Apple-ის მომწოდებელი დრეკადი მინის შექმნაზე მუშაობს
კომპანია Corning ამჟამად Apple-სთვის მინების მთავარი მიმწოდებელია, რომელსაც ეფლი საკუთარ აიფონებში იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Corning ახლა დაკეცვადი მინის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მზად დაახლოებით ორ წელიწადში უნდა იყოს.
Corning-ის გენერალური მენეჯერი ჯონ ბეინი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი თხელი მინის შექმნა იყო, რომელიც ამავდროულად გამძლეც იქნებოდა.
2017 წელს Apple-მა კომპანია Corning-ში 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. Apple-ს მიერ შევსებული პატენტები კი მიანიშნებს, რომ კომპანია დასაკეცი ტელეფონების შექმნაზე უკვე ფიქრობს.
აღნიშნული სიახლე ემთხვევა Samsung-ის მიერ Galaxy Fold-ის, ხოლო Huawei-სგან Mate X-ის წარდგენას, ეს ამ კომპანიების მიერ გამოშვებული, დასაკეცი ეკრანის მქონე პირველი სმარტფონებია. თუმცა, ორივე ეს მოწყობილობა პლასტმასის ეკრანს იყენებს.
მიუხედავად ამისა, Mate X-ის ეკრანი მინისას საკმაოდ ჰგავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გამძლე იქნება ის ნაკაწრების მიმართ.
ბეინის თქმით კომპანიის მიზანი 0,1 მილიმეტრის სისქის მინის შექმნაა, რომლის ღუნვის რადიუსიც 3-5 მილიმეტრი იქნება. მსგავსი ეკრანი Apple-ს მისცემს საშუალებას, რომ 6-10 მილიმეტრის სისქის დასაკეცი მობილური შექმნას. მაგალითისთვის, iPhone XS-ის სისქე სულ რაღაც 7,7 მილიმეტრია.
"მინის გამოყენებისას ფიზიკის კანონებთან პირდაპირ გიწევს ბრძოლა, იმისათვის, რომ ეკრანს საკმარისად მცირე ღუნვის რადიუსი ჰქონდეს, ის თხელი უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად ის დავარდნასა და დაზიანებასაც უნდა უძლებდეს. ამჟამად სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ", - აცხადებს ბეინი.
კომპანია დრეკად მინას უკვე აწარმოებს, რომლის დაკეცვაც ქაღალდივით შეიძლება. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანია მინის წარმოებისთვის მარილის ხსნარს იყენებს, რომელიც შეხებისას ელექტრონული მოწყობილობების დაზიანებას იწვევს, ამიტომაც მობილურებში მისი გამოყენება ვერ ხერხდება.
თუ Corning დრეკადი მინის შექმნას მართლაც შეძლებს, შეიძლება ეს ზუსტად ის იყოს, რაც Apple-ს თხელი და მოხდენილი დასაკეცი მობილურების შექმნისთვის სჭირდება.
კომენტარები