Galaxy Fold - სამსუნგმა დასაკეცი სმარტფონი ოფიციალურად წარადგინა
ამჟამად სან-ფრანცისკოში სამსუნგის კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც კომპანიის უახლესი მოწყობილობების პრეზენტაცია ხდება.
რამდენიმე წუთის წინ კომპანიამ საზოგადოებას პირველი დასაკეცი სმარტფონი, Galaxy Fold წარუდგინა. დაკეცილ მდგომარეობაში სმარტფონის ეკრანის ზომა 4,6 ინჩია (840 x 1960), გაშლილ მდგომარეობაში კი ეკრანის ზომა 7,3 ინჩს (1536 x 2152) აღწევს.
სამსუნგმა აღნიშნული სმარტფონისთვის ახალი, სპეციფიკური დასაკეცი მექანიზმი შექმნა. მობილური ოთხ სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი. დასაკეცი სმარტფონი 7-ნანომეტრიანი პროცესორითა და 12 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებითაა აღჭურვილი.
მობილურის უკანა მხარეს სამი კამერაა - ერთ-ერთია 16-მეგაპიქსელიანი განსაკუთრებულად ფართო კუთხის კამერა, დანარჩენი ორი კი 12-მეგაპიქსელიანი, გამადიდებული ლინზისა და ფართო კუთხის მქონე კამერებია.
Galaxy Fold-ს ორი ელემენტი ექნება, რომლიდანაც მობილური ენერგიას ერთდროულად მიიღებს. ტელეფონს ერთდროულად სამი სხვადასხვა აპლიკაციის გაშვება შეუძლია.
სმარტფონის შეძენა 16 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, მისი საწყისი ფასი კი 1 980 დოლარი იქნება.
კომენტარები