააგდებს ტერეზა მეის შეთანხმებას, მაშინ ბრიტანეთი შეთანხმების გარეშე 12 აპრილს აღმოჩნდება ევროკავშირის გარეთ.
საერთოდ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება, არის ბრექსიტის ყველაზე ცუდი ვერსია, როცა უცბად წარმოიქმნება საბაჟო, სავაჭრო, სასაზღვრო ბარიერები. ბრიტანეთისთვის ევროკავშირი უფრო დიდი სავაჭრო პარტნიორია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი პარტნიორი ერთად აღებული.
შუალედური ვარიანტია, თუ პარლამენტი საერთოდ შეაჩერებს 50-ე მუხლის მოქედებას, რომლითაც დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა ევროკავშირიდან გამოსვლის მექანიზმის ამოქმედება.
რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ასე იმოქმედოს?
სამართლებრივად ეს სრულიად შესაძლებელია. ბრიტანეთში პარლამენტი არის უმაღლესი სუვერენიტეტის მატარებელი, რომელსაც უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე რეფერენდუმს.
საერთოდაც ეს რეფერენდუმი კონსტიტუციურად იყო საკონსულტაციო და არა — სავალდებულო, მაგრამ პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი არგათვალისწინება იქნებოდა ხალხის ნებასთან დაპირისპირება. სამართლებრივზე უფრო მეტად ისინი ზრუნავენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. მათ ყველას ეშინიათ მომავალ არჩევნებზე ამომრჩევლების შურისძიების.
ანუ პოლიტიკური ნება არ არსებობს?
დიახ, სწორედ პოლიტიკური ნების არარსებობის პრობლემა არის დღეს და არა რაიმე სამართლებრივად გადაულახავი პრობლემის. ევროკავშირიდან გამოსვლის შეჩერება ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა, რადგან თითქმის სამი წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა დიდ ბრიტანეთს უჯდება უფრო დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზარალად, ვიდრე მას ჰპირდებოდნენ.
კიდევ ერთი ვარიანტია, რომ შეთავაზებული გამოსვლის გეგმა ახალ რეფერენდუმზე დააყენონ, სადაც ხალხს შეეძლება, უფრო კონკრეტულ საკითხზე გამოეხატა თავისი აზრი.
2016 წლის რეფერენდუმში კითხვა იყო ძალიან მარტივი — დავრჩეთ თუ გამოვიდეთ. იქ არანაირი მინიშნება იმის შესახებ არ იყო, თუ გამოსვლის შემთხვევაში რა პრინციპებზე უნდა ყოფილიყო დამყარებული ევროკავშირთან ურთიერთობა. იქნებოდა ეს რადიკალურად სრული ჩაჭრა ურთიერთობების, თუ პირიქით, რბილი ბრექსიტი.
შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გამოსვლა ისეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სასაზღვრო, საბაჟო საკითხთან არის კავშირში, რომელსაც აქვს პოტენციურად გავლენა ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ყველა შემთხვევაში ახალი სასაზღვრო ბარიერები უნდა აღმოცენდეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიაში ამაზე ეფუძნება სამშვიდობო პროცესი, როდესაც სისხლისმღვრელი კონფლიქტი დასრულდა. აღმოჩნდა, რომ არსებობს სრულიად გადაულახავი დილემები, რომლებიც არ იქნა ასახული კითხვაში.
პარლამენტს არ მოსწონს ბრექსიტი შეთანხმების გარეშე და არც ტერეზა მეის ვარიანტს უჭერს მხარს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ პრემიერი გეგმის შეცვლისთვის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც ევროკავშირი აპირებს, რომ ამ შეთანხმებას გადახედოს. ამ შემთხვევაში პარლამენტს ზედმეტად ხისტი პოზიცია ხომ არ უჭირავს?
პრობლემა იმაშია, რომ არც ერთ გამოსავალს პარლამენტში მყარი უმრავლესობა არ გააჩნია. ერთადერთი რამაც შესაძლოა, პარლამენტის წევრები გააერთიანოს, არის რაღაც კომპრომისული ვარიანტი, რომელიც იქნება ყველაზე ცუდ ვარიანტზე უკეთესი.
მაგალითად, "მყარი ბრექსიტი" ანუ შეთანხმების გარეშე გამოსვლა უმრავლესობას არ სურს. შეთანხმების გარეშე ბრექსიტის შიშით, შესაძლოა პარლამენტარები კომპრომისზე წაიყვანოს და ტერეზა მეის ვარიანტს დაუჭირონ მხარი.
ყველა დანარჩენი ვარიანტი მოითხოვს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სიმამაცეს, რომელიც, გულწრფელად გითხრათ, აქამდე არ გვინახავს. უკვე გვესმის ხმები რადიკალი ბრექსიტრებისგან, რომ იქნებ მივცეთ ტერეზა მეის ვარიანტს ხმა, რადგან ალტერნატივა შეიძლება, საერთოდ ბრექსიტის ჩაშლა იყოს.
ბრიტანეთშიც ვერავინ აკეთებს პროგნოზს, რადგან აქამდე ყველაფერი განვითარდა ბრიტანული პოლიტიკური ტრადიციებისა და ლოგიკის საწინააღმდეგოდ. ბრიტანული პოლიტიკური სისტემა ცნობილია თავისი ეფექტურობითა და რაციონალურობით. ამორჩეველი ყოველთვის უფრო პრაგმატულ არჩევანს აკეთებდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთშიც კი პოპულიზმმა შეძლო გარკევული წარმატების მიღწევა და როგორც ამომრჩევლებმა შემდგომ აღმოაჩინეს, ხმა მისცეს იმას, რაც თვითონ არ წარმოედგინათ რეფერენდუმის წინა პერიოდში.
ის გაურკვევლობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქვეყანას დაატყდა თავს რისი შედეგია?
მთავარი მიზეზი, რის გამოც რეფერენდუმში ბრექსიტის ბანაკმა გაიმარჯვა იყო ის, რომ ამ კამპანიის უკან მდგომმა ხალხმა ძალიან რთული პრობლემის ძალიან მარტივი გზით გადაჭრა შემოგვთავაზა, რამაც ბევრი ნაკლებად ჩახედული ადამიანი მოხიბლა.
ბრექსიტი მრავალი მიზეზით არის გამოწვეული, არამარტო პოპულიზმით და არამარტო სიბეცით. რეალური პრობლემები არსებობდა, მაგრამ მათი გამოსწორების ნაცვლად ადამიანებს შესთავაზეს, რომ უბრალოდ წავიდეთ ევროკავშირიდან და ევროკავშირს ჩავანაცვლებთ სხვა ბაზრებით, რაც თავიდანვე უპასუხისმგებლო განცხადება იყო. ასევე, უპასუხისმგებლო იყო იმის შეთავაზება, რომ თუ ევროკავშირიდან გამოვალთ გადაწყდება ეს უკონტროლო იმიგრაციის საკითხი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ბრიტანეთს იმიგრაცია სასიცოცხლოდ სჭირდება და თან ურჩევნია ევროპელი მიგრანტები, ვიდრე სხვა კუთხეებიდან ჩამოსული.
ბევრი რამ იყო პოპულიზმის ბურუსში გახვეული, რამაც ბევრი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანა.
როგორ შეიძლება, რომ ბრექსიტი აისახოს საქართველოზე? არის შესაძლებელი, რომ ბრექსიტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუშალოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას?
თუ დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, ალიანსის შიგნით უეჭველად დავკარგავთ საქართველოს წევრობის ერთ-ერთ ყველაზე მხარდამჭერ და გავლენიან მოკავშირეს.
მეორე შედეგი საქართველოსთვის იქნება ის, რომ ბრექსიტის გამო ევროკავშირს მოუწევს რეფორმირება. ოღონდ,ს ამის შესახებ ძნელია წინასწარმეტყველება თუ რა სახის ცვლილებებს განიცდის ევროკავშირი ბრექსიტის შედეგად, იქნება ეს გაღრმავებული თუ დაჩქარებული შიდა ინტეგრაცია.
ერთი პოზიტიური, რაც შეიძლება იყოს, თეორიულად, არის ის, რომ ბრიტანეთი თავის საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის საერთო პოზიციით აღარ იქნება შეზღუდული, მათ შორის საქართველოს მიმართ. ის, როგორც წესი, პოზიტიური იყო, მაგრამ მას თავისი შეზღუდვები მაინც ჰქონდა. მას ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების და იმედია, ჩვენ ამას ვიხილავთ.
ხაზს ვუსვამ, რომ ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერი და პარტნიორი როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე.
ბრექსიტმა როგორი გავლენა შეიძლება, იქონიოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებაზე? ვხედავთ, რომ ევროპაში იმატა ევროსკეპტიკურმა განწყობებმა და, ზოგადად, ბრექსიტის თემას ულტრამემრჯვენე ჯგუფები საკმაოდ აქტიურად იყენებენ ისევ ევროკავშირის წინააღმდეგ.
იყო მცდელობები, რომ, აი, ნახეთ, იშლება ევროკავშირი და ჩვენ რა გვინდა. ეს ძალიან რბილად რომ ვთქვა, სულ მცირე, არაინფორმირებულობის ბრალია ან ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.
ჩვენ საუბარი გვაქვს ევროკავშირიდან ყველაზე განვითარებული, მდიდარი დონორის გამოსვლის შესახებ. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისი შენატანით, პრაქტიკულად, ინახავს მრავალ ინტეგრაციულ პროცესს, მათ შორის ახალი წევრების დამფინანსებელია.
რადიკალურად განსხვავებულია საქართველოს მდგომარეობა. საქართველო ევროკავშირში შესვლამდე და შესვლიდან მრავალი წელი იქნება მიმღები ევროპული ფონდების და არა შემტანი. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთვის ევროკავშირში წევრობა იქნებოდა მხოლოდ წარმოუდგენლად მომგებიანი. ძალიან ადვილია, ერთმანეთს შეადარო ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური დონის განსხვავება.
არ უნდა დაგვავიწყდეს ელემენტარული რამ, რომ ევროპის ისტორიაში არასდროს ყოფილა ამხელა სტაბილურობის, სიმშვიდის, მზარდი ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების პერიოდი, როგორც ეს მოხდა ევროკავშირის შექმნის მომენტიდან. ამ პროცესმა ევროპა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ მდიდარ, სოციალურად-კულტურად წარმატებულ რეგიონად აქცია. ამიტომ არის მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიგრანტების სანუკვარი დანიშნულების ადგილი.
იმ ხალხს, ვინც ევროკავშირზე სკეპტიკურად საუბრობს ან პრორუსულ პოზიციას აჟღერებს, ევროკავშირის ტიპის ქვეყანაში ურჩევნიათ ცხოვრება, ვიდრე ევრაზიული განვითარების ან სხვა განვითარების მოდელის ქვეყანაში. გულწრფელი არ მგონია ხალხი, რომელიც ევროკავშირის უვარგისობაზე საუბრობს. არც კი მინდა შევეხო იმ ცრუ ბრალდებებს, რომ ევროკავშირი ვინმეს ართმევს კულტურულ ტრადიციებს. პირიქით, ევროკავშირი უზარმაზარ თანხებს დებს კულტურული ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა NATO-ზე გავლენას იქონიებს?
NATO-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ძალიან მყარია და თუ თვითონ ალიანსში არ წარმოიქმნა რაიმე ისეთი პროცესი, რომელიც ევროკავშირს აიძულებს, საკუთარი თავდაცვის მექანიზმებზე უფრო მეტად იზრუნოს, ვერ ვხედავ პრობლემა რატომ უნდა შეიქმნას.
ამის შესახებ ევროკავშირში მეტი საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც, მათი აზრით, აშშ-ს ადმინისტრაცია ნაკლებად მეგობრულად ექცევა ევროკავშირის ქვეყნებს. ადმინისტრაციის საყვედური საკმაოდ სამართლიანია, რომ ევროკავშირის არაერთი ქვეყანა თავის ვალდებულებას სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით არასრულად ახორციელებს. აქ არ არის პრობლემა ევროკავშირსა და NATO-ს შორის ურთიერთობის, აქ უმთავრესად არის პრობლემა NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულებისა.
თუ დიდი ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან, შეთანხმებით ან მის გარეშე, ეს იქნება ბიძგი სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომ მათაც შეუძლიათ დატოვონ ალიანსი?
ძალიან დიდი ალბათობით, ამან შეიძლება, საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. როგორც მრავალი ეკონომისტი წინასწარმეტყველებს, ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაუჯდება სერიოზულ ეკონომიკურ ფასად. შეიძლება, კიდევ უფრო მეტად დააფიქროს ევროსკეპტიკოსები იმის შესახებ, ღირს თუ არა ეს ასეთ რადიკალურ ნაბიჯად. ის, რომ ევროკავშირს სჭირდება შიგნიდან რეფორმირება ამაზე არავინ დავობს.
კომენტარები