მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
ოთხი შტატი ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის გამო Meta-სგან 1,4 ტრილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს
ფოტო: მაიკ ბლეიკი/Reuters
მიმდინარე წელს Meta-მ შტატების სასამართლოებში ორი დიდი მარცხი განიცადა და თითქმის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა იმ მოზარდებისთვის მიყენებული ზიანის გამო, რომლებიც ინსტაგრამს იყენებდნენ. სამშაბათს დაგეგმილმა ფედერალურმა სასამართლო პროცესმა, შესაძლოა, კომპანიის დამფუძნებელი, მარკ ზაკერბერგი, მოწმის ტრიბუნაზე აიყვანოს და კომპანიას გაცილებით მძიმე ფინანსური თუ იურიდიული შედეგები დააკისროს.
კალიფორნიის ქალაქ ოკლენდის სასამართლოში წარდგენილი საქმე კალიფორნიის, კოლორადოს, კენტუკისა და ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორებმა წარადგინეს. ისინი Meta-სგან 1,4 ტრილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ, რაც კომპანიის თითქმის მთლიანი ღირებულების ტოლფასია. ასევე, ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მისი პროდუქტების რედიზაინს მოითხოვენ.
სარჩელში ნათქვამია, რომ Meta-მ ფეისბუქისა და ინსტაგრამის აპლიკაციები ისე შექმნა, რომ მოზარდები მის სერვისებზე დამოკიდებულები გამხდარიყვნენ, ამავდროულად კი მშობლებისა და პოლიტიკოსების დასარწმუნებლად საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია დაიწყო, თითქოს მისი პროდუქტები ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო იყო.
"ეს უაღრესად მნიშვნელოვანია", — განაცხადა კლეი კალვერტმა, ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, American Enterprise Institute-ის (AEI) უფროსმა მკვლევარმა — "ეს არის მათთვის პასუხისგების დრო იმის გამო, როგორ აწვდიან კონტენტს არასრულწლოვნებს".
სასამართლო დოკუმენტებში Meta-მ შტატების ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საქმე სინამდვილეში მიყენებული ზიანის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს და სრულიად არაგონივრულ კომპენსაციას მოითხოვს.
"შტატების გენერალურმა პროკურორებმა ეს, შესაძლოა, ისტორიულ საქმედ შეაფასონ, მაგრამ მათი შეზღუდული პრეტენზიები დაუსაბუთებელია, ხოლო ფინანსური მოთხოვნები — მკვეთრად არაპროპორციული", — აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
მოსალოდნელია, რომ ჩვენებას მისცემს როგორც მარკ ზაკერბერგი, ასევე ინსტაგრამის ხელმძღვანელი, ადამ მოსერი.
საქმე, რომელიც ამ კვირაში კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის აშშ-ის საოლქო სასამართლოში უნდა დაიწყოს, სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ მშობლების, ბავშვების, სასკოლო ოლქებისა და შტატის მთავრობების მიერ ბოლო დროს წამოწყებული სარჩელების ზვავის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში მიმდინარეობს.
ეს სარჩელები ბავშვებზე სოციალური მედიის გავლენის შესახებ დიდი ხნის საზოგადოებრივ შეშფოთებას ეფუძნება. პროკურორები მათ 1990-იან წლებში თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ წამოწყებულ მასობრივ სარჩელებს ადარებენ, რამაც დიდი მორიგებები და სიგარეტის მწარმოებლებისთვის ახალი შეზღუდვები გამოიწვია. მანამდე კონგრესი და ფედერალური მარეგულირებლები ცდილობდნენ, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ცვლილებები ეიძულებინათ, მაგრამ კომპანიებმა ამას დიდად ყურადღება არ მიაქციეს.
Meta-ს 29 შტატი უჩივის, ოკლენდის საქმე კი მათგან მხოლოდ ოთხს წარმოადგენს. თუ კომპანია წააგებს, ჯარიმამ, შესაძლოა, მისი ფინანსები დააზიანოს, პროდუქტებში ცვლილებები აიძულოს და მომავალი საქმეებისთვის პრეცედენტიც შექმნას.
"აქ მიღებულმა შედეგმა, შესაძლოა, გენერალური პროკურორების დანარჩენ საქმეებზეც იქონიოს გავლენა", — აღნიშნა კალვერტმა.
გასულ თვეში, ინვესტორებისთვის მომზადებულ სიტყვაში, Meta-ს მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, სუზან ლიმ, კომპანიის სამართლებრივი გამოწვევების შესახებ გაფრთხილება გააჟღერა.
"ჩვენ კვლავ ვხედავთ ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებზე მკაცრ კონტროლს რამდენიმე ბაზარზე და წელს აშშ-ში ახალგაზრდებთან დაკავშირებული არაერთი სასამართლო პროცესი გვაქვს დაგეგმილი, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, მატერიალური ზარალი გამოიწვიოს", — განაცხადა მან.
ამ საქმეებმა, შესაძლოა, Meta-ს პროდუქტებში ცვლილებების შეტანაც აიძულოს. დიზაინში ცვლილებების შეტანა კომპანიას ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლემ დაავალა (რომელმაც ასევე განაცხადა, რომ Meta-მ 942 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა და კომპენსაცია უნდა გადაიხადოს). ცვლილებები სასკოლო საათებსა და გვიან ღამით ბავშვებისთვის push-შეტყობინებების გაგზავნის აკრძალვას მოიცავს.
დიზაინში ცვლილებების შეტანას ოკლენდის სარჩელშიც ითხოვენ: ასაკობრივი შეზღუდვების გამკაცრება, ბავშვების მონაცემებზე გაწვრთნილი ნებისმიერი AI ალგორითმის წაშლა და უსასრულო სქროლვის (infinite scroll) პრაქტიკის დასრულება, რომლის ფარგლებშიც მისი აპლიკაციების სოციალური არხები არასდროს მთავრდება.
ოკლენდის საქმეს მოსამართლე ივონ გონსალეს-როჯერსი იხილავს, იგივე მოსამართლე, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში OpenAI-ის წინააღმდეგ ილონ მასკის სარჩელს განიხილავდა. მას შემდეგ, რაც საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მასკმა სარჩელის შეტანის ვადა გაუშვა, მან პროცესი წააგო.
Meta-ს სასამართლო პროცესსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ისინი სარეკომენდაციო ხასიათის ვერდიქტს გამოიტანენ, რომელსაც გონსალეს-როჯერსი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინებს. მასკისა და OpenAI-ის საქმეზე მან მსაჯულთა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებმა უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს ახალი გამოწვევა შეუქმნა; კოლეგიებმა არაერთხელ მიიღო ისტორიულ გადაწყვეტილებები იმ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში, ზრდისა და გაძლიერების პარალელურად, სამართლებრივ ჯარიმებს მეტწილად თავს არიდებდა.
2023 წელს, სან-ფრანცისკოში ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Google-ის მობილური აპლიკაციების მაღაზია არალეგალურ მონოპოლიას წარმოადგენდა. გასულ წელს კი კალიფორნიის ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta-მ მენსტრუალური ციკლის აღმრიცხველი აპლიკაცია Flo-ს მომხმარებელი ქალებისგან მონაცემები უკანონოდ შეაგროვა. ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ ვერდიქტებს გაასაჩივრებდა.
Common Sense Media-ს დამფუძნებლის, ჯიმ სტაიერის, თქმით, ბოლოდროინდელი და მომავალი სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში დაგროვილ რისხვას ასახავს იმის გამო, როგორ მიმართავდნენ Meta და სხვა სოციალური მედიის კომპანიები საკუთარ მარკეტინგსა და ალგორითმებს ახალგაზრდებისკენ. ეს ორგანიზაცია ტექნოლოგიების პოტენციური ზიანისგან ბავშვების დაცვას ადვოკატირებს.
მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს კანონებისა და რეგულაციების დარღვევისთვის დროდადრო დიდი ჯარიმები ეკისრებოდა, განსაკუთრებით ევროკავშირში. თუმცა, უმეტესწილად, კომპანიები ამ თანხის გადახდასა და საქმიანობის გაგრძელებას ახერხებდა.
გენერალური პროკურორების მიერ მოთხოვნილმა უზარმაზარმა თანხებმა, მიმდინარე საქმეების დიდმა რაოდენობამ და პოტენციურმა მოსარჩელეებმა, შეიძლება კომპანიისთვის არასასურველი გადაწყვეტილებების ფინანსურ ჯარიმებთან გამკლავება უფრო გაართულოს.
"ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს ფინანსური ფასი საბოლოოდ უტოლდება ადამიანურ ფასს", — განაცხადა კაილ მორსმა, იმ არაკომერციული ორგანიზაციის, Tech Oversight Project-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, რომელიც ამტკიცებს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მეტისმეტად დიდი ძალაუფლება დააგროვეს.
საქმის განხილვა სამშაბათს, 18 აგვისტოს, იწყება და ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ექვს კვირას გასტანს.
კომენტარები