პარტია გირჩმა ქართული ოცნების ხუთ დეპუტატს ვიდეორგოლი გაუგზავნა წარწერით "პოლიტიკოსების ჯგუფური სექსის". როგორც დავით მათიკაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ვიდეო პოლიციელების თანდასწრებით უყურა და აღწერის შესაბამისი შინაარსი არ ჰქონდა.

გირჩის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათიკაშვილის გარდა ვიდეორგოლი ვანო ზარდიაშვილს, არჩილ თალაკვაძეს, დიმიტრი ხუნდაძესა და სოფო კილაძეს გაუგზავნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ დეპუტატებისგან შესულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

"[პარლამენტარებმა] სამსახურებრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ... ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან", — აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.