რას საქმიანობდნენ არასამთავრობოები 2012 წლამდე — მათი პასუხი ხელისუფლებას
სატელევიზიო ინტერვიუებისა თუ საჯარო გამოსვლების დროს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად აკრიტიკებენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ. "ზედაპირული შეფასებები", "ნაციონალური მოძრაობის რუპორები", "უკადრებელის მკადრებელი" და ა.შ. იმ შეფასებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ხელისუფლება მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას იყენებს.
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შეფასებები ძირითად შემთხვევაში საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების მიმართ ისმის. სამივე ორგანიზაციის მაშინდელი წარმომადგენლები, ნინო ლომჯარია, კახა კოჟორიძე და ეკა გიგაური ამბობენ, რომ ორგანიზაციებს მუშაობის სტილი არ შეუცვლიათ და ისევე აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას, როგორც 2012 წლამდე, სანამ ქვეყანაში მმართველი პარტია შეიცვლებოდა.
7 ნოემბერს მოქალაქეების დარბევა, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე, ბუტა რობაქიძის საქმე, ბიძინა ივანიშვილის (2012 წელი) წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმება და მისთვის მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები, მაშინდელი ოპოზიციური ტელევიზიის ანტენების დაყადაღება და ა.შ. — ეს იმ გახმაურებული საქმეების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ.
მათი ლობირებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე (Must carry და Must offer) ყველა საკაბელო არხი კანონით ვალდებული გახდა საინფორმაციო გადაცემების მქონე ტელევიზიები ჩაესვათ თავის პაკეტებში. მათვე დაიწყეს კამპანია ეს შენ გეხება! და გააპროტესტეს სახელისუფლებო რგოლების მიერ უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ეს შენ გეხება! — კამპანია ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა სახელით: "ეს შენ გეხება — ისევ გვისმენენ".
ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ფიქრობენ, რომ დასავლური და დემოკრატიული ღირებულებების მქონე ორგანიზაციებზე თავდასხმის დროს ხელისუფლების აზრი და რუსული ნარატივი ერთმანეთის თანხვედრაშია.
ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნები
ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი თქმით, ყველა ხელისუფლება ცდილობს, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან გააიგივოს და ასე წარმოაჩინოს ისინი არაობიექტურად.
"ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ჩვენი კრიტიკა ხელისუფლებისთვის მისაღები არ იყო. ჩვენ ნაკლებად ვიყავით ჩართულები და სასურველები მათთვის, რომ რაღაც პროცესებში მიგვეღო მონაწილეობა... მახსოვს, რომ იყო მცდელობა ჩვენი დისკრედიტირების, მაგრამ ეს ხდებოდა დახურულ ფორმატებში... თუმცა, ასეთი ღია, საჯარო და ფაქტობრივად, დაუსრულებელი კრიტიკა იმ წლებში ნამდვილად არ მახსოვს", — ამბობს ნინო ლომჯარია, რომელიც სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2011-2015 წლებში მუშაობდა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დროს ხელისუფლების პასუხი კრიტიკაზე მაქსიმალური იგნორი იყო, მთავრობიდან და პარლამენტიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან იყო შესაძლებელი კომუნიკაცია.
"ზოგადად, საქართველოში არასამთავრობოების კრიტიკით შეიძლება თავად ხელისუფლება დარჩეს წაგებული იმიტომ, რომ კრიტიკა მათ საბოლოო ჯამში არ ასუსტებს, აძლიერებს და გარკვეული პროტესტიც ჩნდება საზოგადოების თვალში. საზოგადოება ხედავს და აფასებს, NGO-ების კრიტიკა ჯანსაღია, სწორია თუ არა", — დასძენს ლომჯარია.
კახა კოჟორიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საიას მაშინდელი ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი ახლა მმართველ პარტიაშია და პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებს. მან ამ საკითხზე სასაუბროდ დრო ვერ გამონახა. მის შემდეგ ამ თანამდებობაზე კახა კოჟორიძე მუშაობდა, რომელიც ამ ორგანიზაციაში 2007 წლიდან იყო დასაქმებული.
კოჟორიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში გადასვლის შემდეგ (და პირიქით) არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იცვლის ხოლმე დამოკიდებულებას, თუმცა, საია, რომელიც 90-იან წლებში დაარსდა, იმავე ღირებულებებით მუშაობს დღემდე. ის იხსენებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები დაარბია, საიამ მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მოხსნის მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა.
ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა, რომლსაც ქართული ოცნების წევრებიც ხელისუფლებაში მოსვლის კონტექსტში მუდმივად ახსენებენ, სანდრო გირგვლიანის საქმეა. საია ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. კოჟორიძე ამბობს, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება ისმოდა.
"როცა ვსაუბრობდით სასამართლოში არსებულ მწვავე პრობლემებზე, ამობდნენ, რომ ჭაობში ჩაფლულები ვიყავით... ეს ხელწერა იყო მაშინდელი ხელისუფლების და სამწუხაროა, რომ ეს გრძელდება ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. რაც იყო მაშინ, იგივე გრძელდება ახლაც", — ამბობს ის.
ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა
ეკა გიგაური წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) აღმასრულებელი დირექტორია. ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში მუშაობის სტილი არ შეუცვლიათ. იკვლევენ კორუფციის, სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხს, აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ა.შ.
გიგაურის თქმით, ორივე ხელისუფლება მათ ოპოზიციასთან აკავშირებდა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ელჩების დარწმუნებასაც ცდილობდა. ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლება დონორებს კულუარულად ელაპარაკებოდა, მოქმედი ხელისუფლება კი საჯაროდ ესხმის თავს და იგივე ქმედებებისკენ მოუწოდებენ აქტივისტებსაც.
"სოციალურ ქსელებში მათი აქტივისტებიც გვესხმიან თავს. როგორც ჩანს, ეს კამპანია დაგეგმილია ხოლმე. წინა ხელისუფლების დროს ასეთი რაღაც არ ყოფილა და თან დაფინანსებული კამპანიები", — ამბობს გიგაური.
მისი თქმით, ხელისუფლებამ, დისკრედიტაციის მიზნით, კვლევაც ჩაატარა, სახელმწიფო ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ "ნდობის" მაჩვენებლები შეადარა და საზოგადოებას გააცნო.
"მე თუ პიროვნულად ვინმეს არ მოვწონვარ, ეს არ ნიშნავს, რომ იმ მოქალაქეებს პრობლემა არ აქვთ... აბსოლუტურად გაუგებარი ლოგიკაა, მაგრამ თუ ისინი ამას ჩვენ წინააღმდეგ კამპანიის დასაწყებად გამოიყენებენ, უფრო ღრმა პრობლემა გვქონია", — დასძენს გიგაური.
კომენტარები