რადიო თავისუფლების როლი საქართველოში
დღეს, 19 იანვარს რადიო თავისუფლების ქართულმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. ჩამონათვალში მოხვდა ქართული ბიუროც.
რადიო თავისუფლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცების მისიით მაუწყებლობს. ქართულ მედიასივრცეში რადიო თავისუფლება იმ რამდენიმე მედიასაშუალებას შორისაა, რომელიც მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩევა. საქართველოში ამ მედიის როლს ერთნაირად ხედავენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ზამბახიძე ამბობს, ვაშინგტონში, პრაღასა და თბილისში მათი ბიუროს მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის. ის დარწმუნებულია, რომ კონგრესისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
"თუ ასე მოხდა და ეს ამ შემთხვევაში ჰიპოთეტური მსჯელობაა, ცხადია, სკეპტიციზმი გაძლიერდება და გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აშშ-ს ინტერესის შეუქცევადი შემცირება ხდება", — ამბობს ზამბახიძე.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ ხორბალაძე ამბობს, რომ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას, მიუკერძოებელი მედიის არსებობა მნიშვნელოვანია. ის ასეთ მედიასაშუალებებს შორის საქართველოში რადიო თავისუფლებას მოიაზრებს.
ხორბალაძე ამბობს, რომ დაფინანსებაზე უარის თქმა აშშ-ს მხრიდან პოლიტიკური მესიჯის თვალსაზრისით მნიშნველოვანი შეტყობინებაა. მისი თქმით, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ქვეყნებში, სადაც ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური ბიუროებია, დემოკრატიამ ისე გაიმარჯვა, რომ თავისუფალი მედიის დაფინანსებას აზრი არ აქვს.
"მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი შეიძლება იყოს, რომ აშშ-ს აღარ აქვს ინტერესი საქართველოში თავისუფალი აზრი არსებობდეს. სხვათა შორის, ეს ძალიან ცუდია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილო კავკასიის მიმართულებითაც", — ამბობს ხორბალაძე.
საქართველოში, სადაც ხშირად საუბრობენ მედიის პლურალიზმზე, სხვადასხვა პოლიტიკური თუ ბიზნესის ჯგუფთა გავლენებზე, კავშირებზე, რადიო თავისუფლების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი.
"მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიო თავისუფლების პროგრესს, ცვლილებებს, გააქტიურებას. იმედი მაქვს, ამ ინიციატივას მხარდამჭერები არ ეყოლება და რადიო თავისუფლება საქართველოში კვლავაც გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რასაც არაერთი წელია კეთილსინდისიერად ასრულებდა", — ამბობს ძველიშვილი.
რადიო თავისუფლების ბოლო პერიოდში გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტოლოგი, კორნელი კაკაჩია. მედიასაშუალების მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე დაბალანსებული მედია თითქმის არ არსებობს.
"სულ რამდენიმე ასეთი ონლაინ მედიაა და ერთ-ერთია რადიო თავისუფლება. მისი პლუსია ის, რომ ბალანსირებულ ინფორმაციას წლების განმავლობაში წარმოადგენდა... ბოლო პერიოდში გადავიდა სხვა, ახალ პროდუქტებზე, ახალი მაყურებელი და მსმენელი შეიძინა. ბუნებრივია, ამის [რადიო თავისუფლებას] არქონა გავლენას მოახდენს ანტიდასავლურ განწყობებზე", — აცხადებს კაკაჩია.
"ეს საკითხი საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს", — ამბობს პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი, ალექსანდრე ბარამიძე, და აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ საქართველოს სჭირდება მოკავშირე, როგორიცაა აშშ და მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დემოკრატიული ფასეულობების ერთგული მოკავშირე.
"დემოკრატიულ ფასეულობებს სჭირდება განმტკიცება და უკანასკნელ ხანებში, ამ მიმართულებით, საუკეთესო შემთხვევაში ადგილს ვტკეპნით, განვითარებით მაინც და მაინც ვერ ვვითარდებით. ასეთ კონტექსტში რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს დახურვა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი", — განმარტავს ის.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოს ელჩს აშშ-ში, დავით ბაქრაძეს შეუძლია, თავის შეხვედრებში, ვაშინგტონში ოფიციალურ წრეებთან პოზიცია გაახმოვანოს, "თუ მას ეს სურს და თუ პოლიტიკური ხელმძღვანელის მითითება ასეთი იქნება".
პარტია ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე ამბობს, რომ საკვანძო საკითხია საქართველოსთვის ამ მედიის შენარჩუნება. მისი თქმით, რადიო თავისუფლება ათწლეულებია მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებს.
"იმედია, როდესაც კონგრესში გაიმართება ამაზე მსჯელობა, მხედველობაში მიიღებენ მთელ რიგ გარემოებებს, მათ შორის იმას, რომ ჩვენთან არის მძიმე ვითარება — ოლიგარქი მართავს ქვეყანას, ის ცდილობს მედიასაშუალებებზე კონტროლი მოიპოვოს და ამ ვითარებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებით, კიდე უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს რადიო თავისუფლების შეუზღუდავი მაუწყებლობა", — აცხადებს კახიძე.
რადიო თავისუფლებაზე საუბრისას რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. ის მიიჩნევს, რომ მათი მხრიდან, ვისთვისაც დამოუკიდებელი მედიის არსებობა მნიშვნელოვანია, სწორი იქნებოდა ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება.
"ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ... იმ ფონზე, რომელიც ზოგადად გვაქვს ქვეყანაში, იგივე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირაა საუბარი, დამოუკიდებელ ტელევიზიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე ხელისუფლების მხრიდან და ჩვენთან მუდმივად გამოწვევის წინაშეა მასმედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მით უფრო მნიშვნელოვანია ამ სამსახურის შენარჩუნება", — აღნიშნავს სამადაშვილი
კომენტარები